შიომღვიმე (ქართული ხუროთმოძღვრება)
09:28:27     12-04-2012
შიომღვიმე, ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მსხვილი სენიორია.
მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.
XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიმუშია. აგებულია შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივი, „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის შენობაა, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია რვაწახნაგავე შეკრული კამარით. გადახურულია კონუსებრი სახურავით. ინტერიერს ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ორნამენტითა ფიგურებიანი რელიეფით შეკრული XI საუკუნის ქვის კანკელი (გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). მიუხედავად XI და XVIII საუკუნეების მინაშენებისა, ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნისაა. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო. 1678 აღდგენილია ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო (აქედანაა გასასვლელი შიოს მღვიმეში), რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, გადაკეთებულია და განახლებული XVII საუკუნეში.
მთაზე აღმართული მცირე, მოხატული სამლოცველო XII საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფელ სხალტბიდან. (შიომღვიმის წყალსადენი).
შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ შიო მღვიმელი, ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, არსენ ბერი, გიორგი ხუცესმონაზონი (XIII-XIV სს.), თეოდოსი (1878-1881) და სხვა.
შიომღვიმის უდიდესი წიგნთსაცავიდან მოღწეულია მრავალი ხელნაწერი. 1804 ცნობით, შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული ყოფილა ხელნაწერთა მდიდარი ფონდი (10 ურემზე ძლივს დაეტეოდაო). შიოსავე სიცოცხლეში მონაზონთა რაოდენობა მონასტერში 25-დან 200-მდე გაიზარდა. შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარველობაში იმყოფებოდა, დავით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. დაუწესა საგანგებო „ანდერძი“-ტიპიკონი (1123) და შესწირა დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება. მონასტერმა მხარი დაუჭირა მეფეს ურჩ ფეოდალებთან ბრძოლაში. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. მართვა-გამგეობის მხრივ მხოლოდ მეფე-პატრონის უზენაეს უფლებას ცნობდა, ეპარქიალურად მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა. XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა დაქვეითდა. XIV საუკუნის II ნახევარში ზევდგინიძე-ამილავართა საკუთრება გახდა (გიორგი VII-მ ერთგულობისათვის უბოძა ზევდგინიძე იოთამს (თაყას)). ამ დროიდან XIX საუკუნის I ათეულ წლებამდე შიომღვიმე ზევდგინიძე-ამილახვართა საძვალე იყო. 1614-1616, შაჰ-აბასის შემოსევების დროს შიომღვიმე ააოხრეს. 1678 აღადგინა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. ქართლში ოსმალთა ბატონობის (1723-1735) და ხშირი ლეკიანობის გამო 1726 შიომღვიმე მთლიანად დაიცალა.
1733 მონასტერში განახლდა ცხოვრება. ამ ეტაპზე ფართო სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. 1735 შიომღვიმე ყიზილბაშებმა დაარბიეს და ბერები ერთიანად ამოხოცეს. XIV საუკუნიდან შიომღვიმის ყველა პრივილეგია გაუქმდა და გადავიდა მონასტრის პატრონის ხელში. ეპარქიალურად სამთავისის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. სამთავნელ ეპისკოპოსს ზოგჯერ შიომღვიმის წინამძღვრის თანამდებობაც ეკავა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801) შიომღვიმე ფეოდალური სენიორიიდან შტატის დაწესებილებად იქცა. 1811-1822 ადმინისტრაციულად შეუერთეს ქვათახევის მონასტერს, 1822-1887 კი თბილისის ფერისცვალების მონასტერს. 1887-დან მიეცა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული-სასულიერო მმართველობა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირისძის ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ამ ხანებში აქ სხვადასხვა შენობა აუგუათ. ამ დროსვე მოხატეს და „შეამკეს“, არსებითად კი დაამახინჯეს შიოს ძველი ეკლესია. მონასტრის მახლობლად კლდეში ნაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.