რუსეთის ხელისუფლება და პატრიარქ კირილის ირგვლივ აგორებული სკანდალები...

  17:40:58     13-04-2012

უკანასკნელი თვეების მანძილზე, რუსეთის პატრიარქ კირილის ირგვლივ არსებული სხვადასხვა სკანდალი, მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევს რუსულ საზოგადოებაში. როგორც დასავლური პრესა წერს, ამან შესაძლოა კირილის 12-წლიან „კარიერას“ წერტილი დაუსვას.

3 აპრილს გამართულ სინოდის კრებაზე, პატრიარქმა კირილმა ვერ შეძლო თავის შეკავება და მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე კომენტარი გააკეთა: „მე საინფორმაციო შეტევის მსხვერპლი გავხდი. ჩვენ საქმე გვაქვს საინფორმაციო შეტევასთან ეკლესიის წინააღმდეგ.“ მისი თქმით, არსებული სიტუაცია მას აგონებს ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ ვითარებას.

2000 წლის დასაწყისში, ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. გაყალბებულ არჩევნებს ტერორისტული აქტების სერია მოჰყვა, რომელთა ავტორებიც ჩეჩენები იყვნენ. ასეთ სიტუაციაში, საკუთარი ლეგიტიმურობის დამტკიცების ფარგლებში, პრეზიდენტი ეკლესიას შეეკედლა და ამ გზით განაგრძო სვლა.

პატრიარქი ალექსი კი მიუხედავდ იმისა, რომ კონსტიტუცია მკაცრად მიჯნავს ერთმანეთისგან ხელისუფლებასა და ეკლესიას, დათანხმდა აღნიშნულ თამაშს ორი მიზეზით: მას ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული მიწებისა და სასახლეების დაბრუნება სურდა და უნდოდა ის ფინანსები მიეღო, რასაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობა აღუთქვამდა.

პატრიარქი ალექსი მეორე 2005 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. პუტინის მხარდაჭერის საფუძველზე კი, ახალმა პატრიარქმა კირილმა წინამორბედის გზით სვლა განაგრძო.

ახალი პატრიარქი ამბიციური პიროვნება აღმოჩნდა. მან ხელისუფლების თანასწორი მმართველობა შექმნა, რომელსაც გვერდს ძლივს უვლიდა თავად პუტინიც კი. ეკლესიის წინააღმდეგ არსებული ნებისმიერი პროტესტი მკაცრად აღიკვეთებოდა. ამასთანავე, იგი საზოგადოებას ქრისტიანობის მიღებისკენ მოუწოდებდა და გადაწყვიტა სკოლებში რელიგია სავალდებულო საგნად ქცეულიყო. ყველაფერთან ერთად, იგი გამოდიოდა სექსუალური უმცირესობისა თუ აბორტების წინააღმდეგ.

2010 წლის 17 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის ეკლესიის რიგით მეორე პირმა ჩაპლინმა აღნიშნა: „დღეს ხელისუფლებამ ხალხს და არა ელიტას უნდა მოუსმინოს. ელიტას დაახლოებით ნახევარი წელიწადი კვლავ აქვს მშვიდად წასასვლელად და მე მათ ამის გაკეთებას ვურჩევ.“ კრემლის პასუხი რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი: პასუხი ყველას ახსენებდა, რომ ხელისუფლება და ეკლესია დამოუკიდებლად არსებობდნენ და სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.

თუმცა, 2011 წლის 5 დეკემბერს, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ჩაპლინმა კვლავ გააკეთა კომენტარი: „ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებელია პროტესტი სწორად იქნეს ფორმირებული და გამოხატული და მათ შედეგად, სიტუაცია პოლიტიკურ კორექციამდე მიიყვანონ. ხელისუფლებამ ამ ყოველივეს უნდა მოუსმინოს და პოლიტიკური კურსის ცვლილება უნდა მოახდინოს“. ეს განცხადება მიღებულ იქნა, როგორც დემონსტრანტებისა და ოპოზიციის მხარდაჭერა. რამდენიმე დღის შემდეგ, მამა ჩაპლინმა აქცენტის გადატანა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს აუცილებლად ვლადიმირ პუტინს დაუჭერდა.

სწორედ ასეთ დაძაბულ ვითარებაში აღმოცენდა სამი სკანდალი. 21 თებერვალს მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში როკმუსიკოსები შევიდნენ, რომელთაც სახე დაფარული ჰქონდათ და ღვთისმშობელს სიმღერით სთხოვეს რუსეთი პუტინისგან გაენთავისუფლებინა. ამ სცენის გადაღება ჟურნალისტებმა მოახერხეს.

სასულიერო პირების რეაქცია კი ძალიან მკაცრი იყო. მათ ყოველივე ხულიგნობად და მკრეხელობად შერაცხეს და მონაწილეების წინააღმდეგ დამსჯელი ღონისძიებების მიღება მოითხოვეს.

შემდეგ კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. „როიტერმა“ დაწერა სტატია პატრიარქ კირილის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელის ბიძაშვილმა, რომელიც კირილთან ერთად 144 მეტრ კვადრატში, მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს, მეზობელს, აკადემიკოს იური შევჩენკოს რემონტის შედეგად, მათთვის ზარალის მიყენებისთვის უჩივლა. შედეგად კი სასამართლომ შევჩენკოს 20 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საბოლოოდ, ახალი სკანდალი აგორდა კირილის საათთან დაკავშირებით. გასულ წელს კიევში ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტებმა კირილის ხელზე თეთრი ოქროს 30 ათასი ევროს ღირებულების Braguet შეამჩნიეს. ამ ამბის მიჩქმალვა მალევე მოახერხეს, მაგრამ სახლთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის ფარგლებში, კირილმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნული საათი აჩუქეს, რეალურად კი იგი საათს საერთოდ არ ატარებს და გავრცელებული ფოტომასალა უბრალოდ მონტაჟი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ კი, პრესამ სხვა სურათების პოვნაც მოახერხა, სადაც კირილი სწორედ იმავე საათით იყო გამოსახული...