კობა ხაბაზი: ივანიშვილი წამებულის მანტიის მოსხმას ცდილობს…

  21:39:51     10-04-2012

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ კობა ხაბაზის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი  პირსისხლიან ჯალათს – ლებედს აფინანსებდა და ახლა, „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის, რაც ამაზრზენია. მისი თქმით, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს და მისი მხრიდან თავის მართლება, რომ ის თითქოს, ელცინს აფინანსებდა და არა ლებედს – სასაცილოა. ხაბაზის მტკიცებით, ის  ვერასდროს შეეგუება იმას, რომ 9 აპრილი გაპოლიტიკოსების მსურველთათვის ფარისევლობისა და სიყალბის არენა გახდეს. ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებებთან და შეფასებებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ –  კობა ხაბაზს ესაუბრა:

ივანიშვილი აცხადებს, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას, თბილისში იყო თუ არა ლებედი, ეს არც იცის და არც აინტერესებს. რატომ უარყოფს ლებედთან კავშირს ოლიგარქი? 

– ივანიშვილი რუსულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის კომუნისტების ხმების გაყოფის მიზნით, ლებედს აფინანსებდა. მართალია, მას თავის მართლების გამჭრიახი სცენარი ჰქონდა მოფიქრებული, მაგრამ სჯობს,  ეს ზღაპრები, სხვას მოუყვეს. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს და თავის მართლება, რომ თითქოს, ის ელცინს აფინანსებდა და არა ლებედს – სასაცილოა. უკაცრავად, მაგრამ ეს ის ელცინი არ არის,  რომლის დროსაც, აფხაზეთში საომარი მოქმედები დაიწყო და რომლის წყალობითაც, სოხუმი დაიბომბა და ქართველებმა გოლგოთის გზა გამოიარეს?  სამააყო რა არის, ის რომ ელცინს აფინანსებდა? ვერ ვიხსენებ, რომ ივანიშვილი როდესმე, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულიყო და საომარი მოქმედებები გაეკრიტიკებინა. ამას ერთი ახსნა აქვს, რომ თუ ის ხმას  აიმაღლებდა, ის მილიარდებს დაკარგავდა და მესმის, რომ ეს ძალიან დიდ ფულს ეხებოდა, მაგრამ სამშობლო უფრო ღირებულია.

– 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, 23 წელი გავიდა, მაგრამ ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, ტიტებით ხელში არავის უნახავს. პარლამენტის წინ, მისი გამოჩენა თქვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა? 

– რომ გითხრათ, ეს გამიკვირდა-თქო მოგატყუებთ, რადგან ეს ამაზრზენი ფაქტი იყო, ვინაიდან, მას 9 აპრილის მემორიალთან მისვლას ადრე ვინ უშლიდა? 9 აპრილის მონაწილეები, მემორიალთან ყოველთვის ვიკრიბებით და  ყველას გულს გვტკენს, როცა ვინმე ცდილობს, რომ ეს დღე, სპეკულაციისთვის გამოიყენოს. ივანიშვილი  პირსისხლიან ჯალათს – ლებედს აფინანსებდა და გუშინ, ნიანგის ცრემლებს ღვრიდა. ამას, რა შეფასება უნდა მიეცეს? არც ის გამიკვირდებოდა როდიონოვი და ლებედი რომ მოეყვანათ, დაეყენებინათ და ნიანგის ცრემლებით აეტირებინათ. იმას ვერასდროს შევეგუები, რომ 9 აპრილი გაპოლიტიკოსების მსურველთათვის ფარისევლობისა და სიყალბის არენა გახდეს. სხვა რა უნდა ვუწოდო, როდესაც 9 აპრილის მეორე დღეს, 10 აპრილს, ადამიანი კომპარტიის რიგებში  შევიდა?   უსუფაშვილზე მოგახსენებთ, რომელიც  10 აპრილს, კომუნისტური პარტიის რიგებში გაწევრიანდა. არ ვიცი,  რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა ეს თავში, რომ ის პარტიის რიგებში გაწევრიანებულიყო. 9 აპრილი ცივილიზებული სამყაროსთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან ამ დღეს, რუსეთის ბოროტების იმპერიის ნგრევა შეუქცევადი გახდა. ჩვენთვის ეს დღე –  თავისუფლებისა და ბრძოლის დღეა.  ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.

ბოლო პერიოდში, ივანიშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმის ტონით ესაუბრება. ცოტა ხნის წინ, აცხადებდა რომ „აბა, ერთი მისთვის მოქალაქეობა არ მიეცათ“. ახლა კი, მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა. რა იმალება, მისი შემართების უკან?

– ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ საარჩევნო მარათონში არ ჩართულიყო, რადგან მას არჩევნებში დამარცხების ეშინია. მისი ბაქი–ბუქი იქითკენ მიდიოდა, რომ წამებულის მანტია მოესხა, თორემ ვერავინ დამაჯერებს, რომ მას იურისტები არ განუმარტავდნენ, რომ ორმაგი მოქალაქეობა მოეთხოვა. ივანიშვილი ან პატივმოყვარეობით არის დაავადებული, ან მას არჩევნებში ჩართვა არ უნდა. რაც შეეხება  სააკაშვილის მიმართ კრიტიკას, მარტივი სცენარია, მას რუსეთი საქართველოს კრიტიკას ვერ დაავალებდა, რადგან ეს ხალხს ააბუნტებდა.  პუტინის პირადი ამოცანა –   სააკაშვილის დამარცხებაა, რადგან მან ბევრჯერ დაიტრაბახა, რომ  სააკაშვილს გაუსწორდებოდა. სწორედ, ამ მიზნით, ივანიშვილი ელჩებს ხვდება, რომ პრეზიდენტი აკრიტიკოს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ის არჩევნებში დამარცხდება და  ისეთ  სიფრთხილეს გამოვიჩენთ, რომ მას სათქმელიც კი არ დავუტოვოთ. 

- 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილი პარტიის დაფუძნებას აპირებს, მაგრამ ვინაიდან, ის საქართველოს მოქალაქე არ არის, ამას, იურიდიულად როგორ შეძლებს?

– პარტიას დააფუძნებს, მაგრამ პარტიას რეგისტრაცია სჭირდება და ის ამას, იურიდიულად მანამდე ვერ შეძლებს, სანამ პარლამენტი „ქრისტიან–დემოკრატების“ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაამტკიცებს, რომლის მიხედვით, მისი პოლიტიკური უფლებებით აღჭურვა მოხდება.