გიორგი თარგამაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, კუკუდამალობანას თამაში საჭირო აღარ იქნება

  16:30:59     07-04-2012

„ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პარლამენტი მაისის ბოლომდე მიიღებს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური უფლებებით აღჭურვა მოხდება და ის  საარჩევნო კამპანიაში ლეგალურად ჩაერთვება. მართალია, საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივას მმართველი გუნდი დადებითად აფასებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მას ეწინააღმდეგება.  მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით, პრესა.ჯი „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერს, გიორგი თარგამაძეს ესაუბრა:

- თქვენი ინიციატივით, კონსტიტუციის 49– მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის თანახმადპარლამენტის წევრად შეიძლება აირჩესსაარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. რატომ გადაწყვიტა თქვენმა გუნდმა, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება?

- საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი დაინტერესებული ვართ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მშვიდობიან, კონსტრუქციულ,  შედეგზე ორიენტირებულ და კონკურენტულ გარემოში წარიმართოს. პოლიტიკურ არენაზე, მიმდინარე პროცესებს თვალს ვადევნებდით და აშკარა იყო, რომ  პროცესები ჩიხში იყო შესული. ჩვენ პოლიტიკური სუბიექტები ვართ და ჩვენი მოვალეობაა, არა მხოლოდ პროცესების შეფასება, არამედ ამ პროცესზე რაიმე გავლენის მოხდენა და ამ მიზნით, გარკვეული ინიციატივებით გამოსვლა.

მართალია, „ქრისტიან-დემოკრატები“ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უფლებების თემაზე, ძალიან ბევრს ვფიქრობთ, რადგან ქართული დიასპორები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან რთულ ვითარებაში არიან და მათ დაცვა სჭირდებათ, მაგრამ ასეთ კონტექსტში,  ამ  თემის გაატიურებას, საარჩევნო კამპანიის პროცესმა უბიძგა. ყველა ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და ჩვენი სურვილია, არაკონკურენტუნარიანი გარემო არ იყოს. ამასთან,  ყველას თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს. ჭიდაობაა? - ფალავანს, არენაზე გამოსვლისა და თავისი სიძლიერის დამტკიცების საშუალება უნდა ჰქონდეს. ამ წინადადებით, ყველა ძირითად ფალავანს, შესაძლებლობას ვაძლევთ ქართულ პოლიტიკურ არენაზე საკუთარი თვისებები გამოაჩინოს.

ამ წინადადებების მომზადება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ პროცესები ჩიხიდან დაძრულიყო. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები მხოლოდ ერთ ადამიანს კი არ ეხება, არამედ, ჩვენს თანამემამულეთა ფართო წერს, რომლებიც  ყველა იმ უფლებით ისარგებლებენ, რაც საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ.

- წარმოდგენილი ცვლილებების გარდა, დამატებით ინიციატივებს თუ წარადგენთ და ეს ნორმები თუ გავრცელდება იგივე ამერიკის მოქალაქეებზე?  

- ეს ნორმა უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებზე, არამედ, სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენი თანამემამულეების მიმართ. პოლიტიკური სივრცე გახსნილი უნდა იყოს, რადგან ისინი ქვეყანაში მომხდარმა სამოქალაქო დაპირისპირებამ, სამამულო ომმა რუსეთთან, ეკონომიკური სისტემის ნგრევამ და სოციალურმა გაჭივრებამ, უცხო ქვეყნებში გადასტყორცნა. ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში არალეგალურად ცხოვრობს და საკუთარი უფლებების  ლეგალიზაციას ვერ ახდენს,  რაც მათ  მძიმე სამართლებლივ და სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, მაგრამ ამ კუთხით, ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ და საგარეო უწყებამ და ადგილობრივმა საკონსულოებმა, ადგილზე უნდა შექმნას ის პირობები, რომ ხალხი სამშობლოს დაუბრუნდეს.

ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ მისი უწმინდესობის კურთხევას, რომ თანამემამულეებმა ქვეყნაში დაბრუნებზე იფიქრონ. ამ ეტაპზე, რატომ გადავწყვიტეთ ინიციატივების მომზადება ევროკავშირის წევრ ქვეყნების მოქალაქეებზე? - იმიტომ, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს  გაცხადებული აქვს - ევროინტეგრაცია და კანონების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. აქედან გამომდინარეობს არგუმენტი, ამ ეტაპზე - თუ რატომ ევროკავშირი. ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი წინადადება ამერიკის მოქალაქეებზეც უნდა გავრცელდეს და ამ საკითხზე, მუშაობა გაგრძელდება.

