ო, ენავ ჩემო...

  09:48:40     14-04-2012

14 აპრილი დედა ენის დღეა... 1978 წლის 14 აპრილს ქართულმა საზოგადოებამ დაიცვა ქართული ენის უფლებები.

იმ წელს სსრკ-ს ახალი კონსტიტუციის პროექტი მზადდებოდა, რუსებს უნდოდათ, მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენებს გაუქმებოდათ სტატუსი, და მხოლოდ რუსული ენა დარჩენილიყო ერთადერთ სახელმწიფო ენად მთელს საბჭოთა იმპერიაში.
 
ქართველები პროტესტის ნიშნად გამოვიდნენ ქუჩაში. ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა „პროლეტარიატის დიქტატურის“ ხანაში...

იმპერიამ დათმო...

ქართულმა საზოგადოებამ მოიპოვა დიდი გამარჯვება... მთელი სსრკ-ს ხალხების ენები გადარჩა კონსტიტუციური სტატუსის დაკარგვას. ეს მოახერხეს ქართველებმა...

სულ უბრალო ადამიანები, სულ უბრალო მოქალაქეები, სტუდენტები, უფროსკლასელები, მუშები, მოსამსახურეები, პედაგოგები, უცბად გმირებად იქცნენ...

თავიდან ბევრი დაშინებული იყო, მაგრამ რაინდები მაინც გამოჩნდნენ სულ უბრალო ადამიანტა რიგებში...

ყველას გახსენება შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთი, რომელთა შესახებაც გვაქვს მონაცემები, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ:

„საინტერესო სურათს იძლევა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე გაგზავნილი პარტიის რაიონული კომიტეტების და აღმასკომების ინფორმაციები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ ეხება 75-ე მუხლში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონების საკითხს. მთლიანობაში, პროექტის შესახებ ათასობით ადამიანმა გამოთქვა წინადადება, შენიშვნა და სურვილი, მაგრამ სულ რამდენიმე კაცი ეხებოდა ქართული ენის საკითხს და მიიჩნევდა, რომ კონსტიტუციაში უნდა დაფიქსირებულიყო ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი. მათი რიცხვი საარქივო დოკუმენტებით მცირერიცხოვანია:

აბაშის პირველი სკოლის დირექტორი გ. ქოიავა,

აბაშის მეორე საშუალო სკოლის პედაგოგი ი. ბოკუჩავა,

გორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი ი. ნაცვლიშვილი,

თეთრიწყაროს ასურეთის სკოლის მასწავლებელი დ. ბექაური,

ონის პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორი ნ. მინაძე,

მარტვილის (მაშინდელი გეგეჩკორის) ნაჯავახოს 8-წლიანი სკოლის მასწავლებელი მ. გვალია,

ფოთის პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორი ი. ნარსია,

ახმეტის ბიოქიმიური ქარხნის ინჟინერი მ. მეტრეველი“.

მონაცემები აღებულია იგორ კვესელავას წიგნიდან „საქართველოს ისტორიის ქრონიკები (1970-1990)“, I, გვ. 116-117).

იყო კიდევ რამდენიმე ცნობილი მოღვაწე, ვინც დედა ენას იცავდა. ზოგიერთი კი ამ დროს უკვე ციხეში იჯდა დისიდენტობისათვის.

დღეს, ბევრი მათგანი, ვინც იმ დღეს თბილისის ქუჩებში გამოვიდა დედა ენის დაცვისათვის, ან გარისკა და პარტიულ კრებაზე ხმა ამოიღო კონსტიტუციის ახალი პროექტის აღნიშნული მუხლის წინააღმდეგ, ცოცხალი აღარაა - ღმერთმა აცხონოს მათი სულები...

ვინც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ქართული ენის ნამდვილ დიდებას მოასწროს!

მათ და მთელ ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სათაყვანებელ დედა ენას ეძღვნება დღევანდელი პუბლიკაცია და ირაკლი აბაშიძის შესანიშნავი ლექსი.

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ლაზარეს შაბათიდან 14 აპრილამდე (თუ ლაზარეს შაბათი წინ უსწრებს 14 აპრილს, ქართული ენის დღეები უნდა იყოს. და ამ მიზნით ქართულ ენას მივუძღვენით რამდენიმე პუბლიკაცია. დღეს ჩვენს მკითხველს უნდა გავახსენოთ ირაკლი აბაშიძის შესანიშნავი ლექსი „ხმა კატამონთან“, ქართული ენის ერთ-ერთი ჰიმნი თუ საგალობელი.

ხმა კატამონთან

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან...