
მაიკლ მალუფი: შესაძლოა, პუტინმა კვლავ ბრძანოს საქართველოზე თავდასხმა
14:21:43     12-04-2012
ინტერნეტსაიტი Business Insider პენტაგონის ყოფილი ჩინოვნიკის, მაიკლ მალუფის წერილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ირანზე თავდასხმა რუსეთისთვის კარგი საბაბი გახდება, რათა ოცნება აიხდინოს და სამხედრო გზით დაამყაროს კონტროლი სამხრეთ კავკასიასა და განსაკუთრებით, საქართველოზე.
რუსეთი ელოდება, რომ ირანს ზაფხულში დაარტყამენ, რისთვისაც შეიმუშავა თავისი ჯარების გადაადგილების გეგმა - საქართველოდან სომხეთში, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას ესაზღვრება - წერს სტატიის ავტორი. ინფორმირებულ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით მალუფი ამბობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვიქტორ ოზეროვის განცხადებით, გენერალურ შტაბს უკვე აქვს მოქმედების გეგმა ირანზე შეტევის შემთხვევაში.
მალუფი იმოწმებს დიმიტრი რაგოზინის სიტყვებსაც:
„ირანი ჩვენი მეზობელია. თუ ის სამხედრო მოქმედებებში იქნება ჩათრეული, ეს იქნება პირდაპირი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის.“ ამასთან, სტატიის ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ რაგოზინი ახლა რუსეთის პრემიერის მოადგილეა და თავდაცვის სექტორს კურირებს, მანამდე კი რუსეთის ელჩი იყო ნატოში და მაშინაც და ახლაც ანტიდასავლურ პოლიტიკოსად ითვლებოდა.
მალუფს მოჰყავს „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი რუსი სამხედრო ჩინოსნის სიტყვებიც, რომლის თანახმადაც სიტუაცია სირიისა და ირანის გარშემო, რუსეთს აძლევს საშუალებას, დააჩქაროს თავისი სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში, კასპიის, ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებში.
ამასთან, რუსეთი შიშობს, რომ არ მოსწყდეს სომხეთში, გიუმრის 102-ე რუსულ ბაზას, რომელიც მისი ფორპოსტია სამხრეთ კავკასიაში. ამ ბაზას, თავად რუსი სამხედროების თქმით, უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამიტომ, მოსკოვს არ სურს „დაკარგოს ეს სიტუაცია“.
რაც შეეხება საქართველოს. მალუფი თავის სტატიაში წერს, რომ „ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების ფონზე, პერსპექტივა იმისა, რომ ის კვლავ ბრძანებს საქართველოზე თავდასხმას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, ძალიან დიდია“ - როცა ამას ამბობს, მალუფი კვლავ რუსულ წყაროებს იმოწმებს.
მთავარი მიზეზი კი სწორედ გიუმრის ბაზის მომარაგების პრობლემა გახდება. ამჟამად გიუმრის მომარაგების საქართველოზე გამავალი მარშრუტი თბილისს ბლოკირებული აქვს და ბაზა ირანიდან მარაგდება. ომის შემთხვევაში კი რუსი ჩინოვნიკები თვლიან, რომ ეს მარშრუტიც ჩაიკეტება და ამიტომ, მათი სამიზნე კვლავ საქართველო ხდება.
მალუფი, ამიერკავკასიაში რუსული ჯარების ყოფილი მეთაურის იური ნეტკაჩოვის ციტირებას ახდენს:
„შესაძლოა, აუცილებელი გახდეს სამხედრო ჩარევის გამოყენება იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადა გაარღვიოს და შექმნას სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც სომხეთში მიდის“ - ამბობს ნეტკაჩოვი. თავად სტატიის ავტორი კი დასძენს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოგრაფია აჩვენებს, რომ სომხეთში რუსეთის ბაზის კვების ნებისმიერი კორიდორი საქართველოს შუაგულზე - თბილისთან ახლოს უნდა გავიდეს.
აქვე მალუფი ახსენებს სექტემბერში რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წრთვნას „კავკაზ 20120“-ს, რომლის ფარგლებშიც, ირანზე თავდასხმის შემთხვევისთვის, რუსეთის სამხედრო ძალებისა და ტექნიკის მომზადება ხდება.
თუმცა, ირანის ფაქტორი, შესაძლოა, კარგი შანსი იყოს სხვა მიზნის მისაღწევად. აქვე, მალუფს სამხედრო ექსპერტის, პაველ ფელგენგაუერის სიტყვები მოჰყავს: „2008 წელს „კავკაზ 2008“-ის მანევრებმა საშუალება მისცა რუსეთს, დაემალა სამხედრო ძალების გადაადგილება-განთავსება, რომლებიც შემდეგ, აგვისტოში, წარმატებულად შეიჭრნენ საქართველოში“.
გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ გახსნილი ფრონტის ხაზის მაშველი იქნება ის სპეცრაზმები თუ სპეცდანაყოფები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის თქმით, აქვე ახლოს - სტავროპოლში ან კისლავოდსკში განთავსდებიან.
სრულებითაც არ გამორიცხავს რუსეთის საქართველოში შემოჭრას პაველ ფელგენგაუერი:
„რუსეთის ძალებმა შეიძლება მიიღონ ბრძანება დაარტყან სამხრეთ კავკასიას, რათა აღკვეთონ იქ ამერიკული ბაზების განთავსება და დაამყარონ კავშირი ბაზასთან სომხეთში, ასევე სამხრეთ კავკასიის ენერგოკორიდორზე“ - ამბობს ფელგენგაუერი და დასძენს, რომ „ერთი პატარა, გამარჯვების მომტანი ომი“ კრემლს კვლავ რუსი ხალხის მხარდაჭერას მოუტანს და საპროტესტო დემოკრატიული მოძრაობის ნარჩენებსაც საბოლოოდ გაანადგურებს.