სხეულზე ხატვის ხელოვნება

  16:51:23     10-04-2012

აღსანიშნავია, რომ სხეულზე ხატვას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი სვირინგები ეგვიპტური პირამიდების გახსნის შემდეგ იქნა აღმოჩენილი. მიუხედავად ამისა, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ სწორედ ეს სვირინგები გახლავთ პირველი ხელოვნების ნიმუშები. ყველაფერთან ერთად არსებობს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სვირინგები არსებობდა უძველეს ჩინეთში, იაპონიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, პერუში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ძველ საფრენგეთში, რომსა და ინდონეზიაში.

მიზეზები იმისა, თუ რატომ გადაწყვიტეს ადამაინებმა სხეულზე სხვადასხვა ფიგურებისა თუ წარწერების დახატვა, უცნობია. არსებობს შეხედულება, რომ პირველი სვირინგი სხეულზე სრულებით შემთხვევით აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი სვირინგი იყო იარა, რომელიც მის პატრონს სხვებისგან გარკვეული მიზეზით გამოარჩევდა. ამის შემდეგ კი სხეულის მოხატვა სპეციალურად დაიწყეს და თითოეულ სვირინგს თავისი დანიშნულება ჰქონდა.

ეჭვგარეშეა, რომ თითოეულ სვირინგზე მოქმედებდა ის, თუ რომელი კულტურის წარმომადგენელი იყო მისი მფლობელი. სწორედ ამიტომ, თითოეულ სვირინგში განსხვავებული აზრი იდო, რომ არაფერი ვთქვათ მათი ფორმებისა და ორნამენტების რადიკალურ განსხვავებაზე.

სვირინგს შესაძლოა გამოეხატა მფლობელის სოციალური სტატუსი, შესაძლოა ჰქონოდა თილისმის დანიშნულება და ყველაფერთან ერთად სვირინგი შესაძლოა დასჯის ერთ-ერთი ხერხი ყოფილიყო. მაგალითად იაპონიაში, დამნაშავის დასასჯელად მის შუბლზე ხაზს ასვირინგებდნენ იმ მეთოდით, რომ სამი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათ შუბლზე გამოსახული იყო იეროგლიფი „ინუ“, რაც „ძაღლს“ ნიშნავს.

ამასთანავე, სვირინგს შეეძლო დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის მის მფლობელზე. მაგალითად იაპონელი აბორიგენები, აინას ტომიდან, სახეზე სვირინგებს ოჯახის შექმნის აღსანიშნავად იკეთებდნენ. ყველაფერთან ერთად, მსგავსი სვირინგების დახმარებით შესაძლებელი იყო იმის გარკვევაც, თუ რამდენი შვილი ჰყავდა ქალბატონს.

ძველ რომში სვირინგებს პატიმრებსა და მონებს უკეთებდნენ. ბერძენი მონები კი თვლიდნენ, რომ სხეულზე არსებული იარები მათი მეპატრონეების დიდებულებას წარმოაჩენდნენ.

სხეულზე ხატვასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო ისტორიის მოსმენაა შესაძლებელი ჰეროდოტეს თქმულებებიდან, რომლებიც დარიუსის ეპოქას უკავშირდება. ამ თქმულებებში საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ სვირინგებს შეტყობინებების გადასაცემად. იმის გამო, რომ შეტყობინება სრულ საიდუმლოს წარმოადგენდა და მის შესახებ მხოლოდ მისმა მფლობელმა იცოდა, შეტყობინების ავტორი თავის მონას თავს პარსავდა და ნემსის წვერით სახავდა კანზე საჭირო ინფორმაციას. მას შემდეგ კი როცა თმები კვლავ გაიზრდებოდა, იგი მონას ადრესატთან გზავნიდა.

ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად, სხეულზე ხატვა მომაკვდინებელ ცოდვად იქცა და ფაქტობრივად ხელოვნების ეს დარგი სრულებით გაქრა. ევროპაში სვირინგების დაბრუნებაში მეტად დიდი როლი კაპიტანმა ჯეიმს კუკმა ითამაშა. 1769 წელს ტაიტიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა თან სიტყვა „tattoo” ჩამოიტანა. რა თქმა უნდა ერთი ცოცხალი მაგალითიც წამოიყვანა, რომლის სხეულიც მთლიანად სვირინგებით იყო დაფარული. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად სვირინგები მხოლოდ ზღვასთან დაკავშირებულ თემატიკას გამოსახავდნენ.

1891 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა სხეულის მოსახატად ელექტრო მექანიზმი შექმნა. ამ გამოგონების შემედეგ კი სვირინგებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.

დღეისათვის სხეულის მოხატვა ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია. ისინი ყოველთვის სიახლისკენ ისწრაფვიან და სხეულის მოდიფიცირება აღნიშნული გზით, მათთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.