
ციმბირული ორგანიზაციები, რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან
21:58:42     12-04-2012
ციმბირში რეგიონის რუსეთისგან მოწყვეტის იდეა ნელ-ნელა აქტიურდება. ცოტა ხნის წინ ნოვოსიბირსკში ახალი მოძრაობა დაფუძნდა - ციმბირის სუვერენული კავშირი - რომლის მიზანიც ციმბირის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევაა.
მოძრაობის მიზნების ჩამონათვალი ასეთია:
ციმბირის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ და სრულფასოვან სუბიექტად ქცევა, ასევე მოსკოვის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიკური დიქტატისგან გათავისუფლება.
დამფუძნებელი კონფერენციის დასრულების შემდეგ, მიღებულ იქნა რეზოლუცია, ციმბირის „დერჟავად“ ქცევისა და მისი დამოუკიდებლობის მიღწევის შესახებ, რომლის თანახმადაც მოძრაობა იწყებს ბრძოლას „სახელმწიფოებრიობის მიღწევისათვის“. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში არა მარტო ადგილობრივები, არამედ თვით მოსკოვიდან ჩასული დელეგატები მონაწილეობდნენ.
რამდენიმე თვის წინ კი, როგორც პრესა.ჯი იუწყებოდა, რუსეთში სკანდალი გამოიწვია ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა ღონისძიებამ, როცა
უნივერსიტეტმა, მენეჯმენტის ფაკულტეტის ამერიკულ-ციმბირული განყოფილების სტუდენტებთან და საზოგადოებრივ მოძრაობასთან, „ციმბირის რეგიონული ალტერნატივა“ ერთად, სემინარი ჩაატარა, სადაც მოსკოვისთვის არასასურველი პოზიციები დაფქსირდა. სტუდენტები აღფრთოვანებულნი იყვნენ იმით, რომ ციმბირი, შესაძლოა, ამერიკის შტატი გახდეს. „ჩვენი ეკონომიკური მომავალი ბრწყინვალეა“ - თქვა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ასეთი იდეების ავტორებს რუსეთში სეპარატიტებს უწოდებენ. თუმცა ამ სეპარატიზმზე მოსკოვში უკვე არცთუ იშვიათად მსჯელობენ. როგორც ირკვევა, დამოუკიდებლობის მოსურნე ციმბირული ორგანიზაციები არც ისე ცოტაა. მათ იდეას კი გარკვეული ტრადიციებიც გააჩნია. კერძოდ:
1917 წლის 5 აგვისტოს ციმბირის საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონფერენციაზე დაამტკიცეს ციმბირის ეროვნული დროშა - მწვანე და თეთრი შეფერილობის. თეთრი თოვლის, მწვანე ფერი კი ციმბირული ტაიგის სიმბოლო იყო.
1918 წელს, ციმბირის დროებითმა მთავრობამ ციმბირის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღო, თუმცაღა ის ძალიან მალევე გააუქმეს.
„სეპარატისტული იდეებისთვის“ გასული საუკუნის დასაწყისში, არაერთი ადამიანი გაასამართლეს. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც აქტუალურია. მაგალითად, 2006 წელს დაფუძნდა მოძრაობა „ციმბირული ვოლგოტა“, რომლის მიზანიც ციმბირული დიალექტებისთვის კოდების მინიჭება იყო. 2010 წელს, სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის დროს, დაახლოებით 25 მილიონმა ადამიანმა ეროვნების აღმნიშვნელ გრაფაში ეროვნებად „ციმბირელი“ მიუთითა. 2011 წელს კი ლოზუნგის „საკმარისია კავკასიის კვება“ პარალელურად, ნოვოსიბირსკში ჩატარდა აქცია, რომლის მონაწილეებიც „მოსკოვის კვების“ შეწყვეტას მოითხოვდნენ. მათი აზრით, მოსკოვი ციმბირს ტვირთად აწევს და მის სიმდიდრეს ანიავებს. საზოგადოებრივი მოძრაობა „ციმბირის სამხარეო ალტერნატივა“ კი პერმანენტულად მართავს სემინარებს, რომლის დროსაც ციმბირს რუსეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს.
„ციმბირული სეპარატიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის მოქალაქეთა პროფესიულმა კავშირმა დაიწყო, რომელმაც გენერალურ პროკურატურასა და „ფსბ“-ს „სეპარატისტების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ უკვე მოუწოდა.