კატის კულტი და ეგვიპტური ხელოვნება
10:16:36     11-04-2012
კატას ისეთ დიდ პატივს არსად სცემენ, როგორც ეგვიპტეში. მსოფლიო მითოლოგიამ ამ ულამაზეს ცხოველს მრავალი სტატუსი მიანიჭა, მაგრამ ეგვიპტელებმა იგი სიკეთის, ოჯახური სიმშვიდის, სიხარულის, სიყვარულის, დედობრივი მზრუნველობისა და დამცველი ძალის სიმბოლოდ შერაცხეს.
უძველეს ეგვიპტეში არსებობდა მეტად მნიშვნელოვანი ღვთაების კულტი. საუბარია ღვთაება ბასტეტზე, რომელიც მზისა და მთვარის შუქთან იგივდებოდა. ღვთაებას გამოსახავდნენ, როგორც ქალწულს კატის ან ძუ ლომის თავით. ბასტეტი ოსირისისა და იზიდის შვილად ითვლებოდა. მას შემდეგ ლოცვებს უძღვნიდნენ: „მაჩუქე ცხოვრება და ძალა, სიხარული და ბედნიერება“. სწორედ ამ ღვთაების საპატივცემულოდ, კატებს ქედს უხდიდნენ და მათ სხეულს მუმიფიცირებას უკეთებდნენ. მათ სარკოფაგებში კი თაგვებს აყოლებდნენ იმისთვის, რომ კატებს შესძლებოდათ გამოკვება.
კატის კულტის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და როგორც ჰეროდოტე იუწყება, ქალაქ ბუბასტიტში ეგვიპტის ყველაზე ლამაზი სამლოცველო აშენდა, რომელიც ბასტეტის სამყოფელად ითვლებოდა. მთავარ სიწმინდედ ღვთაების გიგანტური ქანდაკება ითვლებოდა. გაზაფხულის ყოვეწლიურ დღესასწაულებზე ქანდაკება სამლოცველოდან გამოჰქონდათ და ნილოსის სანაპიროებზე მიაგოგებდნენ.
წმინდა კატებს რძითა და პურით კვებავდნენ. მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი გიგანტური აკვარიუმები სავსე იმ თევზებით, რომლებსაც ქვირითი არ ჰქონდათ. ცოდვილად ითვლებოდა ის, ვინც ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს კატების გაყიდვით იქმნიდა. კატას კანონი იცავდა და ამ კანონის დარღვევა გარდაუვალ სიკვდილს გულისხმობდა. კატის გარდაცვალების შემდეგ ატარებდნენ იმავე რიტუალებს, რასაც ადამიანის აღსასრულის შემდეგ. ამ ცხოველის მეპატრონეები გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდნენ, კატის სხეულს კი მუმიფიცირებას უკეთებდნენ.
გასული საუკუნის ბოლოსთვის, ნილოსის ნაპირებზე, სოფელ ბენი-გასანის ტერიტორიაზე, კატის ათი ათასზე მეტი მუმიფიცირებული სხეული იქნა აღმოჩენილი.
ეგვიპტელები კატების საპატივცემულოდ მათ ქანდაკებებსაც ქმნიდნენ. ხელოვნების ეს უნიკალური ნიმუშები დღემდეა შემორჩენილი. ბრინჯაოსგან შექმნილი ქანდაკებები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებში. ბრინჯაოს ქანდაკებები სხვა ძვირფასი ლითონებისგან შექმნილი ეგზემპლარებისგან გლუვი ზედაპირით განსხვავდებიან. ამ ქანდაკებებზე კარგად არის გამოკვეთილი კონტურები და სხვადასხვა დეტალები, რომლებიც მათ უნიკალურობას განაპირობებენ. ქანდაკებებს ქმნიდნენ ბრინჯასოგან, ოქროსგან და მარმარილოსგან.
ხელოვნების აღნიშნული ნიმუშები დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით არის შექმნილი. ისინი გამოხატავენ იმ ეპოქის კულტურასა და ხელოვნებას, რომელშიც აღნიშნული შეხედულებები იყო ჩამოყალიბებული.