
„უცნობი“ „მეცხრე არხზე“ დასცემს კარავს
14:52:21     09-04-2012
მომღერალი „უცნობი“, „წმინდა ბიძინა მდიდარის” ტელევიზიაში იწყებს მუშაობას. როგორც ჟურნალისტურ წრეებში საუბრობენ, უცნობი „მეცხრე არხზე“ პოლიტიკურ გადაცემას გააკეთებს. ამ ინფორმაციას, პირადი საუბრის დროს, არ მალავენ „მეცხრე არხის“ თანამშრომლებიც.
„დანამდვილებით არც ჩვენ ვიცით რა ტიპის გადაცემა იქნება, ან როდიდან გავა ეთერში. თუმცა ტელევიზიაში ამაზე საუბარი არის. ძირითადად ჟურნალისტებს შორის. ხელმძღვანელობას ამაზე ჯერ არაფერი უთქვამს“ - აცხადებენ „მეცხრე არხის“ თანამშრომლები.
ტელევიზიაში თანამშრომლობამდე, ივანიშვილმა „უცნობს“ კლიპის გადაღება დაუფინანსა. ბიძინას დაფინანსებულ პროექტზე მუშაობისას, „უცნობმა“ ამ პროექტში კოლეგები ისე ჩაითრია, რომ პოლიტიკური ქვეტექსტების შესახებ არ გაუფრთხილებია. ქეთათო ჩარკვიანისთვის, „უცნობის“ თვითშემოქმედება, სიურპრიზი აღმოჩნდა და პროექტში მონაწილეობაზე, საერთოდ, უარი განაცხადა.
რაც შეეხება უფროს გაჩეჩილაძეს. ლევან გაჩეჩილაძესთან ბიძინა ირიბად თანამშრომლობს. ივანიშვილმა კოკა გუნცაძის მიერ დაფუძნებული „ამომრჩეველთა ლიგა“ დააფინანსა და „გრეჩიხას“ პოლიტიკურ განეიტრალებას (არ შექმნილიყო მესამე ძალა კახა კუკავას, ნინო ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის ალიანსით) სწორედ ამ ორგანიზაციის უხვად დაფინანსებით ახერხებს.
როგორც ჩანს, მეტსახელად სოვდაგარს, (გაჩეჩილაძეს ეს მეტსახელი ირაკლი ოქრუაშვილმა შეარქვა) პოლიტიკური ამბიციები განელებული აქვს და „ამომრჩეველთა ლიგაში“ მუშაობითაც კმაყოფილდება. „უცნობისთვის“ კი მხოლოდ ფული საკმარისი არ არის. მას პოპულარობა სჭირდება. აი ისეთი, ღია ეთერში რომ წმინდა გიორგის დაუძახებენ და ის ამაზე „მადლობას“ იტყვის.
„პრესა.ჯი“„მეცხრე არხის“ გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს ესაუბრა. ბექაურმა როგორც ჩვევია, ყველაფერი უარყო.
„ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მოლაპარაკება. კი ბატონო, დადის ამაზე ხმები, მაგრამ თქვენ თუ გინდათ მე დამიჯერეთ, გნებავთ გავრცელებულ ხმებს“- განაცხადა ბექაურმა. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თამარ რუხაძის განცხადებით, მას ტელევიზიაში არაფერი ეხება, გარდა სიახლეებისა.
„მე არ მეხება ეს საკითხი. ამიტომ, რომც ვიცოდე ინფორმაცია, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რადგან ჩემი საქმე ახალი ამბებია. კონკრეტული გადაცემების ფორმატსა და წამყვანის შერჩევაში არანაირ მონაწილეობას არ ვღებულობ“- განაცხადა რუხაძემ.
ისიც ცნობილია, რომ „უცნობის“ ახალი გადაცემა არ იქნება იმ ტიპის, როგორიც „საკანი“ იყო. ამჯერად, „სოლიდური იმიჯით“ წარსდგება აუდიტორიის წინაშე.
რატომაც არა, ახლა ხომ უფრო სოლიდური დამფინანსებელი ჰყავს, ვიდრე მაშინ, საკნების აქციების პარალელურად, გადაცემა ხან რუსთაველის გამზირიდან რომ მიჰყავდა, ხან კოსტავას ქუჩიდან და ხანაც სტუდიიდან.