ცხინვალში, რუსული ენა „სახელმწიფო“ სტატუსს იძენს

  15:34:44     06-04-2012

ცხინვალის რეგიონში, სადაც მუდმივად საუბრობენ ადგილობრივი ოსური ენის გაქრობის საფრთხეზე, რუსული ენა, ოსურთან ერთად, მთავარი ენა ხდება. ე.წ. პარლამენტმა,  რუსულს „სახელმწიფო ენის“  სტატუსი მიანიჭა. მანამდე კი, გასული წლის ნოემბერში, სეპარატისტებმა რეფერენდუმი ჩაატარეს, რომელშიც, როგორც ითქვა, რუსულისთვის ამ სტატუსის მინიჭებას მოსახლეობის 83,99% დაუჭირა მხარი.

ამდენად, ოკუპირებულ რეგიონს უკვე ორი „სახელმწიფო ენა“ აქვს - ოსურთან ერთად რუსულიც, თუმცაღა უკვე დიდი ხანია, რაც ცხინვალში რუსული ისედაც „მასობრივი“ ენაა, იმდენად, რომ როგორც ოსური ენის ადგილობრივი გულშემატკივრები ამ თემაზე წერენ ხოლმე, მშობლიური ენა მხოლოდ „ღრმა სოფლებშიღა ახსოვთ“. ახლა კი უკვე კანონი ხდის სავალდებულოს, ე.წ. სახელმწიფო უწყებებმა საქმის წარმოება რუსულ ენაზეც დაიწყონ.

თუკი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ადგილობრივი საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებიც ახერხებდნენ შეწინააღმდეგებოდნენ რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას, ამჯერად ე.წ. პარლამენტმა ის თითქმის ერთხმად მიიღო.

არადა თავის დროზე, და ამის შესახებ  „პრესა.ჯიც” წერდა, ზოგიერთი „დეპუტატი“ აცხადებდა, რომ თუკი ოსურთან ერთად რუსულსაც „სახელმწიფო ენის“ სტატუსი მიენიჭებოდა, ამით მათი მშობლიური ენა დაზარალდებოდა. ინტელიგენციამ კი ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და მიმართვაც გაავრცელა, რათა 2011 წლის 13 ნოემბრის ე.წ. არჩევნებთან ერთად დაგეგმილი რეფერენდუმი რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარებასთან დაკავშირებით, საერთოდაც არ ჩატარებულიყო. 

მათი არგუმენტაციები „იუნესკოს“ მონაცემებს ემყარებოდა, რომლის თანახმადაც ოსური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ენების სიაშია შესული.
„ასეთი (სახელმწიფო) სტატუსის შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით სრულად დავემორჩილოთ რუსულ ენას“ - აცხადებდნენ მიმართვის ავტორები. ისინი ვლადიმერ პუტინისთვის წერილის გაგზავნასაც აპირებდნენ. სავარაუდოდ, პუტინისთვის იმიტომ, რომ ხვდებოდნენ, - რუსულისთვის სახელმწიფო ენის მინიჭების საკითხი მოსკოვიდან თავსმოხვეული და კრემლის მორჩილი ადგილობრივი ჩინოვნიკების ინიციატივა იყო. ეს რომ ასეა, ამას ერთი ფაქტიც მოწმობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსულ ენას მხოლოდ „ოფიციალური ენის“ სტატუსს ანიჭებდნენ, ცხინვალში რუსეთის დუმის დეპუტატთა დელეგაცია ჩავიდა და კოკოითისაგან კატეგორიული ტონით მოითხოვა ახსნა-განმარტება რუსული ენის „დაბალ სტატუსთან“ დაკავშირებით.

სწორედ იმ პერიოდში, ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა,  ოსურის საერთოდაც რუსულით ჩანაცვლების იდეა წამოაყენა და განაცხადა, „რა საჭიროა ოსური ენა, როდესაც ისედაც ყველამ იცის რუსული?” ერთადერთი, რითიც ცხინვალელმა „დეპუტატებმა“ საკუთარი ენის წინაშე „ვალი მოიხადეს“, ისაა, რომ რუსულისთვის „სახელმწიფო ენის“ სტატუსის მინიჭების პარალელურად დაამტკიცეს „ოსური ენის შენარჩუნების, შესწავლისა და განვითარების“ 5-წლიანი პროგრამა, რაც თავისთავად ოსური ენის წინაშე მდგარ პრობლემებზე მიუთითებს.