ღვინის ეტიკეტის მოკლე ისტორია
05:45:35     17-04-2012
ეტიკეტი მაშინ გაჩნდა, როცა ღვინის ტრანსპორტირება და ბოთლებში შენახვა დაიწყეს. მანამდე ღვინოს კასრებში ინახავდნენ, სუფრასთან კი გრაფინებითა და დეკანტერებით მიჰქონდათ, სადაც შიგთავსის სახელწოდებაც იყო მითითებული.
დეკანტერებისთვის ეტიკეტს ძვირფასი მასალისგან აკეთებდნენ – ვერცხლისგან, ტყავისგან და ემალისგან. ადრე ბოთლებზე გრავიურებსაც აკრავდნენ და ბეჭედსაც არტყამდნენ, პირველი ნამდვილი ეტიკეტი კი, როგორც ამბობენ, პირველი შამპანურის, დომ პერინიონის (Dom Perignon) ბოთლზე მიუკრავთ. ერთი სიტყვით, ქაღალდის იარლიყები მე-18 საუკუნეში შემოვიდა ხმარებაში. ჯერ მარტივი, ხელნაწერი იარლიყები, შემდეგ, ლითოგრაფიის გამოგონებასთან ერთად, შედარებით რთულებიც, თუმცა ბოლო დროის წინსვლები (მსოფლიო ბაზარი იგულისხმება, რა თქმა უნდა) მაინც ყველანაირ ზღვარს სცილდება.
დღევანდელი ეტიკეტის ფორმა მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ წარმოების ადგილი ჭურჭელზე პირველად XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მიაწერეს. ასეთი „უცნაურობა” კარგა ხანს რჩებოდა გამონაკლისად, 1820 წელს კი შამპანურის მწარმოებლებმა ის ნორმები შეიმუშავეს, რომლებიც დღესაც ამკობენ ბოთლებს. ძველ დროში ეტიკეტიანი სასმელი გაცილებით ძვირი ღირდა და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შამპანური ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა ღვინის ეტიკეტს, სიახლითაც და მრავალფეროვნებითაც. ამის გამოც იყო, რომ ასწლეულის მანძილზე (1920-იან წლებამდე) შამპანურის გაყიდვებმა წარმოუდგენლად იმატა. ეტიკეტი მუდამ იცვლიდა ფორმას: კვადრატული, ოვალური, მრგვალი, ტრაპეცია, ვაზის ფოთლის, ყურძნის მტევნის, გვირგვინის ფორმის… შავი ტონები ფერადით იცვლებოდა, თეთრი კი ოქროსფერით, დეკორი თითქმის ყოველწლიურად სხვაფერდებოდა, ვინიეტები, ორნამენტები, გირლანდები. ცხოველთა სიმბოლიკა – ვენეციური ლომები, არწივები, ჯიხვები. ანგელოზები, გრაციოზული სილფიდები, ვენერა და ბაკქი ქალები და, რაც მთავარია, პეიზაჟები თუ ცნობილი პერსონაჟები. ეტიკეტის ისტორია, ერთი მხრივ, ამა თუ იმ მხატვრის ინდივიდუალურ ნიჭზე იყო დამოკიდებული, მეორე მხრივ კი, გარკვეული საერთო კოდის შემუშავებაზე გახლდათ მიმართული. ღვინის ეტიკეტის ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როცა საქმეში ცნობილი მხატვრები ერევიან ხოლმე. მაგალითისთვის Château Mouton Rothschild-იც გამოდგება (საქმე ისაა, რომ როტშილდის შატოს ღვინისთვის მირო, პიკასო, კანდინსკი, შაგალი, ბალთუსი, ბრაკი, ბეკონი, უორჰოლი და მრავალი სხვა გენიალური ფერმწერი ხატავდა). მხატვრული მრავალფეროვნება დღესაც იგრძნობა, თუმცა „კლასიკაზე” თვალდაჩვეული ადამიანი მალე აღმოაჩენს ხოლმე სიყალბეს ეტიკეტის კითხვისას, ანდა პირიქით, დარწმუნდება, რომ ხელში ნამდვილი ღვინო ჩაუვარდა და არა სუროგატი. წლების განმავლობაში ღვინის სამყაროში მთავარ კანონად მაინც სისადავე იქცა. კარგ ღვინოს უბრალო, დახვეწილი იარლიყი უნდა ჰქონოდა, და ასეთი მოკრძალებული გარეგნობა თითქმის ხარისხის გარანტიად აღიქმებოდა. ბორდოს მკაცრი ეტიკეტები გრავიურით, ან საოჯახო გერბით შემკული ბურგუნდიული ეტალონად მიიჩნეოდა, რომელსაც ყველა ღვინის მწარმოებელი ითვალისწინებდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ღვინის ეტიკეტის კულტურა მკვეთრად შეიცვალა. იგი უფრო თანამედროვე გახდა, გაცილებით თავისუფალი და მათ შორის, შედევრებსაც შეხვდებით.