
გოგი თოფაძის აზრით, ქართულმა ჯარმა "მძინარე ცხინვალი", ქალები და ბავშვები დაბომბა (ვიდეო)
11:30:28     12-04-2012
საქართველოში ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ გაურკვეველი იდეოლოგიის „პატრიოტი“ პოლიტიკოს-მეწარმის, გოგი თოფაძის სკანდალური განცხადებები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში: მაშინ თოფაძე პუბლიკას ქართული ჯარის ხარვეზებზე და „მძინარე ცხინვალის“ თემაზე, კრემლის იდეოლოგების ფრაზებით ესაუბრა. „განა შეიძლება საკუთარი ქალაქის, ქალების და ბავშვების დაბომბვა?“ - ტრაგიკული ინტონაციით კითხულობდა სეპარატისტების ბედით გულდათუთქული პოლიტიკოსი.
ზოგადადაც, თოფაძე თავისი არაორდინალური შეხედულებებით ცნობილია. მაგალითად, ქართველმა საზოგადოებამ ისიც იცის, რომ "მეოცნებეთა" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კატეგორიული მოწინააღმდეგეა და საამისოდ ისეთი არგუმენტები მოჰყავს, რაგოზინს და ჟირინოვსკისაც რომ შეშურდებათ.
დღეს, ანტინატო და „ომი საქართველომ დაიწყო“ ლოზუნგებით მორბენალი თოფაძე, „ქართული ოცნების“ წევრი და ივანიშვილის პოლიტპარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი ოლიგარქი პროდასავლური ძალის იმიჯის შექმნას ათასგვარი ყალბი პიარ-სვლებით აქტიურად ცდილობს, მის ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მეშვეობით, სულ სხვა რეალური სურათი იხატება.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია და შეხედულებები, საგარეო თუ საშინაო, პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებაში. ოლიგარქი მაქსიმალურად თავს არიდებს პირდაპირ პასუხებს და მხოლოდ ბუნდოვანი ფრაზებით იფარგლება...
თუ ამ ყველაფერს სისტემაში მოვიყვანთ და რეალურად შევაფასებთ, ძნელი არ იქნება სათანადო დასკვნების გამოტანა: აშკარაა, რომ საქართველოში იქმნება კიდევ ერთი, ახლა უკვე ბრწყინვალედ დაფინანსებული და ჩირგვებით შენიღბული, ნატოს მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც იგორ გიორგაძის ცნობილი მოძრაობის, თუ სხვა ანტიდასავლური და რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური სუბიექტებისაგან განსხვავებით, რომლებიც პერიოდულად ჩნდებოდნენ უკანასკნელ წლებში ქართულ პოლიტიკურ არენაზე, შედარებით უკეთ ინიღბება, ყოველ შემთხვევაში, საამისოდ, თავის ამოუწურავ ფინანსურ რესურსს აქტიურად იყენებს.
ამ საშუალებით და დასავლეთში უკვე დიდი ხნის წინ პენსიაში გასული ზოგიერთი ლობისტის მეშვეობით, ივანიშვილი პროდასავლურის იმიჯის შექმნას ცდილობს, თუმცა, ფაქტები და „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული ოდიოზური პერსონები, სულ სხვაზე მეტყველებენ და ოლიგარქის პოლიტიკური გაერთიანების რეალურ მიზნებს ააშკარავებენ...