
ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილი მატყუარაა...
17:48:55     09-04-2012
მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მატყუარა ადამიანია, რომლის მუქარები, ტყუილები და ყოველგვარი იუმორისგან დაცლილი ანეკდოტები, საზოგადოებაზე გავლენას ვერ ახდენს. მისი თქმით, ოლიგარქი, თავისი ძალიან მძიმე წარსულის რეაბილიტაციას ცდილობს, თუმცა, მისი ეს მცდელობა განწირულია, რადგან ქართველი ხალხი მას ძალიან კარგად იცნობს. რატომ მალავს ივანიშვილი ლებედთან კავშირს და რა პერსპექტივა აქვს მის გეგმებს? – “პრესა.ჯი”-ს კითხვებს ნუგზარ წიკლაური პასუხობს:
- ივანიშვილი აცხადებს, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას, თბილისში იყო თუ არა ლებედი, ეს არც იცის და არც აინტერესებს. არადა, ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, ის ამბობდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გენერალ ლებედს აფინანსებდა. რატომ ცდილობს ივანიშვილი ამ კავშირის გადაფარვას?
- ის, რომ თითქოს, არ იცის, ლებედი თბილისის 9 აპრილის მშვიდობიანი მიტინგის დარბევაში მონაწილეობდა თუ არა, ეს კიდევ ერთხელ იმას ააშკარავებს, რომ ეს ადამიანი, უბრალოდ მატყუარაა, რომელსაც თავისი წარსულის გასათეთრებლად ნებისმიერი რამის კადრება შეუძლია. ყველასთვის ცნობილია, რომ თბილისის ოპერაციაში, ლებედი მონაწილეობდა და ამ მოვლენებზე, ის საკუთარ წიგნშიც საუბრობს. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ ის, რუსეთის პრეზიდენტს, ელცინს აფინანსებდა, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ აფხაზეთიდან, ქართველი მოსახლეობის მასობრივი გამოდევნა, სწორედ, ელცინის პერიოდში მოხდა და ელცინი და ლებედი ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც აფხაზეთში, არნახული სისასტიკის ტრაგედია დააატრიალეს. ამიტომ, ივანიშვილის ნებისმიერი მცდელობა, რომ თავისი ძალიან მძიმე წარსულის რეაბილიტაცია მოახდინოს - განწირული ნაბიჯია, რადგან ქართულმა საზოგადოებამ, ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადამიანი 9 აპრილის ჯალათის - ლებედის უახლოესი მეგობარი და დამფინანსებელი იყო. დანარჩენი ქართველმა განსაჯოს. თუმცა, ვინაიდან, ქართველი ხალხი ყოველთვის, სწორ არჩევანს აკეთებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი მიხვდებიან - ივანიშვილის სახით, საქმე თუ რა ტიპის პოლიტიკურ ლიდერთან აქვთ.
- საქართველოს, საგარეო უწყების მოპატიჟებით, საერთაშორისო დამკვირვებლები ეწვევიან, რომლებიც ქვეყანაში, საარჩევნო პერიოდს მონიტორინგს გაუწევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი კოალიციის ძალისხმებით, ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდა, რის გამოც, მმართველმა გუნდმა, დამკვირვებლების ჩამოყვანა გადაწყვიტა. ბოლო პერიოდში, ივანიშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრება, რა იმალება მისი განცხადებების მიღმა?
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და ნებისმიერი ტიპის პროვოკატორებს იმის შესაძლებლობა არ მივცეთ, რომ მათ ამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრონ და შემდეგ, ის თქვან, რომ თითქოს არჩევნების შედეგები რეალობას არ შეესაბამება. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა, უკვე რეიტინგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ხუთჯერ მაღალ რეიტინგს ფლობს, ვიდრე „ქართული ოცნება“, მაგრამ მათთვის მთავარია, რომ როგორმე ნებისმიერი გზით, ამ არჩევნების მიმართ ეჭვი გააჩინონ, ხოლო ქართველი ხალხის ამოცანაა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში დემოკრტიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა. ვითარების ამრევებსა და მკვდარი ქალაქის დოქტრინის ავტორებს იმის შესაძლებლობას არ მივცემთ, რომ არჩევნების მიმართ, ქართველ ხალხს ეჭვები გაუჩნდეს. ამიტომ, საქართველოში, არჩევნებამდე, რამდენიმე თვით ადრე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ჩამოვლენ, რომლებიც მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. მერწმუნეთ, არჩევნებზე, ის შედეგი დაფიქსირდება, რომელიც ივანიშვილს აქვს. შეუძლებელია, რუსეთის მხარდამჭერმა პოლიტიკოსმა მაღალი შედეგი აჩვენოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხმა რეალობა დაინახოს, დანარჩენი - ივანიშვილის მუქარები, ტყუილები და ყოველგვარი იუმორისგან დაცლილი ანეკდოტები არ მგონია, რომ ვინმეზე ზეგავლენას ახდენდეს.
- ივანიშვილი 21 აპრილს პარტიის დაფუძნებას აპირებს, რომლის ლიდერიც თავად იქნება, თუმცა, ვინაიდან, ის საქართველოს მოქალაქე არ არის, პარტიას როგორ დააფუძნებს?
- ვფიქრობ, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა სწორედ იმიტომ არ აქვს, რომ მან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა ბევრჯერ უარყო და იმ დიდ პატივს გულგრილად მოეკიდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქვია. თუმცა, ამის მიუხედავად, პარლამენტში, ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მას აქვს. მას ამ შესაძლებლობას არავინ უზღუდავს და ნებისმიერი ინსინოვაცია და პოლიტიკური სპეკულაცია, რომ თითქოს, ჩვენ გვინდა, ვინმე ქართული პოლიტიკური სივრციდან გავრიყოთ სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, ქართველ ხალხს იმის შესაძლებლობა მიეცემა, რომ მისთვის მოსაწონი პოლიტიკური ფიგურა აირჩიოს და თან, სათანადო პასუხი გასცეს იმ ძალებს, რომლებიც საქართველოში, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ასეთია - ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“.
- „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობთ, თუმცა, ამ პროექტის მიღება, მაისის ბოლოს მოხდება, შესაბამისად, მანამდე, თუ ივანიშვილი კანონის გვერდის ავლით პროცესებს წარმართავს, ამაზე, რეაგირება მაინც იქნება?
- რეაგირება ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ყველას. თუ იქნება გადაცდენა რეაგირება შესაბამისი იქნება, თუმცა, თუ ის ცივილიზებული ნორმებით იხელმძღვანელებს, მაშინ, მას პოლიტიკურ სივრცეში მონაწილეობის არანარი შეზღუდვა არ ექნება.