„ფსბ“ უცხოელებზე „ნადირობს“ - ყველა მათგანში ჯაშუშს ხედავს…

  06:45:25     05-04-2012

რუსეთის „ფსბ“ უცხოელ მოქალაქეებზე „ნადირობს“. ქვეყნიდან აძევებენ ყველას, ვისაც საპროტესტო აქციების გვერდითაც კი ჩაუვლია. გამოცემა РБК daily-მ გაარკვია, რომ გაძევებას ექვემდებარებიან ისინიც, ვინც უკვე წლებია რუსეთში ცხოვრობს. „ფსბ“ ყველა უცხოელში ჯაშუშს ხედავს.

ასეთია, მაგალითად ფინეთის მოქალაქე ანტი რაიტიაინენუ. ის 33 წლისაა და უკვე თითქმის 13 წელია რუსეთში ცხოვრობს. იცის 5 ენა, მუშაობს პროგრამისტად და წერს დისერტაციას მათემატიკაში. ამასთან, მონაწილეობს რუსეთის  ანარქისტულ მოძრაობაში - „ავტონომიური მოქმედება“, რომელიც არასოდეს, არცერთი სასამართლოს მიერ არ გამოცხადებულა კანონგარეშე ან ექსტრემისტულ მოძრაობად.

ანტი რაიტიაინენი ამბობს, რომ „ფსბ“-ს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მოძრაობა აქტიურად ჩაერთო მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ზამთრის საპროტესტო აქციებში. გასულ კვირას კი მან საიმიგრაციო სამსახურიდან მიიღო წერილი შინაარსით, რომ აქვს 2-კვირიანი ვადა, რათა დატოვოს რუსეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ის „რუსეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“.

„თუ ისინი ჯაშუშად მთვლიან, გამოდის, რომ პატივს არ სცემენ ფინეთის სპეცსამსახურებს. უნდა ნახოთ, როგორ საერთო საცხოვრებელში ვქირაობ ბინას ან რა კაპიკებს შეადგენს ჩვენი მოძრაობის ბიუჯეტი“ - ამბობს რაიტიაინენუ.

გასულ კვირას, The New Times-ის ჟურნალისტს, მოლდოვას მოქალქე ნატალია მორარის უფლება მისცეს კვლავ შესულიყო რუსეთში. ის 2007 წლიდან პერსონა ნონ-გრატად იყო მიჩნეული. როგორც მისი მეუღლე, ჟურნალის შეფ-რედაქტორი ილია ბარაბანოვი ამბობს, ნატალიას დაბრუნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც The New Times-ის მთავარმა რედაქტორმა ევგენია ალბაცმა ეს საკითხი იანვარში, სოჭში მედვედევთან ჟურნალისტების შეხვედრის დროს დააყენა. თუმცა არც მაშინ და არც ახლა არავის აუხსნია მათთვის, რა იყო ნატალია მორარის რუსეთიდან გაძევების მიზეზი.

„გაირკვა, რომ იღებს რა ასეთ გადაწყვეტილებებს, „ფსბ“-ს შეუძლია არ ახსნას ისინი. მე მთელი 2008 წელი სასამართლოებში გავატარე… ადგებოდა ვიღაც ხმელ-ხმელი კაცი და იტყოდა: ეს არის რუსეთის „ფსბ“-ს პოზიცია. და სასამართლოც მის მხარეს იკავებდა.

სპეცსამსახურების მხრიდან დიდი ყურადღების ობიექტი გახდა კარინ კლემანი, ფრანგი სოციალისტი, რომელმაც მოსკოვში ინსტიტუტი „კოლექტიური მოქმედება“ დააფუძნა. ის საზოგადოებრივი პროტესტის მონიტორინგითაა დაკავებული. კლემანის ყოფილი თანამშრომელი ალექსეი ს. ყვება, რომ დააკავეს მიტინგზე, რომელსაც აშუქებდა, როგორც ჟურნალისტი. მან უთხრა, რომ იყო მოძრაობა „კოლექტიური მოქმედებების“ კორესპონდენტი. თუმცა, მაინც არ გაუშვეს და პირიქით, „ფსბ“-ში დარეკეს. „იქიდან კი მოვიდა  ჩეკისტი, რომელიც დამემუქრა. ამბობდა, რომ მე ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობას ვეწევი, ითხოვდა, ყველაფერი მომეყოლა ორგანიზაციის სტრუქტურასა და დაფინანსებაზე“ - ამბობს ალექსეი.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ჯერ საპარლამენტო, შემდეგ კი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, არა მარტო რიგითი უცხოელების, არამედ უცხოელი დიპლომატების მიმართაც კი „ხმამაღალი ეჭვიანობა“ დაიწყო. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთში აშშ-ის ელჩად  „ფერადი რევოლუციების სპეციალისტად“ წოდებული მაიკლ მაკფოლი დაინიშნა, ჯაშუშების ძებნა თვით სახელმწიფო დუმაშიც კი დაიწყეს. სულ ცოტა ხნის წინ, დუმის კომისიამ, სავარაუდოდ, ბოლო სხდომა მიუძღვნა ამ საკითხს და მკაცრად გაკიცხა ის დეპუტატები, რომლებიც რუსეთის ოპოზიციასთან ერთად თუ მის გარეშე მაკფოლის რეზიდენციას ან მის კაბინეტს ოდესმე მიჰკარებია.

თავად ამერიკის ელჩმა კი სულ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ნტვ“-ს  ჟურნალისტები მას მუდმივად დასდევენ, „სადაც არ უნდა წავიდე, „ნტვ“ იქაა. საინტერესოა, ვინ აძლევს მათ ჩემს განრიგს? საინტერესოა, რა კანონები არსებობს აქ ასეთი რამეებისთვის?“ - განაცხადა მაკფოლმა. მან ასევე დასძინა, რომ პრესას აქვს უფლება გადაიღოს ის, სადაც უნდა იყოს, მაგრამ აქვს თუ არა მას უფლება წაიკითხოს ჩემი email და მოუსმინოს ჩემს ტელეფონს?“ - განაცხადა მაკფოლმა.