თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას, თურქეთი უმასპინძლებს

  05:24:57     09-04-2012

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, თეირანის კამათის საგნად ქცეული ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკების მორიგ რაუნდს თურქეთი უმასპინძლებს. როგორც იუწყებიან, მოლაპარაკება 13 აპრილს, სტამბოლში გაიმართება ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი აშშ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ჩინეთს და გერმანიას შორის.

ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ირანის მედიის მიერ გავრცელებული ცნობა. უფრო ადრე ირანის და დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები განსხვავებულ ცნობებს ავრცელებდნენ მოლაპარაკების თარიღისა და ადგილის შესახებ - რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ მოლაპარაკება შესაძლოა საერთოდ არ გამართულიყო. თეირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს და აცხადებს, რომ მისი ურანის გამამდიდრებელი ობიექტები მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

რადიო „თავისუფლება“