აღაიანი (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)

  11:11:12     04-04-2012

სოფელი აღაიანი მდებარეობს კასპის რაიონში, მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეზე, კასპიდან 22 კილომეტრის მანძილზე.

ნინოწმინდის ეკლესია დგას თხოთის მთაზე (თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე), სოფლის სამხრეთ აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი, რომელიც IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. პირვანდელი ეკლესიის შემორჩენილი გვერდები (2-2,5 მ) ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-ოქროსფერი კვადრებით, წყობაში ნახმარია მომწვანო ტუფი, გვხვდება აგურიც. გადაკეთებისას ეკლესიისათვის გარედან ჯვრული გეგმა შეუნარჩუნებიათ, მხოლოდ გუმბათის ნაცვლად გადაუხურავთ ცილინდრული კამარით, რომელიც ხუთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გეგმაში თითქმის უცვლელადაა დატოვებული აფსიდი და დასავლეთ მკლავი. თავდაპირველი ჯვრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები შიგნიდან ს ამოშენებულია. გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული ცენტრალური ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ შვერილები - ცალფერდა სახურავით. ეკლესიაში შესასვლელი (არქიტრავული გადახურვით) ჩრდილოეთ მკლავიდანაა, სამხრეთ მკლავში შესასვლელი გაუქმებულია. ამავე მკლავის დასავლეთ მხარეს მდებარე შესასვლელი გვიანდელია. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ აფსიდშია, მეორე - სამხრეთ კედელში. ჩრდილოეთ მკლავში ვიწრო და თაღოვანი დერეფანია. სამხრეთისაში კი ნიშია ჩამოსაჯდომი შვერილით.

საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მოხატულობის ნაშთი შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის წირთხლებშიც და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა თარიღდება X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის პირველი მეოთხედით.

გარედან ეკლესიის მასები მკაფიოდ გამოხატავენ ჯვარს. აღმოსავლეთ მკლავის ფასადზე სარკმელი თაღოვანი სათაურითაა შემკული, მის ზემოთ თავდაპირველი ეკლესიის ქვებიდან შედგენილია ჯვარი. სამხრეთის ფასადის სარკმელი მორთულია თაღოვანი რელიეფური სათაურით, ხოლო შესასვლელი რელიეფური კომპოზიციის ტიმპანით. ამ შესასვლელს XVI საუკუნეში აგურით ნაგები თაღოვანი მინაშენი - კონტრფორსი მიადგეს. სამხრეთ ფასადზე X-XI საუკუნეების სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. დასავლეთ ფასადზეც მოგვიანებით მძლავრი კონტრფორსი მიუშენებიათ. აგურის კბილანა ლავგარდანი გვიანდელია.

წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (11,8 X 7,6 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებსა და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგური. შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული თაღოვანი შესასვლელები დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთითაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისაგან გამოყოფილია ხის კანკელით. დარბაზის თითქმის შუა ნაწილში ნახევარწრიული კამარის შეკიდული საბჯენი თაღია, რომლის მიმართ სიმეტრიულად, ქვემოთ, საფეხურით შეღრმავებული ორი თაღოვანი სათავსია. აღმოსავლეთ სათავსში შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის დასავლეთ კედელში, იატაკიდან სამი მეტრის სიმაღლეზე, ერთმანეთთან ახლოს სამი თაღოვანი ნიშია. შუა ნიშში, რომელიც დანარჩენებზე ფართოა, გაჭრილია კონქის ზედა სამალავში შესაძრომი ვიწრო ღიობი. ეკლესიის ფასადები შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. მის გვერდებზე თითო შეღრმავებული რომბია. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურიანი ლავგარდანით. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთ მხრიდან მიუშენებიათ აგურის კარიბჭე (3,8 X 2,8 მ), რომლის კუთხეებში მდგომ სწორკუთხა ბოძებს საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. კარიბჭეს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. კარიბჭეზე დაშენებულია პატარა სამრეკლო, რომლის ექვს ბოძზე დაყრდნობილი, თაღებით გახსნილი ფანჩატური გადახურულია აგურის ექვსწახნაგა პირამიდული სახურავით.

წყარო