
ბრეივიკი სასამართლოს ნაცისტური ჟესტით მიესალმა (ვიდეო)
13:23:57     16-04-2012
უკვე თითქმის 2 საათია, რაც ოსლოში დაიწყო ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს შენობასთან და თავად შენობაში უსაფრთხოების სპეციალური ზომებია მიღებული. გადაკეტილია სასამართლოსთან მისასვლელი ქუჩები. შენობაში შესვლა მხოლოდ საშვებითაა შესაძლებელია. სხდომაზე მიწვეული ადამიანები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები სასამართლოს შენობაში პირველ სართულზე განთავსებული სპეციალური ოთახიდან აჰყავთ.
თავად ბრეივიკი ტყვიაგაუმტარ კაბინაშია მოთავსებული, რამდენადაც მან არაერთხელ განაცხადა, რომ მოკვლით ემუქრებიან.
სხდომათა დარბაზში, რომელიც ამ პროცესისითვის სპეციალურად გაარემონტეს, იმყოფებიან ბრეივიკის მსხვერპლთა ნათესავები, თავად დაზარალებულები და ჟურნალისტები. დანარჩენები კი სხდომას თვალს ადევნებენ ქვეყნის 17 სასამართლოს შენობაში მოწყობილი სპეციალური დარბაზებიდან, სადაც სხდომის ტრანსლირება ხდება. ბრეივიკის სასამართლო პროცესი ნორვეგიას თითქმის 16 მილიონი დოლარი უჯდება.
ნორვეგიის ისტორიაში პირველად, გადაწყდა, რომ სასამართლოს სხდომა პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული. ყველა სიტყვა და გამოსვლა ტელევიზიით იქნება ნაჩვენები, თუმცა ეს არ ეხება თავად ბრეივიკის ჩვენებას, რადგან ნორვეგიის ხელისუფლება შიშობს, რომ ტერორისტი განსასჯელის სკამიდან თავისი შეხედულებების პროპაგანდირებას მოახდენს.
სხდომას პირდაპირ ეთერში ნორვეგიული სამაუწყებლო კომპანია NRK გადასცემს, ვიდეოტრანსლაციის ყურება კი ინტერნეტ-საიტ Sky News-ზეა შესაძლებელი. როგორც Sky News აღნიშნავს, ბრეივიკი სასამართლოს ნაცისტური ჟესტით მიესალმა. ხოლო როგორც კი სიტყვა მისცეს, მან განაცხადა, რომ არ სცნობს ნორვეგიულ სასამართლოს, რამდენადაც ქვეყნის ხელისუფლება მულტიკულტურალიზმის იდეას უჭერს მხარს. ამასთან, ბრეივიკმა განაცხადა, რომ თავს „სამხედრო მეთაურად“ მიიჩნევს და ამდენად, მოითხოვა, მისი საქმე სამხედრო ტრიბუნალმა განიხილოს და არა ჩვეულებრივმა სასამართლომ.
ცნობილია, რომ სასამართლოს სხდომისთვის ბრეივიკმა 20-გვერდიანი მოხსენება მოამზადა. ამისთვის მას ციხეში სპეციალურად კომპიუტერიც გამოუყვეს. თუმცაღა, მოსამართლემ უკვე განაცხადა, რომ ტერორისტს არ მისცემენ თავისი „მანიფესტის“ წაკითხვის საშუალებას, რადგან წინასწარვე ცნობილია, რომ ბრეივიკი აპირებს, დარბაზში მყოფი დაზარალებული ადამიანების წინაშე თავი დაიცვას იმ მოტივით, რომ მის მიერ განხორციელებული მკვლელობების სერია, თითქოსდა, თავდაცვა იყო და ჩადენილი მკვლელობებით, სურდა, ნორვეგიისა და ევროპის ყურადღება მუსულმანი მიგრანტების მოძალებისთვის მიეპყრო. ის არც მონანიებას აპირებს და ამბობს, რომ საშუალება რომ ჰქონდეს იგივეს კვლავაც ჩაიდენდა და უფრო მეტ ადამიანს მოკლავდა. პირველი შთაბეჭდილება, რაც უკვე სხდომის მონაწილეებს შეექმნათ, არის ის, რომ ბრეივიკს თავი მანიაკალურად მშვიდად უჭირავს.
ცნობილია ისიც, რომ სასამართლოზე უნდა გამოვიდეს ბრეივიკის დედაც., სავარაუდოდ, მან შვილის წინააღმდეგ უნდა მისცეს ჩვენება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დედამ შეცვალოს გადაწყვეტილება და საერთოდ უარი თქვას ჩვენების მიცემაზე, რისი უფლებაც, მას აქვს. როგორც ბრეივიკმა განაცხადა, დედა მისი „სუსტი წერტილი“ და „აქილევსის ქუსლია“ და მისი სასამართლოზე დასწრება და სიტყვით გამოსვლა მასზე „უარყოფითად“ იმოქმედებს.
ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას შერაცხადად ჩათვლის. როგორც ცნობილია, არსებობს ორი ფსიქიატრიული დასკვნა - ერთის მიხედვით, ბრეივიკი შეურაცხადია და სერიოზული პარანოიულ-შიზოფრენული ილუზიები აწუხებს, მეორეს თანახმად კი მას არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტშიც სრულებით ადექვატური იყო. სწორედ სასამართლომ უნდა მიიღოს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება. თუ ტერორისტს შეურაცხადაც ჩათვლიან, მას განუსაზღვრელი ვადით იძულებითი მკურნალობა ემუქრება, რაზეც ბრეივიკმა უკვე განაცხადა, რომ „პოლიტიკური აქტივისტის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნა უფრო სადისტური გადაწყვეტილებაა, ვიდრე მისი მოკვლა“.
ნორვეგიელმა ტერორისტმა გასული წლის 22 ივლისს „ნორვეგიის 11 სექტემბერი“ მოაწყო. ამ დღეს ანდერს ბრეივიკმა ოსლოს ცენტრში ბომბი ააფეთქა და 8 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც, ქალაქიდან 100 კილომეტრში, კუნძულ უტოიაზე გადაინაცვლა და ერთი საათის განმავლობაში დახოცა ახალგაზრდები, რომლებიც ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ. შედეგად 69 ადამიანი გარდაიცვალა, დაახლოებით 250 კი მძიმე ჭრილობები მიიღო.
ბრეივიკის მსხვერპლი გახდა ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანიც, რომლის მშობლებიც, ასევე დაესწრებიან ოსლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.