
მიხეილ მაჭავარიანი: ქუთაისის პარლამენტში, 26 მაისს, სხდომა გაიმართება...
13:02:40     10-04-2012
აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ქუთაისში აღნიშნავს. 26 მაისს ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობაში, სხდომათა დარბაზი გაიხსნება.
როგორც „პრესა.ჯი“–ს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ამ ეტაპზე, ქუთაისის ახალი შენობა მზად არ არის, რის გამოც, 26 მაისს, მხოლოდ პლენარული სხდომის დარბაზის გახსნა იგეგმება. გამორიცხული არ არის, ქუთაისში, პარლამენტის პლენარული სხდომები სხვა დროსაც ჩატარდეს.
„სკეპტიკოსებისგან განსხვავებით, პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ სხდომები ქუთაისში გაიმართოს. სჯობს, ყველაფერს მშვიდად შევხედოთ, რადგან გაზაფხულთან ერთად, ზოგს გრძნობები უჩნდება და თავის მეექვსე გრძნობას რაღაცას აბრალებს. ზოგიერთი ექსპერტისთვის რომ დაგვეჯერებინა, უკვე საპარლამენტო არჩევნები უნდა ყოფილიყო. ქუთაისში, პლენარული დარბაზის წინასწარი გახსნა მოხდება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტის სხდომები სულ იქ ჩატარდება, ან პირიქით. მითუმეტეს, რომ ჩვენ საგაზაფხულო სესიას რეგლამენტის მიხედვით, ივნისში ვხურავთ, რადგან რეგლამენტში არის ჩანაწერი, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, პლენარული სხდომები არ იმართება“ – დასძინა მან.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის ძველ შენობას, ვიცე–სპიკერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ეს შენობა, თავისი წითელი ხაზებით საქართველოს პარლამენტის ბალანზე ირიცხება. მაჭავარიანი მომხრეა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადასვლის შემდეგ, თბილისის პარლამენტის შენობაში აქტიური ბიზნეს ცხოვრება დაიწყოს, „იქნება ეს სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი თუ სხვა“...
„პარლამენტის შენობა არავის უყიდია და ის ჩვენს ბალანსზე ირიცხება. რაც შეეხება საინტვესტიციო პაკეტს, მას შემდეგ რაც პარლამენტი ქუთაისში გადავა, ერთ–ერთი გეგმა, ამ პარლამენტის ინვესტორისთვის შეთავაზებაა. თუ ღირსეული შეთავაზება იქნება, შენობა გაიყიდება. ამ შენობაში წარმომიდგენია ბიზნეს–ცენტრის გამართვა... – განაცხადა მაჭავარიანმა.
პარლამენტის შენობა 1930–იან წლებში არის აშენებული. საკმაოდ მოძველებულია. მაჭავარიანი ამბობს, რომ გასულ წლებში შენობა ინგრეოდა, მაგრამ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შენობა მყარად არის გამაგრებული.
შეგახსენებთ რომ, პარლამენტში რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვით, 2012 წლის 1 მაისიდან, საკანონმდებლო ორგანოს სხდომები ქუთაისში გაიმართება. ახალი კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.