ქართული ჭირი და უკრაინული ქოლერა ონიშენკოს შემოქმედებაში…

  08:57:38     10-04-2012

რუსეთის მთავარ სანიტარს, გენადი ონიშენკოს, საქართველოსთან მიმართებაში ახალი, სამხედრო-სანიტარული ხასიათის პრეტენზიები გაუჩნდა.

ჭირიანობა რუსეთში, თურმე, საქართველოდან გავრცელებულა, თანაც, არა შემთხვევით, არამედ „ეკონომიკური დივერსიის“ სახით. და ამ ჭირისგან კრასნოდარის მხარეს, თურმე, თავი, დღემდე ვერ დაუღწევია.

საუბარია ღორის აფრიკულ ჭირზე:

„ის ჩვენთან შემოვიდა საქართველოდან. თავიდან ოსეთში, შემდეგ კი კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში გავრცელდა. არის ნიშნები, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი სიტუაციაა. ეს ეკონომიკური დივერსიაა, 3 წელი კრასნოდარის მხარე ვერ ახერხებს მდგომარეობიდან გამოსვლას“ - განაცხადა ონიშენკომ.

მაგრამ ირკვევა, რომ ონიშენკოს „სანიტარულ დარდებს“ სრულიად სხვა საფუძვლები აქვს. კერძოდ, ის პირდაპირ კავშირშია სამხედრო საკითხებთან, რომელზეც საქართველოსთან მიმართებაში კრემლი ნერვიულობს ხოლმე. ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, რუსეთის მთავარი სანიტარი ალაპარაკდა ლაბორატორიაზე, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დარჩა და ონიშენკოს თქმით, ამ ლაბორატორიას ახლა აშშ ითვისებს. თანაც, ამ ლაბორატორიებს, ონიშენკო, ისევ „თავისად“ თვლის.

„ეხლა ჩვენ გვაღელვებს, - რა უნდა შეერთებული შტატების სამხედრო ლაბორატორიებს ჩვენი ყოფილი სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე?“ - კითხულობს ონიშენკო და მეტი ინტრიგისთვის დასძენს, რომ ამ ერთ-ერთ სადგურს საქართველოს სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი უდგას სათავეში. მისი დასკვნით, სწორედ ამ ბაზიდან შეიძლება მოდიოდეს ხელოვნური დაავადებები, რადგანაც ის ადრეც ამ მიმართულებით მუშაობდა და განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებს აკვირდებოდა. ახლა კი ონიშენკოს თქმით, აქ ამერიკელები ეპიდემიოლოგები მუშაობენ. „რა მიზნით იმყოფებიან უცხოელი სამხედრო მედიკოსები საქართველო-რუსეთის საზღვართან საქართველოს მხარეს?“ - ასეთია რუსეთის მთავარი სანიტარის ახალი „სენსაცია“ მას შემდეგ, რაც ონიშენკოს „ბორჯომისა“ და ქართულ ღვინოებზე საუბრის თემა გამოელია.

თუმცა სანიტარი არ ხუმრობს. როგორც „პრავდა. რუ“ იუწყება, ონიშენკოს თანამშრომლები, ამ საკითხების გასარკვევად, აშშ-ში ჩასვლას უკვე მომავალ კვირაში გეგმავენ. ონიშენკოს დასკვნებს კი უკვე მოსკოვში პოლიტოლოგებიც გამოეხმაურნენ.

მაგალითად, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი სერგეი მარკოვი ამბობს, რომ ონიშენკოს სიტყვები  მთელი სერიოზულობით უნდა იყოს აღქმული, რადგან „მისი საშუალებით ხდება რუსეთის ხელისუფლების შეშფოთების გაჟღერება სააკაშვილისა და აშშ-ის გადაჭარბებული თანამშრომლობის გამო“ - განაცხადა მარკოვმა.

ასეთი ორიგინალური ონიშენკო მხოლოდ საქართველოს მიმართ არ ყოფილა. მან პრეტენზიები წაუყენა უკრაინასაც. თუ საქართველოდან რუსეთში ჭირი ვრცელდება, უკრაინიდან მას, თურმე ქოლერა ემუქრება, რის გამოც ონიშენკო არ გამორიცხავს, რომ საზღვარი ჩაკეტონ კიდეც.

მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მთავარ სანიტარს, აშკარად, გაცილებით მეტი აქვს ნაფიქრი. როგორც თავად დაადგინა, პრობლემას, რომელიც მან აღმოაჩინა, ანუ უკრაინაში ქოლერის თემას, ძველი აღთქმაც კი ეხება.

„თუ თქვენ წაიკითხავთ ძველ აღთქმას, მასში იპოვით ყველა პასუხს, მათ შორის უკრაინაში ქოლერასთან დაკავშირებით. იქ ჩამოყალიბებული იყო პირადი ჰიგიენის წესები, კარანტინის წესები. ყველაფერი, რაც წერია, არის, როგორც სანიტარული წესები - ეს სხვა არაფერია, თუ არა პროფესიონალურად წაკითხვა ძველი აღთქმისა“ - განაცხადა ონიშენკომ.