„ქართული ოცნების“ ნაძალადევი ბოდიში

  10:51:42     06-04-2012

მურმან დუმბაძე  ბიძინა ივანიშვილმა აიძულა, ქსენოფობიური განცხადებების გამო ბოდიში მოეხადა.  „ქართული ოცნების“ წევრმა მურმან  დუმბაძემ ღია ეთერში განაცხადა, რომ  „რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი მასალკინი გენით ქართველი არ არის და „მას საქართველო არ ესმის“.

დუმბაძის ეს განცხადება, მწვავედ შეფასდა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მხრიდან. გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე, საქართველოს სხვა მოქალაქეებსა და ეთნიკური წარმოშობით ქართველებს შორის, გარკვეულ ზღვარს ავლებს, რაც რბილად რომ ვთქვათ, დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მურმან დუმბაძეს აჭარაში „ქართული ოცნების“ სტრუქტურის ჩამოყალიბება დაავალა, ამის შესახებ არაფერი იცოდა. როცა ოლიგარქს ჰკითხეს, როგორ აფასებს თანაგუნდელის განცხადებას ივანიშვილმა უპასუხა:  როდის გააკეთა მან ეს განცხადება? არ მინახავს. თუ მართლა ასეა, შევხდები ბატონ მურმან დუმბაძეს და ამაზე პასუხს მოვთხოვ“.

„პრესა.ჯი“-მ გაარკვია, რომ ოლიგარქი დუმბაძეს არ შეხვედრია და ამ თემაზე მასთან საუბარს პირადად არ აპირებს. თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილმა  „ემსახურე საქართველოს“ ლიდერს, რომელიც ქსენოფობიურ განცხადებებს არცთუ იშვიათად აკეთებს, ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. 

 „პრესა.ჯი“ მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ამბობს, რომ მისი განცხადება არ ყოფილა არც ქსენოფობიური და არც დისკრიმინაციული. ეს იყო ემოციური განცხადება. რაც შეეხება ივანიშვილის რეაქციას ამ საკითხზე, დუმბაძე აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია და არც ტელეფონით უსაუბრიათ.

თუმცა, ოლიგარქმა პირობა დადო, რომ ის აუცილებლად შეხვდებოდა მურმან დუმბაძეს ამ საკითხზე სასაუბროდ. როგორც ჩანს, არც ბიძინა ივანიშვილს აქვს პრობლემა ამგვარ განცხადებებზე. ის კი ნათელია, რომ საერთოდ არ არის წინააღმდეგი ჰყავდეს გუნდში ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გენს უწუნებს და ამბობს, რომ მას არ აქვს რაიმე აზრის გამოთქმის უფლება (მაგალითაც ბათუმში აიზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ) რადგან მას ქართული გენი არ აქვს.