
დავით ბაქრაძე: მეტოქეობის არ გვეშინია
14:24:31     06-04-2012
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე „ქრისტიან-დემოკრატების” მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მიესალმება, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება. სპიკერის შეფასებით, ინიციატივებით, ყველა ბარიერი იხსნება და არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ყველა ოპოზიციონერს ექნება. დავით ბაქრაძის მტკიცებით, მმართველ გუნდს, კონკურენციისა და მეტოქეობის არ ეშინია. პროექტს, რატომ ეწინააღმდეგება „ქარული ოცნება“ და რა გაგრძელება ექნება ინიციატივას? – „პრესა.ჯი“ პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრა:
– „ქრისტიან–დემოკრატების“ საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ გაეცანით და რა აზრის ხართ?
– ინიციატივას გავეცანი და მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებები, ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მისაღებია, ვინაიდან, როგორც პოლიტიკოსი და პარლამენტის თავმჯდომარე, ნებისმიერ ინიციატივას მხარს ვუჭერ, რომელიც დაგვეხმარება, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და გამჭვირვალე იყოს, მასში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პიროვნებამ და პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის გარკვეული ამბიცია გააჩნია. ჩვენ არ გვეშინია – კონკურენციისა და მეტოქეობის და პირიქით, ჩვენი ინტერესია, საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა ისე განვითარდეს და საქართველოში, ღია პოლიტიკური გარემო იყოს, სადაც პოლიტიკური შეჯიბრისა და კონკურენციის საშუალება იქნება. ამიტომ, ჩემთვის ეს ინიციატივა მისაღებია და ვფიქრობ, რომ წინადადებები, პრაქტიკულად, ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც ზოგიერთი, ჩვენი ოპონენტის, მოქალაქეობის სტატუსთან და არჩევნების პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს.
– თუმცა, გიორგი თარგამაძის ინიციატივას, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების „გაპრავებად“ აფასებს და წინადადებებს არ იზიარებს.
– სიმართლე გითხრათ, არ მესმის, მათთვის მიუღებელი რა არის. . . თუ მათ სურთ – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებში გამარჯვება, პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობების დაკავება – ჰა ბურთი და ჰა მოედანი. . . საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივებით, ყველა ბარიერი იხსნება და ყველა პრობლემა გვარდება. ოპოზიციაში ნებისმიერ კანდიდატს, მიუხედავად მისი სტატუსისა და მოქალაქეობისა საშუალება ექნება, არჩეული იქნეს – პარლამენტის წევრად, გახდეს – პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერ–მინისტრი. არ მესმის, მათ ინიციატივებთან დაკავშირებით, უარყოფითი დამოკიდებულება რატომ უნდა ჰქონდეთ? თუ მათ ტერმინს გამოვიყენებ, ხელისუფლებამ წინადადება „შემოაგდო“? – ამის დაბრალება, უბრალოდ, ლოგიკურ ფარგლებს სცილდება, რადგან ცუდია, რომ ვცდილობთ, ვიღაც ოპოზიციიდან პრემიერ–მინისტრი გახდეს? ერთადერთი, ჩვენი ინტერესია, რომ პოლიტიკური გარემო ღია იყოს და ყველას, ვისაც ამბიცია აქვს პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, ამისი საშუალება ჰქონდეს. ამ ინიციატივის ფასი და ღირებულება, ჩემთვის არის იმაში, რომ ის ყველას არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სიმართლე გითხრათ, ნეგატიური დამოკიდებულება ძალიან გაუგებარია იმ ინიციატივის მიმართ, რომელიც ვინმეს კი არ ზღუდავს, არამედ პირიქით, შეზღუდვებს უხსნის და თანამდებობისთვის ბრძოლის საშუალებას აძლევს.
– რუსულმა სააგენტოებმა, ინფორმაცია გაავრცელეს, რომ გუშინ, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ობამას კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეპირდა. საუბარი, მართლაც შედგა?
– ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის, ასეთი საუბარი არ შემდგარა და ამის თაობაზე, დამატებით განმარტებას პრეზიდენტის პრესსამასახური გააკეთებს, თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს არ არის სიენენ–ის ინფორმაცია, არამედ ეს არის სიენენ აი რეპორტის ინფორმაცია, რომელიც ღია ინფორმაციული ბლოკია, სადაც ნებისმიერ ადამიანს, თვითმხილველს შეუძლია ნებისმიერი რამ დაწეროს. ოდნავი ულტრირება, რომ გავაკეთო – როგორც თვითმხილველმა, შემიძლია დავწერო, რომ „დავინახე „რუსთავი 2“–ის ოპერატორმა „კავკასიის“ ჟურნალისტი როგორ შეჭამა“. ამ გვერდზე, პრეზიდენტებთან დაკავშირებით, ვიღაც თვითმხილველის კომენტარი იყო გამოქვეყნებული და მას, განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან ეს არ არის სიენენ–ის ინფორმაცია.