პიონტკოვსკი: რუსულ პოლიციას ქართული რეფორმა სჭირდება…

  13:37:59     14-04-2012

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელმწიფო დუმაში გამოსვლის შემდეგ, მოსკოვში განხილვის საგნად პოლიციის რეფორმა და ამ მხრივ ქართული გამოცდილება იქცა.

როგორც ცნობილია, დუმაში, რაშიდ ნურგალიევი მის სისტემაში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გამო ჰყავდათ მიწვეული. რუსული პოლიციის რეფორმირებაზე საუბრისას, ბევრს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ნურგალიევი ბევრ საკითხში ქართული რეფორმის კოპირებას აპირებს.

პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი წერს: საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნურგალიევი იძულებული გახდა თავის მოხსენებაში შეეტანა ქართული რეფორმის ელემენტები:

„საქართველოში პოლიციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო რთული სიტუაცია იყო. მაგრამ ერთ დღეს ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა მილიციის მთელი შემადგენლობა და შეკრიბა სრულიად ახალი, ახალგზარდა ადამიანები. ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ჩადის საქართველოში და ყველა, როცა ბრუნდებიან, აღფრთოვანებულები არიან იქ გატარებული პოლიციის რეფორმით.  შეიძლება ვიდაოთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე, მაგრამ პოლიციის რეფორმა გამოუვიდათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იგივე ნურგალიევი იძულებული იყო თავის მოხსენებაში ქართული რეფორმის ელემენტები შეეტანა - გამჭვირვალე განყოფილებები და შიგნით ვიდეოკამერები“- განაცხადა პიონტკოვსკიმ.

პოლიტოლოგის აზრით, რუსეთში ვითარება ახლა ისეთია, როცა პოლიციაში ერთადერთი - მხოლოდ ქართული რეფორმაა საჭირო და ეს ხელისუფლებასაც კარგად ესმის. თუმცაღა, პიონტკოვსკი თვლის, რომ „ქართული ვარიანტი პუტინის ხელმძღვანელობით შეუძლებელია“.

პოლიციის რეფორმის ქართულ გამოცდილებაზე სოციალურ ქსელებშიც ძალიან ბევრს საუბრობენ. ატარებენ გამოკითხვებს, - მოსწონს თუ არა ეს ხალხს და თხოვნით მიმართავენ საქართველოს მოქალაქეებს, ნუ მიიღებენ გამოკითხვაში მონაწილეობას, რადგან „თქვენი პოლიციის რეფორმის შესახებ გვსმენია და და გვშურს“ - წერს გამოკითხვის ინიციატორი.