ევა მენდესი – საოცრად გულწრფელი და სექსუალური

  07:01:38     05-04-2012

ევა მენდესი - მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი

სიმაღლე - 1.68 მ,

დაბადებული 1974 წლის 5 მარტს (თევზები, ამჟამად 38 წლის) კუბელი მიგრანტების ოჯახში. ჰყავს ორი და და ერთი ძმა.

დაბადების ადგილი: მაიამი, ფლორიდა, აშშ.

სულ -70 ფილმი

პირველი ფილმი - 1994 წ.

ბოლო ფილმი - 2012 წ.

”Revlon” სახე.

უკვე ნახევარ წელზე მეტია ხვდება რაიან გოსლინგს (Rayn Gosling), რომელიც მის ფილმოგრაფიაში ბოლო სურათის (The Place Beyond the Pines) გადაღებებისას გაიცნო. ბოლო დროს ყვითელი პრესა მათ შორის ურთიერთობის გაციებაზე წერს, მაგრამ მსახიობებს კვლავაც ხედავენ ერთად.

ფართო სტუდია თეთრი კედლებით ნიუ–იორკის ჩელსიში. ქუსლების კაკუნით და ასისტენტების თანხლებით ევა ზუსტად დათქმულ დროს ჩნდება მოედანზე. გრძელი ქიშმირის სვიტერი, კრემისფერი ლეგინსები, ჩექმები, კუდად შეკრული თმა — ესალმება გადამღებ ჯგუფს, ეცნობა, ყველას გადაკოცნის და სახელს იმახსოვრებს.

კამერის წინ – არანაირი ჭირვეულობა. სიტუაციის ბატონ–პატრონი ფოტოგრაფია. ევა დროდადრო ყურადღებით ათვალიერებს ფოტოებს, რაღაცაზე საუბრობს ფოტოგრაფთან და უკან ბრუნდება – პოზირებისთვის. როგორც ჩანს, თეთრეულსა და ტანსაცმელში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. მოდუნებულია, მაცდურად გამოიყურება. რბილი, მაგრამ ენერგიით სავსეა მოძრაობა ობიექტივს მიღმაც.

 „როგორი იქნება ჩემი დღე, იმაზეა დამოკიდებული, ვმუშაობ თუ ვისვენებ. მაგალითად, ახლახან კომედიაში („სხვა ბიჭები“, The Other Guys) დავამთავრე მუშაობა. ნიუ–იორკში იღებდნენ. როცა რომელიმე პროექტით ვარ დაკავებული,პრაქტიკულად არსად დავდივარ. რესტორანში სავახშმოდაც არ მივდივარ. ვცდილობ, მთლიანად საქმეზე გადავერთო: ვმუშაობ სცენარზე, ვვარჯიშობ საკუთარ თავთან – არ მინდა ყურადღება გამეფანტოს. როცა საქმე არაა, მეგობრებთან ვარ, მომწონს კონცერტებზე სიარული, ცოცხალი მუსიკა მიყვარს. კიდევ სწავლა მიყვარს. მაქვს ხატვის, სალსას და იტალიურის გაკვეთილები.

ჰოლივუდის ბორცვებზე ვცხოვრობ, დიდი ძაღლი მყავს – ბელგიური ნაგაზი მალინუა. ჩემი ოჯახი ჩემგან 15 წუთის სავალზე ცხოვრობს. ხშირად ვსტუმრობ.

ბავშვობაში უამრავი გეგმა, ჩანაფიქრი და ოცნება მქონდა. მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა, მდიდარი ვყოფილიყავი. უბრალოდ იმიტომ, რომ დედას დახმარება, მისთვის სახლის ყიდვა მინდოდა. ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება შემიძლია.

ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მე და დედას გვიკავშირდება. ცოტა ფული გვქონდა, მანქანა არასდროს გვყოლია, ყველგან ფეხით ან ავტობუსით დავდიოდით. სუპერმარკეტიდან დაბრუნებისას ჩანთის ერთი ხელი დედას ეჭირა, მეორე – მე, ასე მოვდიოდით სახლამდე.

დიახ, სასათბურე პირობებში არ გავზრდილვარ. მაგრამ ვცდილობ, უკან არ მივიხედო. როცა ჩემს კუბურ ფესვებზე ვფიქრობ, სიამაყით ვივსები. მეჩვენება, რომ 1950–იანების ჰავანის ცხოვრებაში მშვენივრად ვიგრძნობდი თავს.

ძალიან ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი. ჯონი დეპის პოსტერი მქონდა კედელზე. როცა გადაღებებზე მის პირისპირ აღმოვჩნდი (”ერთხელ მექსიკაში”), დაუჯერებლად მეჩვენებოდა.