- ვინაიდან, თქვენ პროექტს მმართველი გუნდი დაეთანხმა, წინადადებებთან დაკავშირებით ეჭვები გამოითქვა...

- როდესაც ცდილობ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიო, ბაქიბუქსა და არაფრის მომცემ საუბარს თავი უნდა დაანებო. ჩემი ამოცანა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ დაძაბულობა ხელოვნურად არ იქმნებოდეს და დემოკრატიულ გარემოში, ყველას თანაბარი უფლებები ჰქონდეს. თუ მე, შესაბამისი დროის ფორმულირებების შერჩევა და ყველა იმ ფაქტორის გამოყენება მოვახერხე, რომ წინადადება შეთანხმებულიყო, ამით კმაყოფილი ვარ. პოლიტიკური ნების დონეზე, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება პოზიტიურად გაცხადდა და ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ, თუმცა, საკითხის ბოლომდე მიყვანამდე, ბევრი სამუშაოა გასატარებელი. წარმოდგენილი ცვლილებების განხილვა, კიდევ ერთი თვე გაგრძელდება და განხილვების შემდეგ, სადღაც მაისის ბოლოს, გადაწყვეტილება მიღებული იქნება.   

- ფაქტია, რომ თქვენი პროექტი, ივანიშვილს კარგად ერგება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ წინადადებების წყალობით, საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებიდან ადამიანები დაბრუნდებიან და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ?   

- ამ საკითხებზე უამრავ ქართველს ველაპარაკე, რომლებიც ევროკავშირისა და ამერიკის მოქალაქეები არიან და მათ ეს ცვლილებები მოიწონეს. ამასთან, არიან ადამიანები, რომლებიც ამ წინადადების მიღების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში,  თავიანთ ინტერესს თამამად და ღიად გამოხატავენ. ამ მხრივ, ჩვენც გარკვეული ინეტერესები გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც  ბიზნესმენია და ჩვენ  წლების განმავლობაში გვეხმარებოდა, ის ფინანსებს, ოჯახის წევრის მეშვეობით გვაძლევდა. ამის მერე კი კუკუდამალობანას თამაში საჭირო აღარ იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს    საქართველოში დაბრუნების დამატებითი მოტივაცია გაუჩნდეთ.  

- თქვენ საარჩევნო სიაში ამ კატეგორიის კანდიდატებს ვიხილავთ?  

- მოკლედ, რომ გიპასუხოთ - დიახ. ამას უნდა ელოდეთ. ეს შეიძლება საპარლამენტო არჩევნებზეც მოხდეს.

- თქვენ მიერ მომზადებულ ცვლილებებს გამოხმაურება „ქართული ოცნებაში“  მოჰყვა და ეს წინადადებები, ხელისუფლების „გაპრავებად“ შეფასდა. ამასთან, ამ ცვლილებების გამო, საპარლამენტო ოპოზიცია მკაცრად გაკრიტიკებთ...

- ხანდახან  იმ ადამიანების მშურს, რომელთაც პოლიტიკური ანალიზის უნარი ჰყოფნით, რომ ამ კატეგორიის პოლიტიკოსების ტაქტიკურ მოქმედებებში გარკვეული ლოგიკა იპოვონ . . . პასუხი რთულად გაგეცით, მაგრამ ძალიან მიჭირს იმის ახსნა, ეს პოლიტიკოსები როგორ ახერხებენ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომლითაც პოტენციულ მხარდამჭერებს აბნევენ. ივანიშვილის მხარდამჭერებს, მისი  პასპორტის დანახვა კი არ უნდათ, არამედ მისი ყოფნა - აქტიურ პოლიტიკაში. თუ ივანიშვილს პოლიტიკური მიზნები აქვს, მისთვის მნიშვნელოვანი პასპორტი კი არა,  უფლებებით აღჭურვაა, თორემ მას პასპორტი საქართველოს უმწეოთა ბაზაში განაცხადის შესატანად ნამდვილად არ სჭირდება. თუ მას ეს პრობლემები უგვარდება, ეს ცუდია?...