გეორგ ჰაიმის ლექსის, „ქალაქის ღმერთი“, ქართული თარგმანის ორი ვარიანტი
10:15:25     10-04-2012
1887 წელს, ჰიშბერგში, ქვემო სილეზიაში დაიბადა ცნობილი გერმანელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი გეორგ ჰაიმი (Georg Heym) . ახლა ეს ტერიტორია პოტსდამის ხელშეკრულების მიხედვით (1945) ეკუთვნის პოლონეთს და ჰქვია ელენია-გურა.
დაიბადა ჰერმან და ჯენი ჰაიმების ოჯახში. 1894 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადასახლდა ქალაქ გნეზენში, სადაც მომავალი მწერლის მამა მთავარ პროკურორად დანიშნეს.
1896 წელს გეორგი შეიყვანეს გიმნაზიაში. ბავშვობიდან უყვარდა ლიტერატურა. 11-12 წლის ასაკში უკვე წერდა ლექსებს თავის დღიურში.
1899 წელს ოჯახი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად. გეორგმა სწავლა განაგრძო ბერლინის ვილმესდორფის გიმნაზიაში. 1905 წელს მოუწია გიმნაზიის დატოვება, რადგან მეგობრებთან ერთად გიმნაზიის ნავი დაწვა. გადავიდა სხვა გიმნაზიაში, ბერლინთან ახლოს, ქალაქ ნოირუპინში.
მისმა თანაკლასელმა ერნსტ ფოგელმა თავი მოიკლა. საშინელი შთაბეჭდილებით გეორგმა ლექსები დაწერა. ორი ლექსი გამოქვეყნდა გიმნაზიის გაზეთში.
1907 წელს დაასრულა გიმნაზია. იმ დღეს დღიურში ჩაწერა: „თავისუფლება!“
იმავე წელს, მამის სურვილისამებრ ჩააბარა ვიურცბურგის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად წერდა, მათ შორის დრამებს.
1910 წელს თავის ნაწარმოებებს კითხულობდა ბერლინის „ნეოპათეთიკურ კაბარეში“ და „ახალ კლუბში“. მალე პოპულარულიც გახდა ლიტერატურულ წრეებში.
1910 წელს ნახა სიზმარი, რომელშიც დაიღუპა, დაიხრჩო. 1912 წლის 16 იანვარს თავის მეგობართან ერთად გაყინულ მდინარე ჰაფელზე სრიალებდა ახალგაზრდა გენიოსი. უცებ ყინული ჩატყდა და პოეტი დაიხრჩო. მან იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და მომავალი ომების საშინელებანიც...
ხანმოკლე ცხოვრების ნამძილზე ვერ მოესწრო თავისი ყველა ნაწარმოებების გამოქვეყნებას, მხოლოდ ერთი პოეტური კრებული იყო გამოსული - „მარადიული დღე“. მისი ორი პოეტური კრებული და ნოველების წიგნი „ქურდი“, მისმა მეგობრებმა გამოსცეს პოეტის გარდაცვალების წელს.
უდროოდ დაღუპული გერმანელი პოეტის ლექსები შევიდა ექსპრესიონისტულ კრებულ-ანთოლოგიაში, რომელმაც დიდი სახელი მოუტანა გეორგ ჰაიმს.
მისი ლექსები ქართულად თარგმნილი აქვთ მარიამ ქსოვრელს, გივი ალხაზიშვილს. დღეს გთავაზობთ გეორგ ჰაიმის ლექსს, „ქალაქის ღმერთი“, რომელიც თარგმნა ორივე მათგანმა. არა იმიტომ, რომ შევადაროთ, რომელია უკეთესი, ვფიქრობ ორივე კარგია, არამედ იმიტომ, რათა უკეთ გავეცნოთ გეორგ ჰაიმს.
ქალაქის ღმერთი
(თარგმნა გივი ალხაზიშვილმა)
სახურავებზე გადამჯდარა, გადამხობილა,
ქარაშოტები კერპის შუბლთან კვლავ ბინადრობენ,
მრისხანედ უმზერს გარეუბანს, სადაც ობოლი
ბოლო სახლები, თითქოს ცაში წასვლას ნატრობენ.
მეწამულისფრად ულაპლაპებს დაისი მუცელს,
სწამთ ნუხლმოდრეკილ დიდ ქალაქებს მისი დიდება,
ეკლესიათა ზარების ხმა გაისმის უცებ,
შავი კოშკების ზღვიდან მისკენ მიიზვირთება.
ისმის მუსიკა მილიონთა, ხმა დამღუპველი…
ველური როკვა… ჩანს უთვალავ თვალის სარკმელი,
მილების მჭვარტლი, ფაბრიკათა კვამლის ღრუბელი
მიიწევს მისკენ, მიიწევს ვით სუნთქვა საკმევლის.
ავი ტაროსი კერპის წარბებს რომ შეერევა,
საღამო მიდის ღამისაკენ ბინდის ფათურით,
კერპის თმაგაშლილ უღრანიდან, როგორც ძერები
იმზირებიან ქარიშხლები ფრთებშემართული.
განრისხებული გადმოსტყორცნის ციდან ცეცხლის ზღვას,
გავარვარებულ ცეცხლის ნაკადს ხმელეთს მიანთებს,
მუშტს მოუღერებს და ქალაქის ქუჩებს შერისხავს
და ქალაქს შთანთქავს გეჰენია გამთენიამდე.
ქალაქის ღმერთი
(თარგმნა მარიამ ქსოვრელმა)
სახლების ზემოთ ზის მხრებგაშლილი,
შავი ქარები შეჰყრია შუბლთან.
შორს, იქით, სახლებს გაჰყურებს რისხვით
სიმარტოვეში გზაარეულთა.
ბაალს მუცელი უელავს მწუხრზე,
მუხლმოყრით დგანან ქალაქში ირგვლივ.
შავ კოშკთა ზღვიდან ურიცხვ ზართა ხმა
მისკენ ზვირთებად მიიწევს გრგვინვით.
თავბრუდამხვევი მუსიკა უხმობთ,
ქუჩებში როკვენ მილიონები.
ცისფრად მიეტვის ბაალს საკმევლად
ქარხნების მილთა კვამლის ბოლქვები.
როდესაც წარბებს შეიკრავს, ავდრობს,
საღამო ბნელი ყრუვდება ღამით,
და როგორც ძერებს, ძლიერ გრიგალებს,
აებურძგნებათ ბუმბული ბრაზით.
მუშტს ყასაბივით წყვდიადში იქნევს.
შმაგდება, ზღვის ცეცხლს გადმოღვრის პირქვე.
ქუჩა ენთება და ალში იხვევს,
ჩაწვავს, ჩაფერფლავს, თენდება ვიდრე.