ევა მენდესი – საოცრად გულწრფელი და სექსუალურითუ მსახიობი არ გავხდებოდი, ალბათ ინტერიერის დიზაინერი ვიქნებოდი. „ვხედავ და ვგრძნობ“ სივრცეს. მიყვარს იმაზე ფიქრი, როგორ უნდა შეცვალო, მიუსადაგო ძველი ახალს, იაფფასიანი ექსკლუზიურ ნივთებს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი ციცქნა ბინისგანაც შეიძლება საყვარელი სახლის გაკეთება.

სხვათა შორის, ჩემი გარდერობი ამ პრინციპს ესადაგება: რამდენიმე დოლარად შეძენილი სამოსი დიზაინერების კაბების გვერდით. მიყვარს მათი არევა.

ძალიან მომწონს Calvin Klein. მიყვარს Dior–ი. მომწონს ის დიზაინერები, რომლებმაც იციან, როგორ ჩააცვან ქალს. სწორედ ქალს – და არა მოდელს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიყვარს: Casadei, Giuseppe Zanotti Design და Louis Vuitton.

ვერ ვიტყვი, რომ ძვირფასეულობის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ არის ერთი მარკა Bochic — საოცარ სამშვენისებს აკეთებენ – დიდებს, ცოტა უხეშს, მაგრამ ძალიან... მიწიერს, მათში ხასიათი იგრძნობა. აი, ბრილიანტების მიმართ კი გულგრილი ვარ.

ფუფუნება კარგი მატრასი, კარგი ფეხსაცმელი და კარგი პალტოა. და კიდევ ყოველდღე დავდივარ მასაჟზე. ალბათ, ესეც ფუფუნებაა.

 

ყოველდღიური სამოსისთვის სტილისტი არასდროს გამომიყენებია. სხვადასხვა ღონისძიებისთვის კი სტილისტი რეიჩელ ზოე მაცვამს.

მე სექსუალური ლათინოამერიკელის სახის მორგება მიხდება – ვიწრო კაბები, გამოკვეთილი სხეული. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვანაირი ვარ.

სექს–სიმბოლო? ეს სასიამოვნო კომპლიმენტია. ქალური ვარ, მაქვს ფორმები, მაგრამ უფრო ლამაზ ხელებს ვისურვებდი.

ვერ ვიტან სპორტს. მაგრამ ვაიძულებ საკუთარ თავს. მიყვარს ჭამა, ამიტომ სატრენაჟორო დარბაზის ხშირი სტუმარი ვარ. ვგიჟდები პიცაზე! პიცა ყველთან და ცხარე პილპილთან ერთად... მის გარშე ცხოვრება არ შემიძლია. შემიძლია ყოველ დღე ვჭამო და არ მომბეზრდეს. რიტუალი მაქვს: როცა მორიგ ფილმზე მუშაობას ვამთავრებს, პიცას ვუკვეთავ – უზარმაზარ „მარგარიტას“ და ვჭამ. არანაირი დიეტური კოლა. მხოლოდ ჩვეულებრივი. საერთოდ საკვებთან მარტივი დამოკიდებულება მაქვს. მომწონს ჩემი ფიგურა. მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული მხოლოდ 20 წლის ასაკში ვისწავლე. მოზარდობისას ჩემი თავი არ მომწონდა.

სკოლის წლები 1980-იანებში იყო. არაფერი მომწონს იქიდან, რაც მაშინ მეცვა.

ჩემი პირველი პაემანი კატასტროფა იყო. სრული ჩავარდნა. უბრალოდ, ძალიან პატარები ვიყავით. არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ახლა, სიმართლე გითხრათ, არც ისე ხშირად დავდივარ პაემანზე. მაგრამ, ალბათ სიამოვნებით წავიდოდი ვინმესთან ერთად ცოცხალი მუსიკის მოსასმენად.

ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. კი არ ვარსებობ, ვცხოვრობ და ეს მშვენიერია!

”მადლობა” ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა ჩემს ცხოვრებაში. ყველა ადამიანმა უნდა იპოვოს დღეში რამდენიმე წუთი, რომ იმას უთხრას მადლობა, ვისიც სჯერა.

ჩემი ცხოვრების ფილოსოფია? – არ ავნო. ყოველთვის, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ, ვსვამ კითხვას: ხომ არ ვავნებ ვინმეს, საკუთარი თავის ჩათვლით. თუ პასუხია „კი“, ე. ი. კიდევ უნდა ვიფიქრო.

წყარო