„მშვენიერი ანატოლ ფრანსი“ (დაბადების დღისადმი)

  05:23:30     17-04-2012

1844 წლის 16 აპრილს დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ანატოლ ფრანსი (Anatole France). მისი სრული სახელი და გვარია ანატოლ ფრანსუა ტიბო, (Anatole François Thibault), აქედანაა სახელი ანატოლ ფრანსი.

ანატოლ ფრანსის შესახებ ცნობილი ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი, ანდრე მორუა წერდა:

„ანატოლ ფრანსი სიცოცხლეში დიდი ხნის მანძილზე სარგებლობდა მსოფლიო აღიარებით. მაგრამ გარდაცვალების შემდგომ მწერალს ხშირად უსამართლოდ ექცეოდნენ. ფრანსის ჰუმანიზმი, მისი ირონია და ადამიანებისადმი სიბრალული მხოლოდ აღიზიანებდა გულქვა და გაცოფებულ თაობას. ჰარმონიით მისეული გატაცება არ აინტერესებდათ სტილისტებს. რომლებიც მხოლოდ დისონანსისკენ და ჩიქორთული სტრიქონისაკენ ისწრაფოდნენ. მაგრამ იგი ხომ ერთხანს მეამბოხეც იყო, ოღონდ, მისი სკეპტიკური ჭკუა იმ დროისათვის უკვე მოძველებული ჩანდა. ორი მსოფლიო ომის შუალედში ფრანსს სულ უფრო და უფრო ნაკლებად კითხულობდნენ. დღეს მას მრავალი მკითხველი ეტანება. იაფფასიან გამოცემებად გამოსული მისი ნაწარმოებები პუბლიკისაკენ პოულობს გზას...“

ანატოლ ფრანსის ნაწარმოებებით ყოველთვის გატაცებულნი იქნებიან. ის საქართველოშიც ძალიან უყვარდათ. გავიხსენოთ გალაკტიონის ლექსი“
 
წარწერა ანატოლ ფრანსის სურათზე
 
კარგი ოსტატი, შემოქმედი უმწვერვალესი,
ვინც სიტყვას მისცა ყინულის და ცეცხლის ხალისი, -
ენა ფრანგული ჰქმნა დიადი და სრულყოფილი,
უდარებელი, იშვიათი, კეთილშობილი.
მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი.
ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი!
მწარე დაცინვა, მოელვარე - როგორც მახვილი,
მათდამი ზიზღის უმწარესი გამომსახველი,
ვინც მარგალიტით და ოქროთი მოავარაყა
ბურჟუაზიის ბატონობის მთელი მარაქა.
ის იყო ციცხვი, წინაპარი მოვლენის დიდის,
რომელიც ახლა ახალი გზის ძიებით მიდის.
მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი -
ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი.

მომავალი მწერლის მამა, ნოელ ფრანსი ყოფილი უმცროსი ოფიცერი, წარმოშობით გლეხთა წრიდან იყო. 1830 წლის რევოლუციის მერე წიგნების მაღაზია გახსნა, პარალელურად საგამომცემლო საქმიანობასაც შეუდგა. დედა, ანტუანეტა ღვთისმოშიში, ჩუმი ქალბატონი გახლდათ, რომელიც აღმერთებდა თავის ერთადერთ შვილს. დედამ აზიარა კათოლიკურ რწმენას. სტანისლასის კოლეჯში მიიღო კლასიკური განათლება. განისწავლა ღვთისმეტყველებაში, თუმცა ეს არ უყვარდა და მთელი ცხოვრება აღნიშნავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას სკოლაში რელიგიის სწავლებისადმი.
 
წიგნის სამყაროში გაზრდილს ბავშვობიდან უყვარდა ლიტერატურა. კალამი უჭრიდა და წერდა. მისი თხზულებები პედაგოგებს მოსწონდათ და დედამ ურჩია მწერალი გამოსულიყო. რამდენჯერმე ჩაიჭრა გამოცდებზე. 1864 წელს, 20 წლის, ასაკში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ახალგაზრდობაში განიცადა დიდი სიყვარული. არა ერთი ლექსი უძღვნა თავისი ტრფობის ობიექტს, მსახიობ ქალს ელიზა დევუაიოს. მაგრამ, არ გაუმართლა.
 
1866 წლიდან მამამისმა ვეღარ შეძლო მუშაობა. ფრანსი მოეწყო ალფონს ლემერის გამომცემლობაში ბიბლიოგრაფად. დაუახლოვდა ლიტერატურულ წერს "პარნასს" და დაიწყო ჟურნალ "პარნასში" თანამშრომლობა. მალე "პარნასის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.
 
საფრანგეთის პრუსიასთან ომის დროს, რომელიც მიმდინარეობდა 1870-1871 წლებში, ცოტა ხნით არმიაშიც იმსახურა. ამ ომში საფრანგეთმა მარცხი განიცადა. ნაპოლეონ III ტყვედ ჩავარდა და მისი იმპერატორობაც დამთავრდა. დემობილიზების მერე ანატოლ ფრანსმა განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. რევოლუციური იდეები აშინებდა, სისხლისღვრისა და თანმდევი მოვლენების წინააღმდეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეამბოხე სულისკვეთება ჰქონდა, მაინც საკმაოდ კონსერვატიული ხასიათი ჩამოუყალიბდა. პარიზის კომუნა მისთვის მრისხანე ძალა იყო, რომელიც აშინებდა. 1872 წელს დაწერა პირველი რომანი "ჟან სერვიენის სურვილი", რომელშიც პარიზის კომუნა გააკრიტიკა.
 
