დავით გურამიშვილის „ვაი, რა კარგი საჩინო“...
11:35:13     13-04-2012
დღეს, მაცხოვრის ჯვარცმის დღეა. ქრისტიანებისათვის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს უგუნურმა და უმადურმა ადამიანებმა მხსნელი გაწირეს სასიკვდილოდ...
მსოფლიოს ხალხთა შემოქმედებაში უამრავი შედევრი შექმნილა მიძღვნილი ქრისტეს ვნებებისადმი, ქრისტეს ჯვარცმის, გარდამოხსნის, დაფლვის, მკვდრეთით აღდგომის, ამაღლების თემისადმი და არსისადმი. დიდი მხატვრები. მწერლები, პოეტები საუკუნეების მანძილზე უბრუნდებოდნენ და აღწერდნენ სცენებს გოლგოთის მისტერიისას. ძალიან ბევრი შემოქმედი შესანიშნავად გადმოსცემდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედობრივ განცდებს, ქრისტეს ტკივილებს, ადამიანების უმადურობას, დაუნდობლობას, შეუგნებლობას, უგუნურობას და შედეგს ქრისტეს გოგლოთაზე წამებისა. საუკუნეების მანძილზე შეიქმნა არა ერთი ფრესკა, ტილო, ლექსი, ქანდაკება თუ სხვა ამ თემის შესახებ.
ჩვენს დროშიც არა ერთი ხელოვანი შეეჭიდა ქრისტეს გაწირვის, წამების თემას, ქრისტიანობის არსს. ასევე ღვთისმშობლის გულისტკივილს. რა საკვირველია, მართალაც ხელოვნების ძალიან დიდი საგანძური შეიქმნა ამ თემის გარშემო. ჩვენც, ქართველებმაც ბევრი შედევრი ვაჩუქეთ კაცობრიობას ქრისტიანული რელიგიის თემაზე შექმნილი ჰაგიოგრაფიით, ფრესკებით და სხვა. ჩვენი, ქართული შედევრები სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოვლენილი და შეფასებული. თუმცა, ეს დროის საკითხია. დადგება დრო და კაცობრიობა უფრო კარგად გაიგებს ჩვენი ერის ფასს ხელოვნებაში, ქრისტიანობის ისტორიაში თუ სხვა საკითხებში.
დღეს, მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, გავიხსენოთ დავით გურამიშვილის „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი”. ერთ-ერთი უშესანიშნავესი, უბრწყინვალესი ნაწარმოები აღნიშნულ თემაზე.
დავით გურამიშვილი თარგმნილია ბევრ ენაზე, მაგრამ, მისი შემოქმედება მაინც არ არის დაფასებული ჯეროვნად, საქართველოშიც კი. დიდი საქართველოს მერე, მთელი საუკუნეების მანძილზე პოლიტიკური და ეკონომიკური დაცემისა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების შედეგად, ქართულმა პოეზიამ დიდი შედევრები თითქმის ვერ მოგვცა და ხშირად რუსთველის მიმბაძველობით კმაყოფილდებოდა. დავით გურამიშვილი, ფაქტიურად, იყო პირველი, რომელმაც ახალი, პატარა ქართული რენესანსი დაიწყო ლიტერატურაში. მისი პოეზია უნაკლოა, ბრწყინვალეა, როგორც ფორმით, ისე შინაარსითა თუ სხვა კრიტერიუმებით.
„მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ ( და ასევე „ტირილი ღვთისმშობლისა“ და „უკვდავების წყაროს იგავთ ახსნა“), ერთ-ერთი საუკეთესოა ხელოვანთა მიერ მაცხოვრის ჯვარცმის, სიკვდილისა და უსათუო აღდგენის ამბის შესახებ არსებულ ხელოვნების ნაწარმოებთა შორის, სადაც ძალიან პოეტურად, ამაღლებულად, მძაფრად, ლამაზად, რეალისტურად და დრამატულადაა გადმოცემული კაცობრიობის უგუნურობისა... და მაინც მაცხოვრის მიერ მისი ხსნის მისტერია...
ესაა თეოლოგიური ტექსტი, ქრისტიანული ლიტერატურის შედევრი. ისეთი ნიმუში პოეზიისა, რომელიც ძალიან, ძალიან მეტყველად გადმოგვცემს ღვთისმშობლის გლოვას, ამბავს ქრისტეს ჯვარცმისა, მისი მოკვლისა, გაოცებას ადამიანთა უგუნურობისა და უმადურობისა, ქრისტეს გარდამოხსნის, მკვდრეთით აღდგომისა და საერთოდ, ქრისტიანობის სიბრძნეს.
ზ. მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!