ტიმოშენკოს სამ მკვლელობაში ადანაშაულებენ და სამუდამო პატიმრობით ემუქრებიან

  13:34:05     07-04-2012

იულია ტიმოშენკოს სამუდამო პატიმრობით ემუქრებიან. უკრაინის გენერალური პროკურატურა ამ დროისთვის ამოწმებს ტიმოშენკოს კავშირს 3 ადამიანის მკვლელობასთან.

„როგორც კი დავამტკიცებთ ტიმოშენკოს კავშირს მკვლელობებთან, მას ბრალს წავუყენებთ და საქმეს სასამართლოს გადავცემთ“ - განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ რენატ კუზმინმა. ამასთან, მისივე თქმით, თუ ეს ბრალი დადასტურდება, უკრაინის ყოფილ პრემიერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

როგორც პრესა.ჯი წერდა, ცოტა ხნის წინ, უკრაინის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ ხელთ აქვს მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც კომპანიებმა, რომლებსაც ტიმოშენკო და ასევე, ყოფილი პრემიერი 1996-1997 წლებში, პავლე ლაზარენკო აკონტროლებდნენ, სახალხო დეპუტატისა და ბიზნესმენის - ევგენი შერბანის მოსაკლავად, მკვლელებს ფული გადაურიცხეს. მოგვიანებით კი თავად მოკლულის შვილმა, დონეცკის საოლქო საბჭოს დეპუტატმა რუსლან შერბანმა განაცხადა, რომ შეუძლია დაამტკიცოს ტიმოშენკოსა და ლაზარენკოს კავშირი მამის მკვლელობასთან.

გამომძიებლები უკვე აქტიურად მუშაობენ და კუზმინის თქმითაც, „არსებობს საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ევგენი შერბანისა და უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ვადიმ გეტმანის მკვლელობები ორგანიზებული იყო ლაზარენკოს მიერ, რომელიც „უკრაინის ერთიანი ენერგეტიკულ სისტემების“ ინტერესებით ხელმძღანელობდა, ამ კომპანიას კი სწორედ ტიმოშენკო აკონტროლებდა“.

ასევე მოწმდება ვერსია ტიმოშენკოსა და ლაზარენკოს კავშირისა, დონეცკელი ბიზნესმენის, ალექსანდრ მომოტის მკვლელობასთან. ის შერბანამდე უფრო ადრე მოკლეს და ცნობილია, რომ მასაც ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა ტიმოშენკოსთან.

უკრაინის გენპროკურატურა, როგორც ჩანს, ინტენსიურად მუშაობს ამ საქმეებზე. პენიტენციალურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ შერბანის მკვლელობისთვის გასამართლებული ვადიმ ბოლოტსკი ლუგანსკის ოლქში მდებარე კოლონიიდან უკვე კიევის საგამოძიებო იზოლატორშია გადაყვანილი. ტიმოშენკოს მომხრეები აცხადებენ, რომ ბოლოტსკის პროკურატურა „ამუშავებს“, რათა მისგან ტიმოშენკოს საწინააღმდეგო ჩვენებები მიიღოს. ბოლოტსკის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და უკვე მეცხრე წელს იხდის.

პარტია ბატკივშინას პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან აქვთ ინფორმაცია, რომ ბოლოტსკიზე ზეწოლა ხორციელდება, ყალბი ჩვენების მიღების მიზნით. ეჭვები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რატომღაც, სიკვდილმისჯილს, უცბად, გათავისუფლების იმედი გაუჩნდა. ბოლოტსკიმ ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნა, რომ შესაძლოა მის საქმეს გადახედონ.

განვითარებულ მოვლენებს იულია ტიმოშენკოს მეუღლეც გამოეხმაურა, რომელმაც ასევე „სენსაციურ დეტალებზე“ დაიწყო საუბარი. ალექსანდრ ტიმოშენკო ამბობს, რომ იცის ვინ შეუკვეთა შერბანის მკვლელობა და ეს კვალი, ვიქტორ იანუკოვიჩამდე მიდის. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მის ახლო გარემოცვამდე.

ალექსანდრე ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს და „მის ჯალათებს“ მოუწევთ პასუხი აგონ 1990-2000 წლების არაერთ მკვლელობაზე და ეს არის: ახატია ბრაგინის, ალექსანდრ მომოტის, სერგეი რომანის, სერგეი გუცულის, ვადიმ გეტმანის, ვიქტორ შერბანის მკვლელობები.

შერბანი ლეონიდ კუჩმას დროს მოკლეს, როცა ვიქტორ იანუკოვიჩი დონეცკის მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ტიმოშენკოს თანაპარტიელები ამბობენ, რომ საქმის არსში გასარკვევად, კარგი სამსახურის გაწევა შეუძლიათ დონეცკის მედიასაშუალებებს, ანუ იმის გახსენება, თუ ვის აწყობდა კონკურენტების მოკვლა დონეცკის რეგიონში.