პირველი ქვევრი?
09:38:29     10-04-2012
დღესდღეობით ხშირად საუბრობენ ქვემო ქართლში, კერძოდ კი სოფელ შულავერთან მდებარე ე.წ. “ხრამის დიდ გორაზე” არქეოლოგიური აღმოჩენის – თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭლის შესახებ. მკვლევართა განხილვის საგანს წარმოადგენს ამ ჭურჭლის სახელი, წარმომავლობა და სხვ.
აღნიშნული ჭურჭლის გარშემო რიგი კითხვების შესახებ უკვე არსებობს პასუხი, ხოლო ზოგიერთი საკითხი, როგორიცაა, აღმოჩენილი ჭურჭლის სახელდება და წარმომავლობა, ჯერჯერობით კვლავაც განხილვის საგანია. რაც შეეხება ჭურჭლის ასაკს, იგი მიჩნეუილა ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები) ჭურჭლად, რომლის ხნოვანობა რვა ათასი წელია. ეჭვგარეშეა, რომ აღმოჩენილი ჭურჭელი საღვინე დანიშნულებისაა, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებას, რომელიც, ვფიქრობთ, უფრო გაამყარებს ამ ჭურჭლის დანიშნულებისა და შესწავლის საკითხებს.
ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი ძალზე მაღლი გემოვნებითაა შესრულებული, რომელსაც ზედა მხარეს, შეიძლება ითქვას, გვირგვინად ამკობს ყურძნის მტევნის ოთხი სტილიზებული გამოსახულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჭურჭელი, ცხადია, არ იქნებოდა ყველაზე პირველი ჭურჭელი და, რა თქმა უნდა, მას ეყოლებოდა თავისი წინამორბედები. ეს კი იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კულტურული მეღვინეობა და ღვინის ჭურჭლის წარმოება შესაძლოა უფრო ადრეა დაწყებული ვიდრე ზემოხენებული პერიოდი.
ამა თუ იმ ჭურჭელზე ყურძნის მტევნების გამოსახულება, ვფიქრობთ, იმაზე მიანიშნებს, რომ ჭურჭლის დანიშნულება, პირველყოვლისა, ვაზსა და ღვინოს უკავშირდება. ძალზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხმა, რომელმაც ამგვარი მაღალმხატვრული ჭურჭელი შექმნა, მასზე ყურძნის მტევნები გაუცნობიერებლად, შემთხვევით დაიტანა დეკორაციად…
თიხის ქართულ საღვინე ჭურჭელზე, იქნებოდა ეს დოქი, ფიალა, გოზაური თუ სხვა, ხშირია ყურძნის მტევნების, ვაზის ფოთლებისა და ბწკალების, ვაზის ყვავილობისა თუ თავად ვენახის ზვრების სტილიზებული გამოსახულებები. ხრამის დიდი გორის ჭურჭლის მორთულობის შესწავლიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საღვინე ჭურჭლის მხატვრული დამუშავება ჩვენში ათასწლეულებს ითვლის და ამ უკანასკნელს ძალზე დიდი ისტორია აქვს. დიდი ზომის თიხის ჭურჭელი საქართველოში არა მარტო საღვინედ, არამედ მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მცირე თუ ხანგრძლივი დროით შესანახადაც გამოიყენებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად ალოგიკური იქნეობოდა, არასაღვინე დანიშნულების ჭურჭელზე, და მეტადრე მარცვლეულისაზე, დაეტანათ ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლიკა, რომელიც ირიბადაც კი არ უკავშირდება ხორბალსა თუ სხვა კულტურას. როგორც ჩანს, იმდროინდელ ხალხს, რომელიც დეკორაციებისათვის ყურძნის მტევნებს გამოიყენებდა სხვადასხვა სახის ჭურჭელსა თუ ყოფით საგნებზე, კარგად სცოდნია ვაზისა და ღვინის მნიშვნელობა და ალბათ ხრამის დიდი გორის ჭურჭელიც იმას მიანიშნებს, რომ აღნიშნული ჭურჭელი შეუმკიათ მათთვის საკმაოდ კარგად ცნობილი და ამასთან ძვირფასი სიმბოლოთი – ყურძნის მტევნით. ამასთან, ეს ჭურჭელი მექვევრე ოსტატს თავიდანვე საღვინე ჭურჭლად შეუქმნია, ხოლო ასეთ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჭურჭელთან, რომელიც თავიდან ბოლომდე მეღვინეობის ინტერესებს ემსახურებოდა, რაც არაერთი ფაქტობრივი მტკიცებულებით მყარდება. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელი უშუალოდ მევენახეობა-მეღვინეობას უკავშირდება. ამ აზრს ის საინტერესო და უტყუარი ფაქტიც ამტკიცებს, რომ ჭურჭლის კედლის სინჯში აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლებისა და ღვინის მჟავის ნაშთები…
მართალია, ხრამის დიდი გორის ჭურჭლის ქუსლი ჩვეულებრივი, კლასიკური ქვევრის ქუსლისაგან განსხვავდება და აქვს არა წაწვეტებული, არამედ უფრო ბრტყელი ფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ნაწილობრივ მიწაში ჩასაფლავ, და არა მიწის ზემოთ, იატაკზე დასადგმელ ჭურჭელს უნდა წარმოადგენდეს. ეს მოსაზრება შესაძლოა განვამტკიცოთ იმ ფაქტითაც, რომ ქართველი მექვევრეები, ხსენებული ჭურჭლის ქუსლის მსგავს ქუსლიან ქვევრებს, მოყოლებული არქაული დროიდან, ბოლო პერიოდამდე, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნემდე ამზადებდნენ. ასეთი ქვევრები, მიუხედავად მათი ბრტყელი ძირისა, მიწაში ჩასაფლავად იყო განკუთვნილი და არა მიწის ზემოთ დასადგმელად. სავარაუდოა, რომ ზემოხსენებული ჭურჭელი მიწაში არა სრულიად, ისე, როგორც დღევანდელი ქვევრი, არამედ ნაწილობრივ იქნებოდა ჩაფლული და ტანის დაახლოებით 1/4 ან უფრო ნაკლები ნაწილი მიწის ზემოთ უნდა ჰქონოდა ამოშვერილი (ქვევრის მიწაში განთავსების ამგვარი ხერხი, მაგალითად, გურიაში, გასულ საუკუნემდე შემორჩა). ყოველ შემთხვევაში, ჭურჭლის ზედა მხარეს, ოთხი მხრიდან გაკეთებული ყურძნის მტევნის გამოსახულება მიწაში დასაფლობად და დასამალად ნამდვილად არ იქნებოდა განკუთვნილი, რაც ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა როგორც ამ ჭურჭლის გამკეთებელ ოსტატს, ისე მასში ღვინის დამყენებელს.
ფაქტია, რომ ჭურჭელს, რომელიც მიწაზე დასადგმელად იყო განკუთვნილი, მეჭურჭლე ოსტატები საკმაოდ ფართო ძირს უკეთებდნენ, რათა პროდუქტით სავსე ჭურჭელი, თუნდაც მცირედი ვიბრაციის დროს, არ წაქცეულიყო. თუკი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ პროცესთან, როგორიცაა საღვინე ჭურჭელში ყურძნის ჭაჭის ჩარევა ალკოჰოლური დუღილის დროს, მაშინ, მით უმეტეს გამოირიცხება აღნიშნული, ვიწროძირიანი ჭურჭლის მიწის ზემოთ, იატაკზე დასადგმელად მიჩნევა. ღვინის ტექნოლოგიის ისეთი პროცესი, როგორიც ჭაჭის ჩარევაა, ასეთ ჭურჭელს წაქცევის დიდ საფრთხეს უქმნის, ხოლო ჭურჭლის მიწაში ჩაფვლის შემთხვევაში აღნიშნული რისკი, პრაქტიკულად, გამორიცხულია. როგორც ზემოთ აღინიშნა, იმგვარი ქუსლიანი ქვევრები, როგორიც ხრამის დიდი გორის ჭურჭელია, ჩვეულებრივი, კლასიკურ ქუსლიანი ქვევრების პარალელურად, საქართველოში არა მარტო ძველ დროში, არამედ შემდგომაც, მრავალი საუკუნის განმავლობაში მზადდებოდა და ამრიგად, ზემოხსენებული ჭურჭლის ქუსლის ფორმა ქართულმა მექვევრეობამ თითქმის დღევანდელ დღემდე შემოინახა.
