”თავდაცვის ეროვნული უმაღლესი კურსი”
11:30:08     04-04-2012
გუდაურში ”თავდაცვის ეროვნული უმაღლესი კურსი” დაიწყო. სემინარი ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრო ბარნოვმა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიგადის გენერალმა რიჰო ტერასმა გახსნეს.
კურსის მიზანი ფართო საზოგადოებისათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესების უკეთ გაცნობაა. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში საშუალება ექნებათ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, ექსპერტებთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილონ არსებული გამოწვევები და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. თეორიული ნაწილის პარალელურად დაგეგმილია სიმულაციურ კრიზისულ სცენარზე მუშაობა. კურსის ფარგლებში მონაწილეები ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისს”, ეროვნული თავდაცვის აკადემიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრებიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სემინარი ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. ”თავდაცვის ეროვნული უმაღლესი კურსი” საქართველოში პირველად ტარდება. ანალოგიური ფორმატის კურსი საფრანგეთში, ესტონეთში და სკანდინავიის ქვეყნებში რეგულარულად იმართება.
mod.gov.ge