რუსეთის ოპოზიცია, 9 მაისს, ფაშიზმზე და პუტინზე გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება

  09:39:17     06-04-2012

რუსეთის ოპოზიცია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და ქუჩის საპროტესტო მუხტის დაცემის ფონზე, რუსეთის გრანდიოზულ გეგმას აწყობს. ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს, 6 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ მიტინგზე, რეკორდული რაოდენობის ადამიანების გამოყვანას გეგმავენ. ოპოზიცის იმედი აქვს, რომ მომიტინგეთა რაოდენობა დაჩდილავს დეკემბერში ბალოტნაიაზე და სახაროვის პროსპექტზე გამოსული ადამიანების რაოდენობას. ამასთან, ამ აქციას  „უკანასკნელ ბრძოლას“ უწოდებენ.

„ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ პუტინის მმართველობა არ იქნება უღრუბლო“ - ამბობს სახელმწიფო დუმის ოპოზიციონერი დეპუტატი ილია პონომარიოვი. ის დარწმუნებულია, რომ ამის დემონსტრირებას მილიონი თუ არა, ასობით ათასი ადამიანი მოახდენს.

ქალაქის მოსახლეობის გარდა, მოსკოვის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებიდან მასობრივად ჩამოსული ადამიანები. პონომარიოვი ამბობს, რომ ძალიან ბევრმა მოსკოველმა უკვე განაცხადა თანხმობა, რომ რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტები საკუთარ სახლებში განათავსონ.

ჯერ უცნობია აქციის ადგილი. ოფიციალური განაცხადი მერიაში არ შესულა. სავარაუდოდ, ოპოზიცია მიტინგის ჩატარებას კრემლთან ყველაზე ახლომდებარე ტერიტორიაზე აპირებს - რევოლოუციის ან მანეჟის მოედანზე.

პროტესტის მთავარი ლოზუნგი იქნება: „პატიოსანი, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის! რუსეთისათვის, - პუტინის გარეშე!“ და „არ შევუშვათ პუტინი კრემლში“.

კონკრეტული დეტალები ოპოზიციის სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ ცნობილი არ არის. თუმცა თუ სოციალურ ქსელებში განთავსებული მოწოდებების მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ისინი არა ერთდღიანი, არამედ ხანგრძლივი აქციებისთვის ემზადებიან, - იმ დრომდე, ვიდრე „უზურპატორი და ქურდი ნებაყოფლობით არ დატოვებს თავის პოსტს“.

„თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, გვაქვს შესანიშნავი შანსი, 9 მაისს ორი ბრწყინვალე გამარჯვება ვიზეიმოთ - ერთი ფაშიზმზე და მეორე - უზურპატორების მძარცველურ ხელისუფლებაზე“ - ასეთი შინაარსის მოწოდებები ვრცელდება სოციალურ ქსელებში.