
თბილისის მიერ საკუთარი პოზიციების დაცვას, კრემლი „ომისთვის სამზადისს“ უწოდებს...
22:28:20     06-04-2012
საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმამ მოსკოვში აჟიოტაჟი გამოიწვია. „საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი კონფლიქტი“, „საქართველოს დემარში ომისთვის მზადებაზე მიუთითებს“ - ასეთი სათაურებით იბეჭდება რუსულ მედიაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული სტატიები, რომელთა ავტორებსაც, რატომღაც ავიწყდებათ მოსკოვის არაერთი მანევრი, რომელიც უფრო მეტად შეიძლება აღიქმებოდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის სამზადისად.
ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა კომენტარებს აკეთებენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ისტერიკაში არიან.
მაგალითად, გაზეთი „დნი რუ“ წერს, რომ რუსი ექსპერტების აზრით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი „ომის სამზადისის დადასტურებაა“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის აქტუალური საერთაშორისო პრობლემების ინსტიტუტის დირექტორის, ივან საფრანჩუკის თქმით, ეს მოწმობს საქართველოს მცდელობას, დაიკავოს უფრო მკაცრი პოზიცია და დემონსტრირება მოახდინოს, რომ მზადაა მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის.
„ღია ცის“ ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ფუძემდებლური დოკუმენტი და ერთ-ერთი ზომა ეუთო-ს სივრცეში სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ნდობის უზრუნველსაყოფად, ამიტომ ნებისმიერი დემარში ამ შეთანხმების არშესრულების ან მისგან გამოსვლისა, არის ფაქტობრივი დასტური საომარი სამზადისისათვის, რომელიც აღნიშნულ ქვეყანას სურს, რომ დამალოს“ - განაცხადა საფრანჩუკმა.
გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ანოხინმა კი ამ ნაბიჯს მოსალოდნელი უწოდა და აღნიშნა, რომ „ეს საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს აშშ-სთან და ნატო-სთან“. მისი თქმითაც, შედეგები, შესაძლოა, „არაპროგნოზირებადი“ იყოს.
მოსკოვი არაოფიციალურად უკვე ომით იმუქრება. შეგახსენებთ, სწორედ ამ დღეებში გამოქვეყნდა ანალიტიკური ცენტრის Stratfor-ის ანგარიში, რომელზეც პრესა.ჯი უკვე წერდა და რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ძალები და ბაზები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისმა სწორედ რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ გადადგა, რამდენადაც რუსეთი „ღია ცის“ ხელშეკრულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ ლეგალიზაციისთვის იყენებს.
საგარეო უწყების განცხადებით, 2010 წელს, რუსეთის მხარემ, "ღია ცის" ხელშეკრულების დარღვევით, თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე. კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას. შედეგად, რუსეთმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და არ არიან ხელშეკრულების წევრები.
ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მრავალმხრივი ხელშეკრულების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმონაქმნის აღიარების გზით. ასევე, ისიც ცხადია, რომ რუსეთს არც იმის უფლება აქვს, აიძულოს ხელშეკრულების წევრი სხვა ქვეყნები დათანხმდნენ აღნიშნული წარმონაქმნის უკანონო აღიარებას. ბოლო ორი წლის მანძილზე, საქართველო, თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოუწოდებდა რუსეთს და მიმართავდა მთელ თავის ძალისხმევას, რათა რუსეთი დაბრუნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვან შესრულებას.
სამწუხაროდ, საქართველოს ძალისხმევამ, გამოესწორებინა ჩიხური ვითარება, არ გამოიღო დამაკმაყოფილებელი შედეგი. შედეგად, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიმართ შეეწყვიტა "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უფრო კონკრეტულად მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო აღარ მიიღებს თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით და არ განახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
საქართველო განაახლებს რუსეთის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობას დაუბრუნდება.