ბაიები
09:29:08     12-04-2012
ახალციხის რაიონის სოფელ წყორძის დასავლეთით, აღმართულია მცირე სიმაღლის შვეული კლდეები. ეს ადგილი ბაიების სახელითაა ცნობილი. დაახლოებით კლდის შუა სიმაღლეზე შენობათა მთელი ჯგუფია: გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული, ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით. ერთი - მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე უფრო მაღალი და ვრცელი. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთის კედლები. მცირე ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრეთის, ჩრდილოეთის კედლები და კამარაა ქვით ნაშენი, ხოლო დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვთ. მარჯვენა, დიდი, ეკლესიის შიგნით ძველი მხატვრობის უმნიშვნელო კვალია დარჩენილი.
ეს ეკლესიები მხოლოდ ნაწილია მოელი კომპლექსისა. მათ ქვეშ ორ სართულად განლაგებული სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები იწყება.
კლდეებში სადგომთა ამოკვეთა საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. კლდის ქალაქი უფლისციხე, კლდეშივე გამოკვეთილი ვარძიის მონასტერი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მესხეთ-ჯავახეთში კიდევ არა ერთი და ორი მსგავსი ძეგლი მოიპოვება. ბაიები ჯერ არ გამხდარა საგანგებო შესწავლის საგნად. თავისი სიდიდით იგი ვერ შეედრება უფლისციხესა და ვარძიას, მაგრამ მაინც დიდად საინტერესო ისტორიული ძეგლია. მესხეთში, რომლის მოსახლეობაც საუკუნეთა მანძილზე მოძალადე თურქეთის მიერ იყო შევიწროებული, განსაკუთრებით ბუნებრივი და დამახასიათებელია ამგვარი სიმაგრეები საიდუმლო სამალავებითა და გასასვლელებით.
ბაიებში ახლა ბევრი რამ დანგრეული და დაზიანებულია. სადგომების დიდი ნაწილი მიწითაა ამოვსებული, კლდეები ბევრგან ჩამოქცეულია. მაგრამ გადარჩენილ სადგომებშიც ბევრი რამაა საყურადღებო, მაგალითად, გალავანში შესასვლელის მოწყობილობა: თვით. კარი, რომელიც საგანგებო ბუდეებშია ჩამაგრებული, ერთი დიდი გათლილი ლოდისგანაა გამოკვეთილი. ამ ქვაში სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი.
ბაიების ყველა შენობა შეიძლება ერო დროს არ იყოს აშენებული. ის კი ცხადია, რომ მთელი კომპლექსი მომწიფებულ შუასაუკუნეთა ხანას ეკუთვნის. უფრო საფიქრებელია, რომ იგი XII-XIII საუკუნის ძეგლი უნდა იყოს.