ივანიშვილმა ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე 3 მილიონად „ამოასუნთქა“

  12:45:02     10-04-2012

„პრესა.ჯი“-მ კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა. ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ ფორმალურმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა,  ირაკლი ალასანიასთან პოლიტიკური ქორწინების სანაცვლოდ, ერთ დროს იგორ გიორგაძის ფავორიტს, მისი მოსკოველი ამხანაგის ანგარიშზე, 3 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

„პრესა.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი ალასანიამ, ივანიშვილისგან 3 მილიონი დოლარი „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრობის, სამეგრელოში „პრობიძინისტური“ მუშაობისა და უბრალოდ, კარგი ცხოვრებისთვის უნდა აიღოს.

შესაბამისად, უკვე გაოცებასაც აღარ იწვევს, ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის აღტაცებული განცხადებაც, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა: „ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ამოვისუნთქე“. როგორც ჩანს, „წმინდა ბიძინა მდიდარს“, ცოლ-ქმრის ამოსუნთქვა 3 მილიონი დოლარი დაუჯდა.  

ივანიშვილმა მილიონები ალასანიას სულ რამდენიმე დღის წინ, მისი ერთ-ერთი ბიზნეს-ანგარიშიდან გადაურიცხა და იგორ გიორგაძის კადრიც „გმირულად“ შეუდგა დიადი ბიძინას „გარასკრუტკებას“ სამეგრელოში...

მოლაპარაკების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი მიზანს მიაღწევს და პრემიერ-მინისტრის სავარძელში წამოსკუპტება, ალასანიას დამატებით კიდევ 3 მილიონი და „სკამი“, შს სამინისტროში, უნდა მისცეს.

ხოლო თუ ოქტომბერში ბიძინას ოცნება დაიმსხვრევა და არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, იგორ გიორგაძის ფავორიტს ის 3 მილიონიც ხახვივით შერჩება, რომლითაც მისი მოსკოველი ამხანაგის  ანგარიში შეივსო.

სავარაუდოდ, მოწველილ 3 მილიონს ალასანიას ამხანაგი რომელიმე ევროპულ ანგარიშზე გადაამისამართებს და როგორც „ლეიბორისტი“ სოსო შატბერაშვილი ამბობს, ასე გამდიდრდება კიდევ ერთი „ფულმადიდებელი“ ქართველი პოლიტიკოსი. 

ინფორმაცია პორტრეტისთვის: ირაკლი ალასანია - უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში რუსეთუმესა და ტერორიზმში  ბრალდებული იგორ გიორგაძის რეკომენდაციით, მისი მფარველობის წყალობით მოხვდა.

იყო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც შვილმკვდარი დედები, მანანა რეხვიაშვილი და თამარ გარსევანიშვილი თავიანთი შვილების უბედურებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ირაკლი ალასანიას კავშირი ჰქონდა ნარკობიზნესთანაც.

კერძოდ: 1995 წლის 4 მარტს, თბილისში საზარელი დანაშაული მოხდა. ორი ახალგაზრდა: კუსა თოხმაიდი და ბექა რეხვიაშვილი გაუჩინარდა. გამოძიება ეჭვობს, რომ ისინი დახოცეს. გარდაცვლილების მშობლებს კი, შვილების ცხედრების ნაცვლად, სხვისი გვამები შეაჩეჩეს ხელთ.

გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები, სხვებთან ერთად, ამ საზარელ დანაშაულში ბიძინა ივანიშვილის მთავარ სახეს, ირაკლი ალასანიას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ალასანია, რომელსაც ნარკობიზნესთან ჰქონდა კავშირი, თავისივე მეგობრების გაუჩინარების საქმის თანამონაწილეა. 

„იმ ღამეს, როცა ჩემი შვილი გაუჩინარდა, ალასანიას ბებია იყო იქვე და ხმამაღლა ვუთხარი, მე მკვლელს ვეძახი თქვენს შვილიშვილს, არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა მთავარი როლის შემსრულებელი იყო თუ - ეპიზოდურის. გვსმენია, რომ ირაკლი ალასანიას ნარკოტიკების ვაჭრობასთანაც კავშირი ჰქონდა“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს მანანა რეხვიაშვილმა.

სხვათაშორის, ალასანიას დღემდე არ გაუკეთებია ვრცელი განმარტება გარდაცვლილი ახლაგაზრდების მშობლების ამ მძიმე ბრალდებაზე.

P.S: „გაოცებული ვარ თქვენი კითხვებით,  ან საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები, „ქართული ოცნება“ გაკვირვებიდან გამოსვლას ვერ ასწრებს, რომ თქვენ ახალი თემით რეკავთ“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტს ირაკლი ალასანიას ცოლის დამ, კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, ივანიშვილ-ალასანიას ფინანსური გარიგების კომენტირებისას და  ტელეფონი გათიშა.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, აქ უფრო მძიმე სიტუაცია გვხვდება - „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი „პრესა.ჯი“-ს ზარებს არ პასუხობს. ხოლო, ცინიკურია მისი პრეს-მდივანი, ყოფილი ჟურნალისტი, ვაკო ავალიანი...

„რომელ მეობარს დაერიცხა თანხა? ეს რაღაც ახალია. მსგავს ინფორმაციებზე სერიოზულ პასუხს ნუ ითხოვთ“,- ანერვიულდა კითხვით „შეურაცხყოფილი“ ავალიანი - თითქოს, ალასანია, თითოეული ცენტის დახარჯვისას მას დეტალურ „რაპორტს“ უწერდეს.