
რუსეთს „მარადიული პუტინი“ დაებედა...
17:50:13     12-04-2012
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულამდე აპირებს. ეს ბევრისთვის შოკისმომგვრელი განცხადება მან რუსეთის დუმაში გამოსვლისას გააკეთა. ის თანახმაა, კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომელიც 2030 წლამდე მის „ბრეჟნევიზაციას“ უზრუნველყოფს.
საუბარია კონსტიტუციური ნორმის შეცვლაზე, რომელშიც წერია, რომ „ერთსა და იმავე პირს პრეზიდენტის პოსტის დაკავება ზედიზედ ორი ვადით არ შეუძლია“. პუტინს ამ ნორმის შეცვლის თაობაზე და სიტყვა „ზედიზედ“ ამოღების შესახებ აზრი კომუნისტმა დეპუტატმა ჰკითხა, რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ ინიციატივა „ჭკვიანურია“, რადგან მას შანსი მიეცემა კიდევ ორი ვადით გახდეს პრეზიდენტი.
სხვათა შორის, აღნიშნული ფორმულირების შეცვლას საპროტესტო აქციებზეც მოითხოვდნენ, რომლებიც დუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რუსეთში იმართებოდა. სიტყვის - „ზედიზედ“ - ამოღება სწორედ პუტინის საწინააღმდეგო „ფანდად“ ითვლებოდა, თუმცა თავად პუტინი ასე სულაც არ ფიქრობს:
„ჩვენ ხომ დიდი ადამიანები ვართ და გვესმის, რაზე ვლაპარაკობთ. კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს - ის მე არ შემეხება. ამ ვადის შემდეგ შევძლებ, კიდევ ორი ვადით ვიმუშაო“ - განაცხადა მან.
იურისტების ფორმალური ლოგიკის თანახმად, პუტინი მართალია, - წერს გაზეთი „კომერსანტი“, რადგან ის 6 წელი, რომელიც მან 4 მარტის არჩევნებში მოიგო, ძველი კონსტიტუციით მიიღო. განახლებული ნორმა კი უკვე 2018 წლის არჩევნებში გამარჯვებულისთვის იმუშავებს და თანაბრად შეეხება როგორც ახალ, ისე ძველ პრეზიდენტს. ანუ, 2018 წლის არჩევნებისთვის ვლადიმერ პუტინსაც და დიმიტრი მედვედევსაც პოტენციურ რეზერვში კიდევ ორ-ორი ვადა ექნებათ, ან ტანდემში - 24 წელი - წერს „კომერსანტი“.
დუმაში გაჩაღებულ მსჯელობას ახლა ექსპერტები განიხილავენ. განსაკუთრებით ისინი, ვისთვისაც პუტინის მარადიული პრეზიდენტობა ტრაგედიაა. რუსეთში ახლა უკვე იმას ითვლიან, იცოცხლებს თუ არა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი თავისი ვადის ბოლომდე? ის სექტემბერში 60 წლის გახდება, კიდევ სამი ვადით 6-6-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ კი 80 წელს მიუკაკუნებს. აქ მედვედევის სურვილებიც გასათვალისწინებელია, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და სულაც არ გამორიცხავს, კვლავაც მოევლინოს რუსეთს პრეზიდენტობის კანდიდატად.
კომუნისტების ინიციატივა, როგორც გაირკვა, საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა. ფრაქციას უკვე შემუშავებული ჰქონია შესაბამისი კანონპროექტიც, რომლის წარდგენასაც უახლოეს მომავალში აპირებს. საკონსტიტუციო ცვლილების წარდგენის პროცედურას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. უკვე გუშინ ამ თემაზე საკონსტიტუციო საბჭოში ფედერაციის საბჭოს ნდობით აღჭურვილი პირი, ალექსეი ალექსანდროვი საქმიანად მსჯელობდა.