ვინ არის ბიძინას „ლიკვიდაციის“ სცენარის ავტორი

  15:59:52     10-04-2012

ის ადრე „თეთრ ლექსებს“ წერდა. ახლა ბიძინას უსაფრთხოებაზე ზრუნავს და  ზღაპრების წერა დაიწყო.  სულით რომანტიკოსია, ხორცით – „კაგებეშნიკი“, იდეით „რესპუბლიკელი“,  დროებით  – „ბიძინისტი“.

ლაშა ნაცვლიშვილზე ვსაუბრობთ. შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის მოადგილეზე.  სამწუხაროდ, მის  პოეზიას ღრმად არ ვიცნობთ, რომ ფრაზები გავიხსენოთ.  მისი მოგონილი ზღაპარი კი შეგვიძლია მოგიყვეთ.

მოკლედ, ყველამ იცით, ვახტანგ კომახიძე. კაცი, რომელიც  წლების წინ,  ერთერთ საწყობში  შეიპარა, კბილის ჯაგრისები, საპნები და ტუალეტის ქაღალდები  მოიპარა. მერე რამდენიმე წელი ციხეშიც იჯდა.  ციხიდან, მაშინ ზოგი „კანონიერ ქურდად“ გამოდიოდა, ზოგი „ნაპოლეონ ბონაპარტედ“, ზოგიც „ჟოზეფინად“. კომახიძე  ტუალეტის ქაღალდების ქურდადვე გამოვიდა და მასზე უფრო დიდ ქურდებზე დაიწყო ჟურნალისტური  გამოძიება... მერე მობეზრდა საქმე, რომელიც მისი არ იყო და  ჟენევას შეაფარა თავი. იქამდე დოკუმენტური ფილმი გადაიღო სამაჩაბლოზე და აგვისტოს ომზე, სადაც დამნაშავეებად ქართველები გამოიყვანა. ახლაც ჟენევაშია და  ეტყობა ფული დასჭირდა....  ფულიც იშოვა, ფეისბუქზე განცხადების გამოქვეყნებით: „ბიძინას მოკლავენ რეგიონში ვიზიტისას, სარწმუნო წყარომ მითხრა და კაცობა არ მაძლევს უფლებას, დავმალოვო...“.

სწორედ, ამ  ზღაპრის ავტორია ზემოთ ნახსენები  „ვინმე თეთრი მელექსე“ ნაცვლიშვილი. ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც დღეს „ბიძინისტობს“  და ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ასეთი გეგმა შესთავაზა ოლიგარქს: ვინმეს,  უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია, ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ.  ამის შემდეგ, ბიძინას გარემოცვას განგაში უნდა აეტეხა ხალხში. ბიძინა  ცხადია, უნდა დაინტერესებულიყო „საქმის დეტალებით“ და  ამბის გამავრცელებელისგან უნდა მიეღო დაზუსტებული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია. მართლაც, ბიძინამ აფრინა მსტოვრები ჟენევაში, კომახიძესთან, თითქოსდა მისი ლიკვიდაციის გეგმის დეტალების გასარკვევად. კომახიძემაც იხეირა და წესით, უნდა ეხეირა ნაცვლიშვილსაც... 

ლაშა ნაცვლიშვილის ამ მარტივი   სიუჟეტის შემდეგ, გათვლილი იყო „დიდი  პოლიტიკური ნაბიჯი“. ბიძინა, რომელიც რუსეთუმე და პუტინისტია, რომლის ოცნებაც რუსულია,  ხალხისთვის უნდა დაენახვებინათ პროამერიკელად.  ნაცვლიშვილის  სცენარით, „დიდი პოლიტიკური ნაბიჯის“ შემდეგი ეტაპი უნდა ყოფილიყო  ბიძინას დაცვის გაძლიერება. ვის უნდა გაეძლიერებინა ბიძინას დაცვა? ამერიკიდან ჩამოყვანილ „ტიპებს“. ნაცვლიშვილის გონების ნაჟურის მთავარი ამოსავალი იყო –  „დაცვის ამერიკელი, ფერადკანიანი (ხაზგასმულად ფერადკანიანი) ტიპები“. 

ბიძინას მარაზმში ჩავარდნილი  გარემოცვა, ასე იოლად აპირდებდა მისი პრორუსულობის გაქარწყლებას. „როცა ამერიკელი ფერდაკანიანები ეყოლება დაცვაში, კიდე ვინ იტყვის რომ რუსეთის კაცია. თუ რუსეთის კაცია, ამერიკელებს როგორ მიანდო საკუთარი უსაფრთხოება?!  _ ხელებს  შლიდა „თეთრი მელექსე“ ერთერთ თათბირზე, „შუშის სასახლეში“.

ლაშა ნაცვლიშვილს და მის პატრონს, ჰგონიათ, ვინმე ასე მარტივად მოტყუვდებოდა, თუ ამერიკიდან   „ტერმინატორს“  დაიქირავებდნენ.  ამერიკიდან უამრავი „მცველის“ ჩამოყვანა შეიძლება, თუ ფულს გადაუხდი. დეკორაციად ამერიკელი დაცვის გამოყენება,  ან ბიძინას გარემოცვის სუსტ ფანტაზიაზე მეტყველებს, ან ამ გარემოცვას ქართველი ხალხი ჰგონია სუსტი ჭკუის. ბიძინას კაცი არ გამოუჩნდა მრჩეველი, რომ უთხრას, მწვერვალზე ასასვლელად ძლიერი თოკებია საჭირო და არა   გასაბერი კამერა, „უტკის“ ფორმით. 

პ.ს: „პრესა.ჯი“ ლაშა ნაცვლიშვილს დაუკავშირდა. ამ უკანასკნელმა როგორც კი  თემის შინაარსი  გაიგონა, ტელეფონი გათიშა.