თანდათანობით, მის შემოქმედებაში დიდ ადგილს იკავებს ირონია. "მიყვარს სიმართლე. მგონია, რომ კაცობრიობას ის სჭირდება; მაგრამ კიდევ უფრო მეტად საჭიროებს სიცრუეს, რომელიც მას ეპირფერება, ამშვიდებს და უსასრულოდ აიმედებს. სიცრუის გარეშე ის დაიღუპებოდა უიმედობით და მოწყენილობით" ("ცხოვრების ყვავილობა"). ამ პერიოდში პოეზიით გატაცებულმა ყველა ადრინდელი ნაწარმოები, რომელსაც ჟურნალ პარნასში აქვეყნებდა, შეკრიბა და გამოშვა სათაურით "ოქროს პოემები". ამავე პერიოდში აქვეყნებს ლორიულ დრამას "კორინთული ქორწინება".
 
1875 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა პარიზულ გაზეთთან Le Temps,  რომელმაც შეუკვეთა კრიტიკული წერილების სერია თანამედროვე მწერლებზე. მიჰყავდა რუბრიკა "ლიტერატურული ცხოვრება". სახელი გაითქვა როგორც შესანიშნავმა კრიტიკოსმა. მერე ამ წერილების ერთ წიგნად ("ლიტერატურული ცხოვრება") გამოცემის წინასიტყვაობაში კრიტიკოსის სუბიექტურობას ხაზი გაუსვა: "კარგი კრიტიკოსი წარმოგვიდგენს არა მხოლოდ წაკითხულს, არამედ თავისი სულის თავგადასავალს".
 
1876 წელს ანატოლ ფრანსი დანიშნეს სენატის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილედ, სადაც 14 წელი იმუშავა. 1877 წელს იქორწინა ვალერი ჰერენ დე სოვილზე, რომელთანაც 1881 წელს შეეძინა გოგონა, სახელად სუზანა. მისი სიყვარული ქალებისადმი და ქორწინებანი მაშინ არ დამთავრებულა.
 
1881 წელს გამოვიდა მისი რომანი "სილვესტრ ბონარის დანაშაული". რომანმა დიდი აღიარება და საფრანგეთის აკადემიის პრემია მოუტანა. ეს და მისი სხვა ნაწარმოებები, როგორც აღვნიშნეთ, ირონიითაა გაჟღენთილი, ახლავს სკეპტიციზმი, მაგრამ ჰუმანუზმითაა სავსე და ზღაპრისადმი დამახასიათებელი სტილითაა გადმოცემული.
 
1896 წელს აირჩიეს საფრანგეთის აკადემიის წევრად. 1898 წელს ანატოლ ფრანსი მხარს უჭერს ემილ ზოლას ე. წ. "დრეიფუსის საქმეში", მან ხელი მოაწერა ზოლა წერილს "ბრალს ვდებ". საფრანგეთის არმიის ებრაელ ოფიცერ დრეიფუსს ქვეყნის ღალატს აბრალებდნენ. ამ ამბების გამოძახილზე ანატოლ ფრანსმა შემოიტანა ტერმინი ქსენოფობია (უცხოს შიში). ანატოლ ფრანსმა უარი თქვა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრობაზე, როცა ის ჩამოართვეს ემილ ზოლას. კარგა ხანს უარსა ამბობდა აკადემიაში ყოფნაზეც.
 
გატაცებული იყო სოციალური სამართლიანობის იდეებით. ეს იდეები მის ნაწარმოებებშიც გადმოიცემოდა და ცხოვრებაშიც ცდილობდა გაეტარებინა. რევოლუციები არ მოსწონდა, მაგრამ, სამართლიანობას მიესწრაფვოდა. ამის გამო, პესიმიზმი მძლავრობდა მასში.
 
შემდგომი წლების ნაწარმოებები (როგორც წინა წლების) "პინგვინების კუნძული", "ღმერთებს სწყურიათ", "ანგელოზთა აჯანყება" მსოფლიოს ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებული წვლილია. ვისაც წაუკითხავს ეს რომანები, დაგვეთანხმება, რომ საოცრად ლამაზად, ცოტა სასაცილოდ და დამაჯერებლად, ძალიან ორიგინალურად არის გადმოცემული უცნაური და არაჩვეულებრივი ამბები. სწორედ ბრწყინვალე ლიტერატურული მიღწევების, დახვეწილი სტილისა და ჭეშმარიტად გალური ტემპერამენტით სავსე დიდი ჰუმანიზმისათვის" 1921 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა.
 
ანდრე მორუას უწერია:  "თავის ორ უკანასკნელ წიგნში - "პატარა პიერი" და "სიცოცხლე ყვავილებში" - ანატოლ ფრანსი ცდილობს აღწეროს "საკუთარი თავი, ოღონდ არა ისეთად, როგორიც იყო, არამედ ისეთად, სიბერისა და სიკვდილის წინაშე რომ ყალიბდება თანდათან". 1824 წლის 24 მაისს მის საპატივცემულოდ ფრანგებმა დიდი ზეიმი გამართეს.
 
დიდი ფრანგი მწერალი ანატოლ ფრანსი  გარდაიცვალა 1924 წლის 12 ოქტომბერს.