
,,გაიშნიკმა“ ცაგარეიშვილმა მექრთამეობა ვერც პარლამენტში მოიშალა
14:52:26     03-04-2012
,,საქართველოს დემოკრატიული პარტიის ‘’ ყოფილი წევრისა და ყოფილი ,,გაიშნიკის“, გია ცაგარეიშვილისთვის ქრთამის აღება უცხო რომ არ არის, ცნობილია. თუმცა, როგორც გაირკვა, ცაგარეიშვილი, არა მხოლოდ ,,გაიშნიკობისას“ იღებდა ქრთამს. ძველი საქმიანობა, ვერც პარლამენტში შესვლის შემდეგ დაივიწყა.
ცაგარეიშვილის მექრთამეობის ამბავი, თანაპარტიელებისათვის, 2009 წლის აპრილში გახდა ცნობილი. პარტიის წევრების გადაწყვეტილებით, ეს ფაქტი, მაშინ არ გახმაურებულა, თუმცა მათი დაჟინებული მოთხოვნით, ქრთამის აღებაში ბრალდებული ცაგარეიშვილი, ,,საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ რიგებს თითქოს საკუთარი ინიციატივით გაემიჯნა.
როგორც „პრესა.ჯის“ სანდო წყარომ აცნობა, 2009 წლის აპრილში, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება, ცაგარეიშვილმა სწორედ იმიტომ მიიღო, რომ თანაპარტიელებმა ქრთამის აღებაში ამხილეს და მოსთხოვეს პარტიის რიგები დაეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მექრთამეობის ამბავი გახმაურდებოდა.
„პრესა.ჯის“ ინფორმაციით, ცაგარეიშვილი, რომელიც 2008 წელს შეწყალების საკითხთა კომისიის ერთ–ერთი წევრი იყო, ფოთში მცხოვრები ბებიების ოჯახს, პატიმარი შვილის შეწყალების სანაცვლოდ, 5000 დოლარს სძალავდა.
,,ბებიების ოჯახის ახლობელი, მათ პარტიაში უბრალო თანამდებობაზე მუშაობდა, ალბათ 50 წელს გადაცილებული ქალბატონი იყო. მას ბებიების ოჯახის ერთ–ერთმა წევრმა დახმარება სთხოვა, რადგან იცოდა, რომ მისი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი შეწყალების კომისიის წევრი იყო. შვილის შეწყალების სანაცვლოდ, ცაგარეიშვილმა შუამავალს ფული მოსთხოვა, რომელიც ბებიების ოჯახმა გამოუგზავნა კიდეც და მასთან ეს თანხა ნამდვილად მივიდა“ – აცხადებს „პრესა.ჯისთან“ საუბრისას მოვლენების უშუალო თვითმხილველი რესპოდენტი.
როგორც „პრესა.ჯის“ წყარო აღნიშნავს, ცაგარეიშვილის მექრთამეობის შესახებ პარტიის წევრებს სწორედ იმ ქალბატონმა აცნობა, რომელიც ცაგარეიშვილსა და ბებიებს შორის შუამავლობდა:
,,ცაგარეიშვილმა მათი პარტიის წევრ ქალბატონს, რომელიც ბებიების ნათესავი იყო, შეწყალების კომისიის დატოვების შემდეგ, თანხის შუაზე გაყოფა და გაჩუმება შესთავაზა, თუმცა ქალბატონს შეეშინდა და პარტიის სხვა ლიდერებს, ამ გარიგების შესახებ მოუყვა“ .
ცაგარეიშვილი შეწყალების კომისიის წევრი, 2008 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გახდა. 2009 წლის მარტის ბოლოს, მან შეწყალების კომისიაც დატოვა. 2009 წელს, 14 აპრილს კი მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როცა თანაპარტიელებმა ცაგარეიშვილს ძველი და ახალი ცოდვები ერთად შეახსენეს, პარტიის ლიდერის კაბინეტიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. როცა ჟურნალისტებმა ცაგარეიშვილს კამათის მიზეზი ჰკითხეს, ყოფილმა ,,გაიშნიკმა“ კონფლიქტის მიზეზად მისი და თორთლაძის განსხვავებული ინტერესები დაასახელა. აღნიშნა, რომ მას მიტინგზე გასვლა უნდოდა (2009 წლის 9 აპრილს დაწყებული აქცია ,,კარვების ქალაქი“), თორთლაძე კი მის შეხედულებებს არ იზიარებდა. არადა, სინამდვილეში, სწორედ იმ დღეს წყდებოდა მექრთამე ცაგარეიშვილის პარტიიდან გაგდების საკითხი.
პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი, ცაგარეიშვილმა მოგვიანებით პრესასთან საუბრისასაც წარმატებით შენიღბა: ,,ვისაუბრებ მხოლოდ იმ თემებზე და იმდენს, რის საშუალებასაც ზნეობა და მორალი მაძლევს. ჩემს, გია თორთლაძესა და პარტიის სხვა წევრებს შორის, არის ადამიანური ურთიერთობები, რომელიც წინა პლანზე წამოსაწევი არაა. სანამ ბატონი თორთლაძე უცხოეთში წაბრძანდებოდა, ვესაუბრე და პარტიიდან წასვლის შესახებაც მოვახსენე. ეს იყო დაახლოებით 28-30 მარტი. თორთლაძისა და იუსტიციის მინისტრის სახელზე შესაბამისი განცხადებაც მქონდა მომზადებული. თუმცა, მან მთხოვა, 9 აპრილამდე ეს არ გამეკეთებინა, რადგან გასარკვევი იყო პარტიის საბოლოო ორიენტირი: გადიოდა თუ არა 9 აპრილის აქციაზე. ერთ-ერთი წყალგამყოფი ეს თემაც გახდა. ამიტომაც, განცხადება მოგვიანებით გავაკეთე. არადა, 9 აპრილს ქუჩაში, ჩემი და გია თორთლაძის ამომრჩევლის 100% იდგება. მათი საპროტესტო განწყობები არ შეცვლილა, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი ადგილია იქ, სადაც ჩემი ამომრჩეველი და თანამოქალაქეები არიან. ვუერთდები მიტინგის სულისკვეთებას. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა არ მსურს მისი დამხობა. სწორედ ამ განცდით შემოვედი საქართველოს პარლამენტში. (2009 წლის 20 აპრილი ,,ვერსია“)
„პრესა.ჯი“ დაუკავშირდა გია ცაგარეიშვილს, რომელიც ჩვენმა კითხვებმა ძალიან გააღიზიანა, ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. გთავაზობთ ინტერვიუს:
– ბატონო გია, 2009 წელს, როცა პარტია დატოვეთ, აღნიშნეთ, რომ თქვენი და თორთლაძის პოლიტიკური ინტერესები არ ემთხვეოდა. ახლა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიზეზი თქვენს მიერ ქრთამის აღების ფაქტი გახდა და თანაპარტიელებმა გამხილეს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
– (დუმს) თქვენ ამას სერიოზულად მეკითხებით?
– დიახ, რადგან წყარო საკმაოდ სერიოზულია...
– თქვენ შეარჩიეთ აბა რა პასუხი უნდა გაგცეთ? მე მაინტერესებს, რამდენი წლის ბრძანდებით? მგონია არასრული განათლება გაქვთ, კითხვის ფორმურილებაზე გეტყობათ... სხვა შემთხვევაში ამ კითხვას არ დამისვამდით....
– ეს ჩემი მოგონილი ამბავი არ არის, საკმაოდ სერიოზული წყარო გვყავს და მისი ასაკი თუ გაინტერესებთ, ჩემზე გაცილებით ასაკოვანია... თუ შეიძლება კითხვის ირგვლივ ვისაუბროთ, ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს?
– რა ფაქტს?
-როცა შეწყალების კომისიის წევრი ბრძანდებოდით, ბებიების ოჯახისგან აიღეთ თუ არა ქრთამი?
-ვისგან ავიღე ქრთამი? ბებიებისგან? ვინ არის ბებია? აღარ დამირეკოთ ამ კითხვით...
,,საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ წევრებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „პრესა.ჯის“ წყაროს ცნობით, პარტიიდან წასვლამდე ცაგარეიშვილმა პარტიის წევრებთან დანაშაული აღიარა. ქრთამის სახით მითვისებული თანხა, პარტიის ყოფილი წევრების მოთხოვნის შემდეგ, ბებიების ოჯახს უკან დაუბრუნა. რეპუტაციაშელახულმა ,,გაიშნიკმა“ თანაპარტიელებს სიტყვა ჩამოართვა, რომ მისი მექრთამეობის შესახებ, საჯაროდ არ ისაუბრებდნენ.