ბასილი ეზოსმოძღვარი იოანე შავთელისა და ევლოგი სალოსის შესახებ
09:47:46     14-04-2012
1 (ახალი სტილით 14) აპრილს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდანების, იოანე შავთელისა და ევლოგი სალოსის ხსენების დღეს.
იოანე შავთელი ძალიან ცნობილი პოეტი და სასულიერო მოღვაწე გახლდათ. მას რუსთველი ახსენებს "ვეფხისტყაოსანში" - "ლექსი რომ უქესო", ქართლის ცხოვრებაში დახასიათებულია, როგორც "ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“.
იოანე შავთელი, მოღვაწეობდა XII-XIII საუკუნეებში. დაახლოებული იყო თამარ მეფესთან და ახლდა მას ბასიანის ბრძოლის დროს ვარძიასა და ოძრხეში, როდესაც ჩვენმა დიდმა დედოფალმა და მეფემ დალოცა ქართული ჯარი და გააგზავნა სამშობლოს დასაცავად, რუქნადინის მიერ მთელს აღმოსავლეთში მოგროვებული 400 000 მეომრის წინააღმდეგ, თვითონ კი მეფე წმინდა ადამიანებთან ერთად სალოცავად დადგა ოძრხეში. როგორც მოგვითხრობს „ქართლიც ცხოვრება“, ერთ-ერთი წირვის დროს წმინდა კაცი, წინასწარმცნობელობის ნიჭით მიმადლებული ევლოგი სალოსი, რომელიც თან ახლდათ თამარ მეფეს, კათალიკოსს თევდორე II-ს (1188-1204) და სხვა ღირს მამებს, სამგზის დაეცა მიწაზე, ხელები აღაპყრი და შეჰღაღადა:
„აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“.
იქ მყოფნი მიხვდნენ, რომ რაღაც ჩვენება იხილა სალოსმა. გახარებულმა იოანე შავთელმა თამარს უთხრა:
„უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“
მერე, როცა გამარჯვებული ქართული არმია დაბრუნდა ბასიანიდან, შეადარეს და ევლოგი სალოსის გამოცხადების დრო მართლაც დაემთხვა ბასიანში ქართველთა ჯარის მიერ ბრძოლაში გარდატეხის შეტანის დროს, როდესაც სულთნის ლაშქარი გასაქცევად გაემზადა.
როგორც ჩანს, იოანე შავთელმა ბასიანში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”.
იოანე შავთელი არის ასევე ავტორი "აბდულ-მესიანის" სახელით ცნობილი ნაწარმოებისა, უნდა იყოს სხვა თხზულებების ავტორიც. იგი წმინდანად არის შერაცხილი ქართული ეკლესიის მიერ.
ქართველი ხალხის საამაყო შვილების, იოანე შავთელისა და ევლოგი სალოსის ხსენების დღეს ვულოცავთ ჩვენს მკითხველს და ვთავაზობთ გავიხსენოს ნაწყვეტი ბასილი ეზოსმოძღვარის თხზულებიდან „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“, სადაც მოთხრობილია მათზე და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებაზე.
ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი
(ნაწყვეტი)
მეფე თამარ მოიქცა სამცხეს, და მოვიდა ოძრჴეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოსი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი,
რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი, და ევლოგი ქრისტესთჳს სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა.
იყვნეს მიმდემნი ღამისთვანი და ლიტანიობანი.
აწ ჯერ არს მოჴსენებად, ვითარ იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თჳსსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნით ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა.
ხოლო ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი დაბანაკებული ადგილსა ბოლოციხედ წოდებულსა და იახლნეს რა ბანაკსა სულტანისასა, არა იყო რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდაგებისა მათისა, მინდორი იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.
ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა.
მუნ დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ახალციხელნი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი. და ერთ-კერძო აფსაზნი და იმერნი, და ერთ-კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ხოლო ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი. მათი, და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსლვად, არამედ გარემოიცვნეს.
და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და განგრძელდა მყოვარ-ჟამ.
და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხუნი, ხოლო, უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს, და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს მსახურთ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვას და ივანეს, და სხვათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი, და ქუეითად დარჩეს რაზმსა შიხა მჴნენი იგი ქართველნი.
მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თჳს-თჳსნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად, ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნსა.
და ვითარ იხილა დავით მჴნემან, მორიდა ერთ-კერძ, და მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნენ ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთა-კერძ მსწრაფლ მიეტევნეს ერთკერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, და ვითარ მგელნი ცხვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტანისათა.
და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალობა აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან.
და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა.
იძლია და დაიპანტა და ამას გუანდა თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და განქცეულ, და სადათცა თუალი მისწუთებოდა. ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად.
ხოლო ჯერ არს ამისიცა მოჴსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა იყვნეს. რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი ლაშქართა გამარჯუებისათჳს, დღესა ერთსა აღესრულა რა საღმრთო ჟამის-წირვა ზემოჴსენებულისა ევლოგის მიერ, განკჳრვება დაეცა ევლოგის, და იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად, და იწყო აღმართ ხედვად. და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ჴმა ყო ევლოგი ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა. და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა ჴელნი:
„აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ჴელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინის განუტევეთ, რათა ვიდოდის მშჳდობით".
ცნეს ყოველთა რამეთუ წინასწარმეტყუელელბით იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თჳსი, თჳნიერ იოანე შავთელსა. რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი საძლეველად ჴელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.
რამეთუ მისცნა ღმერთმან ჴელთა მათთა, და იხილვებოდა საქმე საკჳრველი, რამეთუ თჳთ იყვნეს მსახურ თჳსისა შეკრვისა, რომელნი განერნეს პირსა მახჳლისასა. უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თჳსსა, და უწარჩინებულეს მათი, მოიყვანებოდა გამობმული ძუასა ცხენისასა, და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა შეიკროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა, ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი.
გამოიძივნეს ყოველნი ადგილნი, და გაქცეულთა ჴოცდეს, ხოლო ნეშტთა ვითარცა მართუეთა ქათამთასა მოჰკრეფდეს და გაუშუებდეს აურაცხელსა სიმრავლესა. რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ხელით მიხუდებოდა წარმომყვანელად.
ესრეთ აღესრულა წინასწარმეტყუელება ევლოგისი. მასვე ჟამსა შინა ქმნითა. რომელსა შინა იხილა ჩუენება იგი.
ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისთა.