
თანამგზავრიდან დაფიქსირებული საიდუმლო „გულაგები“ და „წამების კუბი“ ჩრდილოეთ კორეაში
10:00:43     12-04-2012
ვაშინგტონის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ახალი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ჩრდილოეთ კორეაში არსებული საკონცენტრაციო ბანაკების ასი ათასობით ბინადართა ყოფას ჰფენს ნათელს - იუწყება BBC.
წამება, იძულებით აბორტები და საჯაროდ სიკვდილით დასჯა, შრომა-გასწორებითი კოლონიების ბუნებრივი მდგომარეობაა.
მოხსენება ეფუძნება თანამგზავრიდან გადაღებულ დეტალურ ფოტომასალას. სწორედ თანამგზავრების საშულებით გახდა შესაძლებელი აღმოეჩინათ ასობით ყაზარმა, შრომა-გასწორებითი დასახლებები და წამებისა და სიკვდილის მოედნები ბანაკებში, რომლებიც ქვეყნის ძნელადმისადგომ, მთიან რაიონებშია განთავსებული.
თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების გარდა, მოხსენებას საფუძვლად უდევს 60 ყოფილი პატიმრისა და თავად კოლონიების თანამშრომლების მონათხრობი, რომლებმაც ქვეყნიდან გაქცევა მოახერხეს.
ისინი ყვებიან სიკვდილის ქსელზე - სადაც გზავნიან დისიდენტებს, რომლებიც ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საქმიანობაში არიან ბრალდებულები,
ბევრი პატიმარი კვდება შიმშილისა და მძიმე პრობების გამო, რომლებშიც ცხოვრობენ და მუშაობენ.
მათ, ვინც გაქცევას დააპირებს და დაიჭერენ, ან ვინც პროდუქტების მოპარვაშია შემჩნეული, სიკვდილით დასჯა ელის.
ფეხმძიმე ქალებს რეგულარულად აიძულებენ აბორტის გაკეთებას - ძირითადად, ამის მსხვერპლნი არიან კორეელები, რომლებიც ჩინეთიდან არიან რეპატრირებულნი. ასეთ კოლონიებში არა მარტო პოლიტიკური ან კრიმინალური დამნაშავეები იგზავნებიან. დანაშაულის ცნება აქ თავისებურია და მაგალითად, ასეთივე საკონცენტრაციო ბანაკში იგზავნება ადამიანი, თუკი ის სამხრეთ კორეულ სიმღერას შეასრულებს ან სულაც, თუკი მას ნათესავი ჰყავს იაპონიასა ან სამხრეთ კორეაში.
მოხსენების ავტორის დევიდ ხოკის თქმით, ახლა უფრო ადვილია კორეის პოლიტიკურ რეპრესიებზე ინფორმაციის მოპოვება, რამდენადაც ჩრდილოკორეელ დევნილთა რაოდენობამ მხოლოდ სეულში 30 ათასს მიაღწია.
პატიმრები წამებითა და შიმშილით იხოცებიან. ხოლო იმისათვის, რომ იცოცხლონ, ვირთხებსაც კი ჭამენ. ამის შესახებ გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერდა, როცა ასევე თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების საფუძველზე, ჩრდილოეთ კორეაში „გიგანტური საკონცენტრაციო ბანაკის“ აღმოჩენის შესახებ იუწყებოდა. ამ ბანაკის არსებობას ხელისუფლება საიდუმლოდ ინახავდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, გასულ წელს, მასში 200 ათასამდე პატიმარი ცხოვრობდა.
„ნორმალური საზოგადოებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვწუხვართ, როცა ვინმე კვდება, პირიქით. თუ თქვენ ზრუნავთ გარდაცვლილიზე და დაკრძალავთ მას, ერთ თეფშ საკვებს დამატებით მოგცემენ. ამიტომ, მე ხშირად ვმარხავდი მკვდრებს“ - ამბობს ჩონ კუონგლი, რომელმაც სამხრეთ კორეაში გაქცევა მოახერხა. მისი თქმით შიმშილი პატიმრებს აიძულებს ჭამონ ყველაფერი, რასაც იპოვნიან - ვირთები, გველები, ძროხების გადამუშავებული სიმინდის მარცვლები…
საიდუმლო ბანაკებში მიღებულია ე.წ. „წამების კუბი“, რომლებშიც პატიმრებს სჯიან. „წამების კუბში“ არც დაჯდომაა შესაძლებელი, არც დადგომა და ამ პატარა სივრცეში, ზოგჯერ, ადამიანებს, თვეობით ამყოფებენ.
რამდენიმე დღის წინ კი, 40-მდე არასამთავრობომ, რომლებიც ორგანიზაცია „მსოფლიო ქრისტიანულ სოლიდარობაში“ არიან გაწევრიანებულები, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართა, მიიღოს ზომები ჩრდილო კორეის ბანაკების დასახურად, სადაც მათი ინფორმაციით 40 ათასამდე ქრისტიანი რწმენის გამო იხდი სასჯელს. მათ შორის არიან ბავშვებიც, რომლებსაც ყოველდღიურად, 12 საათის განმავლობაში მუშაობას აიძულებენ. „მსოფლიო ქრისტიანულ სოლიდარობა“ აცხადებს, რომ ამ ბანაკებში სხვადასხვა მძიმე დაავადებებია გავრცელებული. წამება, გაუპატიურება და ყოველგვარი ბრალის წაყენებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა კი ჩვეულებრივი მოვლენაა.
ითვლება, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ჩრდილო კორეის „გულაგებში“ 400 ათასი პატიმარი გარდაიცვალა.