ღვთისმშობლის პირველი ხატები
10:06:10     13-04-2012
განუზომლად დიდია და მიუწვდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატების მნიშვნელობა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, ვინაიდან მისით უფლის ძე განკაცდა, განხორციელდა. იგი სისხლხორცეულად ადამიანის მოდგმას ეკუთვნოდა, მაგრამ გამორჩეულ იქნა ღვთისმოსაობის, განსაკუთრებული სიწმინდის სრულყოფილების გამო და გახდა ჭურჭელი უფლის ნების განსახორციელებლად. იგი ერთადერთია ადამიანთა შორის, რომელიც უკვდავებაში გადავიდა და რომელმაც საუკუნოს სასუფეველი თვით უფლის გვერდით დაიმკვიდრა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტესთან ერთად ადამიანთა ბედის გამგებელი შეიქმნა. მისი ხატები იკონოგრაფიული ტიპების სიმრავლით და განსაკუთრებული პატივმიგებით გამოირჩევა.
ელეუსა (მოალერსე)
ღვთისმშობლის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა: ერთი წარმოადგენდა „ელეუსას“, ანუ მოალერსე ღვთისმშობელს. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, სწორედ ამიტომ მასში ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი, სიყვარულის განცდისა.
მეორე - „ოდიგიტრია“ (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მას რეპრეზენტაციული, ანუ წარდგინებითი ხატიც ეწოდება. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა, მისი დანიშნულება. ოდიგიტრიის ხატი განკაცებისა და უბიწოდ ჩასახვის დოგმატის გამომხატველია.
მესამე - „დეისუსი“ (ვედრების ტიპის ღვთისმშობელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როცა ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.
ოდიგიტრია
(გზის მაჩვენებელი)
მეოთხე კი - „გლიკოფილუსა“ (მოწყალე) ხატი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.
ეკლესია აკურთხებს რა ღვთისმშობლის ხატებს, ამით გამოხატავს დამოკიდებულებას არა მარტო ორიგინალისადმი, არამედ მათი გამეორებისადმიც, ასლებისადმი, რომლებიც შემდგომში იქმნებოდა.
ღვთისმშობლის ხატის შესახებ უძველეს ისტორიულ ცნობას გვაწვდის VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოდორე. იგი მოგვითხრობს 450 წელს იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლში წმიდა ლუკას მიერ ნახატი ღვთისმშობლის გამოსახულების გაგზავნის შესახებ - იმპერატორ თეოდოსი მეორის მეუღლემ, ევდოკიამ, ხატი მის დას, წმ. პულხერიას გაუგზავნა.
დეისუსი (ვედრება)
მე-8 საუკუნეში ამ ხატზე საუბრობდნენ ანდრეა კრიტელი და კონსტანტინეპოლის პატრიარქი გერმანე (715-730 წწ.) ეს არის ოდიგიტრიის ხატი, რომელიც რომში იმყოფება. გერმანე წერს, რომ ეს ხატი ღვთისმშობლის სიცოცხლეში დაიხატა და წმიდა ლუკამ გაუგზავნა თეოფილეს, იმ პიროვნებას, რომელიც ლუკას სახარების დასაწყისში მოიხსენიება. სხვა გადმოცემით ლუკას ხატი თეოფილეს არა რომში, არამედ ანტიოქიაში გაუგზავნა.
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა სახალხო რელიგიად იქცა, ღვთისმშობლის ხატი რომში, კერძო სახლში გადამალული, თანდათან სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა. იგი (ან მისი ასლი) ტაძარში გადაასვენეს, ხოლო 590 წელს, პაპმა გრიგოლ დიდმა დიდი ზარზეიმით წმიდა პეტრეს ტაძარში გადაიტანა.
გლიკოფილუსა (მოწყალე)
საეკლესიო გადმოცემით წმ. ლუკას მიერ ნახატი ხატების გარდა, არსებობდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც. მის შესახებ მოთხრობილია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სადიდებელ ტექსტში (ძვ. სტ. 8 ივლისი და 22 ოქტომბერი), რომლის მიხედვითაც წმინდა მოციქულებმა (პეტრემ და იოანემ) ააშენეს ტაძარი ღვთისმშობლისა და მიმართეს წმიდა მარიამს თხოვნით, რომ მისულიყო მის კურთხევაზე. მარიამმა უთხრა მათ, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ და თვითონაც იქ დახვდებოდათ. ტაძარში მისულმა მოციქულებმა კედელზე ღვთისმშობლის გამოსახულება იხილეს. გადმოცემის თანახმად, აქ ლაპარაკია ლიდიის ტაძარზე. ლიდიის ხატის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობა მე-8 - მე-9 საუკუნეებს ეკუთვნის. იგი მოცემულია ანდრია კრიტელის და ბერი გიორგის ნაწერებში, აგრეთვე სამი აღმოსავლეთელი პატრიარქის მიერ ხატმებრძოლუ იმპერატორ თეოფანესადმი გაგზავნილ წერილებში. ცნობილია, რომ ეს გამოსახულება ტაძარში მე-11 საუკუნემდე არსებობდა, ამის შემდეგ კი მისი კვალი გამქრალია. მე-8 საუკუნეში კონსტანტინეპოლის პატრიარქს, წმიდა გერმანეს, ლიდიის ტაძარში გზად გავლისას უბრძანებია ხატიდან ასლის გადაღება, რომელიც ხატმებრძოლობის პერიოდში რომში გაუგზავნია. ხატთაყვანისმცემელთა გამარჯვების შემდეგ ხატი კონსტანტინეპოლში დაუვანებიათ. ლიდიის ღვთისმშობლის ხატს რომის ღვთისშმობლის ხატსაც ეძახიან.
„ღვთის განკაცება მოხდა იმიტომ, რომ ადამიანი გაღმერთებულიყო, ზიარებოდა მას“ - განმარტავენ წმიდა მამები. ადამიანთა ხსნის იდეის ცენტში იესო ქრისტე დგას, მის გვერდით კი პირველი გაღმერთებული ადამიანი - ღვთისმშობელია. ამიტომ პირველი ხატები, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების აღმოცენებისთანავე შეიქმნა, სწორედ მაცხოვარს და ღვთისმშობელს გამოხატავდა, იმ ხატებს რომელზეც ეკლესია მთელ თავის იკონოგრაფიას აფუძნებს.
„ორთოდოქსი.ჯი“