
ბოთლი თავში, გაგრაში მოღვაწე რუსი ბიზნესმენისათვის
14:29:58     13-04-2012
აფხაზეთში, რუსი ბიზნესმენი თანადამფუძნებელმა აფხაზებმა ბოთლით სცემეს. იგორ ვაროვი, რომლის სახელიც სკანდალის ცენტრში უკვე მერამდენედ ექცევა, სოხუმში სამართალს ვერ პოულობს და როგორც რუსეთის მოქალაქე, რუსეთში ჩივილს აპირებს.
საუბარია გაგრაში არსებულ საინვესტიციო პროექტ სუპერმარკეტ „კონტინენტალზე“, რომელიც ვაროვის ბიზნესია. მან, როგორც ამბობენ, გაგრელებს სამუშაო ადგილები შეუქმნა, თუმცა ვაროვი თვალში არ მოსდით. მას ხან სამართალდამცავები დევნიან, ხან კი თანამადამფუძნებელი აფხაზები ურტყამენ. არადა, თავად სოხუმშიც აღიარებენ, რომ ვაროვი, ფაქტობრივად, ერთადერთი რუსი ბიზნესმენია, რომელმაც აფხაზეთში სერიოზული ინვესტიცია ჩადო, თუმცა მას ბიზნესის წართმევას უპირებენ.
ვაროვთან ერთად, „კონტინენტალის“ დამფუძნებლებს შორის არის ადგილობრივი ბიზნესმენი ასტამურ გაგულია, რომლის მამაც, გენადი გაგულია აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტია. ვაროვი ამბობს, რომ დამფუძნებლები მას კაბინეტში შეუცვივდნენ და ღვინის ბოთლები ურტყეს თავში, რადგან ბიზნესის წართმევა სურთ.
როგორც აფხაზი ექსპერტი ინალ ხაშიგი ამბობს, კონფლიქტის მიზეზი, თითქოსდა ის იყო, რომ აფხაზი თანადამფუძნებლები ვაროვისგან პრემიებს ითხოვდნენ, რომლის გაცემაც წელიწადში ერთხელ ხდება.
რუს ბიზნესმენს მოწინააღმდეგეები ადგილობრივ „ხელისუფლებაშიც“ ჰყავდა და ჰყავს კიდეც, რომელთა შორისაც ყველაზე გავლენიანად ილარიონ არღუნი - აფხაზეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სახელდება. არღუნის შვილი „გაგრა-ბანკის“ ხელმძღვანელია. სწორედ ეს ბანკი აცხადებდა პეტენზიას მიწის ნაკვეთზე, რომელზეც „კონტინენტალია“ განთავსებული. მაშინ რუს ბიზნესმენს მძიმე პერიოდი ჰქონდა. ბაღაფშის დროს უპირატესობა აფხაზი არღუნების ინტერესებს მიანიჭეს და ვაროვს ხან პროკურატურა უთხრიდა ძირს, ხან მაღალჩინოსნები, საბოლოოდ კი პირობითი სასჯელიც კი მიიღო.
ვაროვი კიდევ ერთ აფხაზს - გენადი გაგულიას, რომელიც ამ დროისთვის აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობს „გადაგდებაში“ ადანაშაულებს. რუსმა ბიზნესმენმა საქმიანობა სწორედ გაგულიასთან ერთად დაიწყო, თუმცა როგორც ამბობს, პრობლემების დაწყებისთანავე გაგულიამ ის მიატოვა.
ამასობაში კი გაგრაში „კონტინენტალის“ თანამშრომლები მიტინგებს აწყობენ და დამსაქმებლის, - ვაროვის მხარდასაჭერად გამოდიან.
როგორც ინალ ხაშიგი ამბობს, ვაროვს იმიტომ ებრძვიან, რომ ის „თეთრად მუშაობს“ და ქრთამებს არ იძლევა.
რატომ არ აუქმებს თავის ბიზნესს ვაროვი ოკუპირებულ რეგიონში, სადაც როგორც თავად ამბობს, უკვე წლებია, კანონიერებას ვერ მიაგნო და ბოთლებს ურტყამენ თავში, ძნელი სათქმელია.