ოლიგარქის სასწრაფო თათბირის დეტალები...

  16:06:15     04-04-2012

ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, ოლიგარქმა სასწრაფო თათბირი მოიწვია.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოსცა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე  2012 წლის 5 იანვარს წარადგინა.

საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას:

პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს  ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.

მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში“.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ამ განცხადების შემდეგ, ოლიგარქი განსაკუთრებულად ანერვიულდა და ამ წუთებში მიმდინარე თათბირზე პასუხს საკუთარი იურისტებისგან ითხოვს.

ივანიშვილმა, ამ წუთებში მიმდინარე თათბირზე,  ეჭვქვეშ დააყენა იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის, იურისტ ეკა ბესელიასა და სექსოლოგ-იურისტ არჩილ კბილაშვილის კომპეტენტურობაც.

„როგორ ვერ მიხვდნენ ამდენს?! რაში ვიხდი ფულს“ - გაჰყვირის ოლიგარქი და შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ექსპერტის, ოლიგარქების მართვა-მოწველის საკითხებში, გია ხუხაშვილის რჩევა-დირექტივებს ელოდება.

„ქართული ოცნებისა“ და კოალიციის წარმომადგენლები დიდი დილემის წინაშე დგანან:

ა) თუ მოუწოდებენ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ, ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, კიდევ ერთხელ ჩაიყენებენ თავს უხერხულ მდგომარეობაში, რადგან იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილით დასტურდება, რომ ივანიშვილს მოქალაქეობის მიღებისთვის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ბ) თუ ოლიგარქი „მიხვდება“ საკუთარი იურისტების შეცდომებს და შესაბამისად, დამატებით პროცედურებს გაივლის მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, გაუგებარი გახდება კოალიციის წევრების დაგინება-დაქადნება...

„ერთი გაბედონ და ბატონ ბიძინას მოქალაქეობა არ მისცენ...“ - იმუქრებოდა ცოტა ხნის წინ ირაკლი ალასანია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გახანგრძლივება, არა ხელისუფლების, არამედ, ოლიგარქის ბეცი იურისტების კისერზეა.

P.S: მოკლედ, ამ წუთებში  ოლიგარქი და მისი გარემოცვა იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ გამოასწორონ დაშვებული შეცდომები და ის სამარცხვინო 10 პროცენტი მაინც შეინარჩუნონ, რომელიც ამერიკული ორგანიზაციის მიერ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით აქვს „ქართულ ოცნებას“.