პეტრე ცისკარიშვილი: მოსკოვს საქართველოში მიმდინარე ცვლილებების ეშინია

  15:48:13     13-04-2012

რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს - საქართველოში გამომგზავრებისგან თავი შეიკავონ. მათი მტკიცებით, „ქართული სპეცსამსახურები მათთან ჩასულ რუსეთის მოქალაქეებს უთვალთვალებენ და იჭერენ“. რუსეთის ამ პროკოვაციულ მიმართვას - შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. ქართული მხარის, განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების ეს მცდელობა - უშედეგო აღმოჩნდება. ოფიციალური თბილისის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ ჭაობშია, კრემლს ეშინია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში  მიმდინარე ცვლილებები და პროგრესი არ ნახონ.

როგორც პრესა.ჯი-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს, რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით, სრული ეკონომიკური და სამხედრო მშვიდობა აქვს გამოცხადებული, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი ისევ აგრძელებს ოკუპაციას და ქართულ პროდუქციასა და ექსპორტს შეზღუდვებს უწესებს.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს კეთილგანწყობის საწინააღმდეგოდ, რუსეთის საგარეო უწყებამ ის მოიფიქრა, თითქოს, საქართველო საფრთხის შემცველი  ქვეყანაა.

„ჩვენი კეთილგანწყობის საპასუხოდ, რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინათ? - ამბობენ, რომ თითქოს, საქართველოში სტუმრობა საფრთხის მატარებელია. არადა, მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, თბილისი ევროპაში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია. რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. დღესდღეობით, საქართველოში, ათასეულობით რუსეთის მოქალაქე შემოდის, რომლებიც საქართველოს საავიაციო საზღვარსა და ლარსის საგუშგოს კვეთენ, მაგრამ არცერთ მათგანს პრობლემა არ შექმნია“, - აცხადებს კანონმდებელი.

ცისკარიშვილის შეფასებით, რუსეთი ცდილობს, რომ ერთის მხრივ, საქართველო საფრთხის შემცველ ქვეყნად წარმოაჩინოს და მეორეს მხრივ, თავიანთი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას ხელი რაღაცნაირად შეუშალოს.

„რუსეთის ხელისუფლება, საქართველოში მიმდინარე რეფორმების განვითარებას ხედავს როგორც, დემოკრატიული თვალსაზრისით, ასევე, ტურისტლ-ინფრაქსტრუქტული პროექტების კუთხით. ისინი ხედავენ, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის და თავის მოქალაქეებს, ამ ყველაფრის შედარება თავანთ  ქვეყანასთან შეუძლიათ, რისიც მოსკოვს ეშინია. კრემლს არ უნდა, რომ მოქალაქეებს დაანახონ - მეზობელ სახელმწიფოში, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, ცვლილებები და პროგრესი წინ რა სწრაფად მიწევს, იმ ფონზე, როდესაც, რუსეთი ჯერ კიდევ ჭაობშია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა.

უწყების შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, რუსეთიდან საქართველოში სტუმრობის მოსურნეთა რიცხვის მკვეთრი მატება გამოიწვია.

„რუსეთის ხელისუფლება აშკარად დაიბნა და ჯერ აბსურდული მიზეზებით აარიდა თავი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, ხოლო შემდეგ უკვე შეეცადა და ამჟამადაც ცდილობს, შეთხზული საფრთხეებით საკუთარი მოქალაქეები დააშინოს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა, არამედ რუს და ქართველ ხალხებს ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობისა. ეს ცნობა აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სერიოზული შიში იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქისათვის საქართველოში ვიზიტების შედეგად, ნათელი ხდება რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის სიყალბე და შესაბამისად საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მანკიერი ხასიათი. რაც შეეხება კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, იგი მიღებულ იქნა 2008 წლის 23 ოქტომბერს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის და საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. საქართველოს მხარემ ოფიციალურად, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, არაერთგზის განმარტა ამ კანონის დებულებები, რის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული რუსეთის საგარეო უწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გრიგოლ ვაშაძის უწყება დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს მორიგი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდება და რუსეთის უამრავი მოქალაქე, ვინც ჩამოსვლას საქართველოში აპირებს, თავად დარწმუნდება, ისევე როგორც ისინი, ვინც უკვე იმყოფებოდა აქ, რომ საქართველოში სტუმრობა არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული და ეს ყველაფერი მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ, საკუთარი მოქალაქეების მისამართით, აღნიშნული მოწოდება გუშინ გააკეთა. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოში რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.