
ნუგზარ წიკლაური: სუბარი და კომახიძე რეზინის ჩაქუჩიან ექიმებს საჭიროებენ
17:02:45     12-04-2012
საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ინფორმაციას, თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, არასერიოზულად უყურებს. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, არც ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს და არც მის ზოოპარკს, საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „პრესა.ჯი–ს” მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, სოზარ სუბარი და ვახტანგ კომახიძე რეზინის ჩაქუჩიან ექიმებს საჭიროებენ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სიცოცხლეს საფრთხე, მისივე ქმედებებიდან გამომდინარე ემუქრება. „საქმე ფსიქოსომატურ პრობლემებთან გვაქვს. ამ შემთხვევაში, საჭიროა არა პოლიტიკური კომენტარები, არამედ საჭიროა - რეზინის ჩაქუჩიანი მედიკოსი, როგორც სუბართან, ასევე კომახიძესთან დაკავშირებით. ასევე იმ ადამიანთან მიმართებაში ვინც ფიქრობს, რომ ბიძინას სიცოცხლეს რაიმე საფრთხე ემუქრება. მის პოლიტიკურ სიცოცხლეს, მათივე ქმედებებიდან გამომდინარე, სერიოზული საფრთხე ემუქრება. რაც შეეხება მისი – როგორც ადამიანის სიცოცხლეს, ქართული სახელმწიფო მოწოდებულია იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს - დასძინა წიკლაურმა.
კოლეგის მსგავსად, ვახტანგ კომახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, კომენტარის გაკეთება უჭირს, დეპუტატს კობა ხაბაზს. დეპუტატის შეფასებით, ვახტანგ კომახიძე და ბიძინა ივანიშვილი სიცრუითა და სიყალბის შეთხზვით არიან დაკავებულები, რათა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ.
„კომახიძის ფანტაზიებზე, დასკვნების გაკეთება რთულია. არავინ არავის ლიკვიდაციას არ გეგმავს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი წარმატებებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება. უფრო მეტსაც გეტყვით, ვშიშობთ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ისეთი ნაბიჯი არ გადადგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდება და თავის მართლება მოგვიხდება. გარკვეულწილად ეს, რუსეთის მხრიდან, შეგნებულად შემოგდებული „უტკაც“ შეიძლება იყოს. დამერწმუნეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი ნაბიჯის გადადგმვა არცერთ ჭკუათმყოფელს აზრად არ მოუვა, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, სოციალურ ქსელში, წერილი გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კომახიძეს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენია და მისი კომენტარებიც არასარწმუნო ჩანდა. თუმცა, ჟურნალისტის ამ ინფორმაციას გამოხმაურება „ქართულ ოცნებაში“ მალევე მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილმა, კომახიძესთან სოზარ სუბარი გაგზავნა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა გააცნო, რომელიც მას ხელისუფლების წარმომადგენელმა გაუგზავნა.