ხრამის დიდი გორის ჭურჭელს დღევანდელი ქვევრისაგან არა მარტო ქუსლი, არამედ ზედა მხარეც საკმაოდ განსხვავებული აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას გააჩნია საკმაოდ ფართე პირი. აღნიშნული ჭურჭელი, ერთი შეხედვით, წააგავს ქვევრს, რომელიც მხრების ცოტა ზემოთ და ყელის ცოტა ქვემოთაა გადაჭრილი. ამგვარ ჭურჭელში ყურძნის ჩაჭყლეტვა, ალკოჰოლური დუღილისას მადუღარი ჭაჭის ჩარევა და შემდგომ დადუღებისა, ჭაჭისა და ღვინის განცალკევება გაცილებით იოლია ვიწროყელიან ქვევრებთან შედარებით. ის, რომ აღნიშნული ჭურჭელი წარმოადგენს საღვინე ჭურჭელს, იმითაც მტკიცდება, რომ ჩატარებული ქიმიური კვლევის მეთოდის (მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია HPLC) შედეგად მის კედლებში აღმოჩენილია ღვინის მჟავის ნაშთი, ხოლო კერამიკულ მასალაში ღვინის მჟავის არსებობის წყაროს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ ღვინო ან ყურძნის ტკბილი.
რაც შეეხება ამ ჭურჭლის სახელდებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ესეც განხილვის ერთგვარ საგანს წარმოადგენს. რა შეიძლება ეწოდოს შულავერთან აღმოჩენილ ჭურჭელს, ქვევრი, დერგი თუ სხვა? ჩვენთვის გასაგებია, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი მას დერგად მიიჩნევს, რადგან იგი მართლაც წააგავს დერგს, მაგრამ იგივე ჭურჭელი შეიცავს ქვევრის ელემენტებსაც და ვფიქრობთ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე დერგისას. ჩვენი ვარაუდი ამ ჭურჭლის სახელთან დაკავშირებით უფრო ქვევრისაკენ იხრება. ყოველი შემთხვევისათვის, ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელი იმ ჭურჭელს წარმოადგენს, რომელშიც უნდა მომხდარიყო ყურძნის ჩაჭყლეტვა, დადუღება და გარკვეული ხნით შენახვა, რაზეც მიუთითებს მისი სწორი პირი, რომელიც სავარაუდოდ სარქველის დასაფარებლად იყო განკუთვნილი, ამასთნ იგი გარკვეულწილად მიწაშიც უნდა ყოფილიყო ჩაფლული. მაშინ თავისთავად ცხადია, ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი მარნის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა ყოფილიყო სხვა იარაღ-ინვენტარსა და ჭურჭელთან ერთად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ჭურჭელი არის სწორედ ქვევრი, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ქვევრების წინაპარს (ისევე, როგორც, მაგალითად, ადამიანის წინაპარი არის იგივე ადამიანი!). ხოლო ის, რომ ეს ჭურჭელი წარმოადგენს საღვინე ჭურჭელს, ამაზე, როგორც უკვე აღინიშნა, ისიც მეტყველებს, რომ მის კედლებში ქრომატოგრაფიულად გამოვლენილია ღვინის მჟავის კვალი და პალინოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლები, რაც აღნიშნული ჭურჭლის ყურძენსა და ღვინოსთან უშუალო კონტაქტზე მიუთითებს.
გიორგი ბარისაშვილი