ლადო ასათიანის „ქართული ენა“

  09:10:24     12-04-2012

ლაზარეს შაბათიდან 14 აპრილის ჩათვლით ქართული ენის დღესასწაულის დღეებია!
 
ქართული ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს“,  ანუ ქართული ენის, დღესასწაულს. ასე გაერთიანდა, გაიგივდა ლაზარეს აღდგინების დღესასწაული ქართული ენის დიდების დღესასწაულთან.

თუმცა, ქართული ენის დღესასწაული მხოლოდ დღეს არ აღინიშნება, ჩვენ ვიცით, რომ 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით მაშინდელმა ახალგაზრდობამ, მოახერხა და დაიცვა ქართული ენა, თავი გასწირა დედა ენისათვის და გაიმარჯვა.

შესაბამისად, კარგი იქნება, ისეთი ნაწარმოებები გავიხსენოთ, რომლებიც ქართული ენისადმია მიძღვნილი.

ერთ-ერთი ასეთია ლადო ასათიანის შესანიშნავი ლექსი „ქართული ენა“, რომელსაც დღეს გთავაზობთ, მანამდე კი, მოკლედ, გავიხსენოთ ლადო ასათიანის ბიოგრაფია.

დიდი ქართველი პოეტი ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისში.

მამას მელქისედეკი ერქვა, დედას ლიდა (ქალიშვილობის გვარი ცქიტიშვილი). ოჯახი ცხოვრობდა ლეჩხუმში, სოფელ ბარდნალაში. სამი შვილი ჰყავდათ, ორი ვაჟი და ქალიშვილი. მშობლები პედაგოგები იყვნენ.

მომავალი პოეტი სწავლობდა ბარდნალის საშუალო სკოლაში. შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა და წარმატებითაც დაამთავრა. მერე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1937 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს დედამისი, ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - „ხალხის მტრის“ ბრალდებით და გადაასახლეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან იგი ვერ დაბრუნდა.

პირადად ლადოს "პროლეტარული კრიტიკოსები" მისწვდნენ და საჯაროდ გაკიცხეს "მავნე ლაყბობისათვის". შემდეგ "კონტრევოლუციური ლაყბობის" ბრალდებით გარიცხეს ინსტიტუტიდან. ეს ძალიან საშიში იყო, "ხალხის მტრის" შვილი, "კონტრევოლუციურად მოლაყბე" უკვე განწირული იყო.

დაპატიმრებას კი გადარჩა, მაგრამ სამსახურში არსად მიიღეს და გაჭირვებაში ცხოვრობდა. შემდეგ, როგორც იქნა აღადგინეს ინსტიტუტში. მაგრამ, მაინც არ ასვენებდნენ "პროლეტარული კრიტიკოსები", არ მოსწონდათ მისი პატრიოტული სულისკვეთება, მისი ნაციონალისტური პოეზია.

სულ მუდამ აკრიტიკებდნენ. ის კი შეუდრეკლად ხვდებოდა არაობიექტურ კრიტიკას.
"პროლეტარული კრიტიკოსებს" არ მოსწონდათ მისი პატრიოტული სულისკვეთება, მისი ნაციონალისტური პოეზია. 1939 წელს ტუბერკულიოზით დაავადების მიუხედავად ჯარში გაიწვიეს, თუმცა მერე შეხვდნენ ნორმალური ექიმები და ავადმყოფობის გამო შინ დააბრუნეს...

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს, სრულიად ახალგაზრდა.

ქართული ენა

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!

1943 წელი

საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

 1939 წელი