
ნათელაშვილს ორწლიანი პატიმრობა ელოდება
11:14:18     09-04-2012
შალვა ნათელაშვილი შეიძლება 2 წლით ციხეში ჩასვან.
რამდენიმე დღის წინ, შალვა ნათელაშვილმა სააღსრულებო ბიუროდან უწყება მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, შალვა ნათელაშვილმა „პალიტრა მედიას" ბოდიში უნდა მოუხადოს.
სოსო შატბერაშვილის განცხადებით, შალვა ნათელაშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. „ორი ათეული წელია, საზოგადოება სამწუხაროდ უკვე მიეჩვია ხელისუფლებისგან შალვა ნათელაშვილისა და „ლეიბორისტული პარტიის" დევნის, ტერაქტების, რეპრესიების უწყვეტ კასკადს. ამჯერადაც ტირანული რეჟიმის ე.წ. სასამართლოდან "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარეს წარედგინა ულტიმატუმი დაპატიმრების მუქარით და მოთხოვნით, უარყოს განცხადებები სააკაშვილ-ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ჰოლდინგ „კვირის პალიტრასთან" დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა დროს ფინანსდებოდა და მხარდაჭერილი იყო ამ დუეტისგან. შეცდომაზე სიტყვის უკან წაღება ზნეობრიობის გამოხატულებაა, მაგრამ შალვა ნათელაშვილი არ აპირებს საკუთარი განცხადების უარყოფას, რადგან მან აღნიშნულ სულგაყიდულ ჰოლდინგზე თქვა სრული სიმართლე, ხოლო სიმართლისთვის ბოდიშს არ იხდიან" - განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა.
ბოდიშის მოუხდელობის შემთხვევაში ნათელაშვილის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით რომელიც ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ „პალიტრამედიის" სარჩელი 2012 წლის 8 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა. 8 თებერვლის პროცესზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა, შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკისრა ნათელაშვილს ცნობების უარყოფა, რომელიც მან გაავრცელა „მაესტროს", „კვირის ქრონიკისა" და „ალიას" მეშვეობით. განცხადებებში ნათელაშვილი ბრალს სდებდა „მედიაპალიტრას" ბავშვებისთვის სკოლის წართმევაში, მილიონების მიღებაში ბიძინა ივანიშვილისგან.
„პალიტრამედიამ" საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ცნობების გავრცელებისთვის „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს სასამართლოში 2011 წლის დეკემბერში უჩივლა. მანამდე კი, შალვა ნათელაშვილის ბრალდებების საპასუხოდ „პალიტრამედიამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტების მოყვანა ან საკუთარი სიტყვების საჯარო უარყოფა მოსთხოვა. გარდა ამისა, ნათელაშვილმა, სარჩელის შეტანამდე, მედიაჰოლდინგიდან მიწვევა და მის მიერ გავრცელებული ცნობების არარეალურობაში დასარწმუნებლად დოკუმენტაციის გაცნობის შეთავაზებაც მიიღო, თუმცა უარი განაცხადა."პალიტრამედია" სასამართლოში შალვა ნათელაშვილისგან ბრალდებების იმავე მედიასაშუალებებით უარყოფას ითხოვდა, რომლითაც ეს ბრალდებები გავრცელდა.