რისთვის მიემართება რუსეთის სამხედრო კოლონა გალში?
06:17:43     09-04-2012
რუსული მედიასაშუალება „ლაიფ-ნიუსი“ ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც გალის რაიონში მიმავალ რუსეთის სამხედრო კოლონაზე წერს. თუმცა ისიც ყურადღებას არა კოლონის დანიშნულებაზე ამახვილებს, არამედ იმაზე, რომ თურმე სოხუმში, მას გზა ტრასაზე წაქცეულმა ნაძვმა ჩაუხერგა. სწორედ აქედან გახდა ცნობილი, რომ გალში - „დანიშნულების ადგილზე“ - რუსეთის ახალ სამხედრო კოლონას ელოდებიან.
თავად აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები ამ საკითხზე დუმან. არადა, როგორც ცნობილია, მთელი სოხუმი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ საცობში მოყოლილი რუსული სამხედრო ტექნიკისათვის გზა გაენთავისუფლებინათ. გალის რაიონისკენ მიმავალ რუსეთის სამხედრო კოლონას, გზა დიდი ზომის ნაძვმა ჩაუკეტა. ხე ძლიერი ქარის გამო წაიქცა და ტრასაზე დავარდა. სწორედ ამ ტრასაზე უნდა გაეარა რუსეთის სამხედრო კოლონას, რომლის შემადგენლობაშიც სამხედრო ტექნიკა შედის - იუწყება „ლაიფ-ნიუსი“.
მისივე ცნობით, სამხედრო კოლონაში არის „ბეტეერები“ და „კამაზები“, რომლებიც სოხუმის ცენტრში, სოხუმის გზატკეცილზე, მრავალკილომეტრიან საცობში მოყვნენ. საინტერესოა ისიც, რომ „ლაიფ-ნიუსი“ სამხედრო კოლონას, რატომღაც, „სამშვიდობო ძალების“ კოლონად მოიხსენიებს და წერს, რომ ის „დანიშნულების ადგილისკენ“ მიემართება. თუმცა კონკრეტულად რომელი „დანიშნულების ადგილზე“ და საერთოდ, კოლონის რა დანიშნულებაზეა საუბარი, გამოცემა არ აკონკრეტებს.
გალის რაიონში რუსული სამხედრო ტექნიკის შეყვანის ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ. როგორც მათ „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადეს, დღეს დილიდან რაიონში სროლის ხმა ისმის, ჩაიკეტა საზღვარიც, გალის მიმართულებით მთელი დღეა რუსული ტექნიკა გადაადგილდება, თუმცა მათი მასშტაბი ძალიან მცირეა - 2 საბრძოლო ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტობუსი. ალბათ, სამხედრო წვრთნებს ატარებენ“, - აცხადებენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი, თორნიკე კილანავა დაზუსტებით ვერ ამბობს რა სიტუაციაა ამ დროისთვის გალის რაიონში, თუმცა ადასტურებს, რომ დაახლოებით 20-25 დღის წინ, ამ ტერიტორიაზე ასევე შეინიშნებოდა სამი სამხედრო კოლონის გადაადგილება. რისთვის არის საჭირო რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სამხედრო ტექნიკის გაზრდა გალის რაიონში, რომელიც ისედაც, ისევე როგორც მთელი აფხაზეთი, რუსეთის ერთ დიდ სამხედრო ბაზად არის ქცეული? ამის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება , - იქიდან გამომდინარე, თუ რა განცხადებები იქნა გაკეთებული ბოლო პერიოდში მოსკოვის მიერ. ეს კი ირაკლი ალასანიას ცნობილი შეიარაღებული ფორმირებების თემა იყო, რომელსაც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში ქმნის.
სწორედ ალასანიას ამ განცხადების გამო იყო, რომ რუსეთი „საქართველოდან მომდინარე საფრთხეებზე“ ალაპარაკდა. რუსეთის საგარეო უწყებამ მაშინ დაიმოწმა კიდეც ალასანიას განცხადება. დღეს კი, როგორც ჩანს, ამ „საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“ უკვე სამხედრო მობილიზაციაც დაიწყო გალის რაიონში.