სხალტბა (ქართული ხუროთმოძღვრება)
09:59:03     13-04-2012
სოფელი სხალტბა მდებარეობს მცხეთის რაიონში, მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით 5 კილომეტრში.
სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (9 X 7.8 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარიბჭედან. შესასვლელის თავზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აუგიათ ივანე ზედგენიძის ძის სახლთუხუცესს შიოშისა და მისი თანამეცხედრის თამარის ბრძანებით 1669 წელს. კარიბჭის ერთ-ერთ სვეტზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი მელქან ფურცხვანიძე.
აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა თაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია. დარბაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებზე ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც შეისრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის ყოველ კედელში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სარკმლები კამარის საყრდენთანაა გაჭრილი, მათ ქვემოთ პატარა ნიშებია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის საპირე ორნამენტითაა მორთული.
ეკლესიის თანადროული კარიბჭე ნაგებია რიყის ქვით, ადგილებში თლილი ქვაცაა გამოყენებული (რესტავრაციის შემდეგ). მისი სამხრეთის თაღედი ფასადის მხარეს მთლიანად გახსნილია: აქ სამ რვაწახნაგოვან ბოძს ოთხი შეისრული თაღი ეყრდნობა. ყოველი ბოძის სამი წინა წახნაგი მორთულია ჯვრებითა და გეომეტრიული მოტივებით. მოჩუქურთმებული ყოფილა ლავგარდანიც. კარიბჭის თაღები შემკულია ნახევარდისკოების მწკრივით.
ეკლესიას 2007 წელს ჩაუტარდა რესტავრაცი, რა დროსაც გამოვლინდა ადრინდელი სამშენებლო ფენა, რომელიც XII საუკუნით თარიღდება.