სიკო ფაშალიშვილის „ჩემი გვარის მოსაგონად“

  11:23:46     03-04-2012

ცნობილი ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, სიკო (სვიმონ) ფაშალიშვილი დაიბადა 1894 წლის 6 ნოემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ მაჩხაანში.

მწერლის მამა, ილია ფაშალიშვილი, ღარიბი გლეხი იყო, დედა, სოფიო ბეგიაშვილი, ოჯახისა და შვილებისათვის თავდადებული დიასახლისი. ილიას და სოფიოს რვა შვილი ჰყოლიათ - სამი ვაჟი და ხუთი ქალი. ბავშვებს ადრეული ასაკიდან უწევდათ მძიმე ფიზიკური მუშაობა. შვილების სწავლა-განათლებისათვის ოჯახს სახსრები არ ჰქონდა. მშობლებმა მხოლოდ წერა-კითხვა იცოდნენ.

სამაგიეროდ მამა ძალიან მუყაითი კაცი ყოფილა, „ხნავდა, ბარავდა, მკიდა, იბრძოდა წერაქვით თუ ეჩო ხერხით. საქმეს მუდამ წინ იმძღვარებდა და თანაც ცხოვრებას თავს ისე ართმევდა, პოულობდა დროს ჩონგურზედაც ტკბილად დაემღერა, ან შაირების „ამოღებით“ გული გაეხალვათებინა თანამყოფთათვის"- წერდა პოეტი.

რვა წლის ასაკიდან მომავალი პოეტი მეხრეობას ეწეოდა, წელიწადში 12 მანეთად დაიქირავა მეზობელმა მოჯამაგირედ. „გლეხს მიწა ბევრი ჰქონდა, საქონელი და მოსავალი საკმაოდ იყო და თითოეული გლეხი ცდილობდა შვილი გამოეზარდა მეურმედ, მეგუთნედ, მწყემსად. მამაჩემიც ასე მიპირებდა..." 

ბევრი ეცადა მომავალი პოეტი და თავისას მაინც მიაღწია, სკოლაში მიაბარეს. „სკოლაში
პირველ მოწაფედ გავხდი. შემდეგ მასწავლებელმა ეჭვი შეიტანა ჩემში, რომ მე, ალბათ, სხვა სკოლაში ნასწავლი ვიყავი... დაიბარა მშობელი, გამოიძია და როდესაც დარწმუნდა, განსაკუთრებული ინტერესით დამიწყო მოპყრობა... სულ მოკლე ხანში მეორე განყოფილების მოწაფეების გაკვეთილებს ვაბარებდი და შუა ზამთარში მეორე განყოფილებაში ამოვყავი თავი" - წერდა მერე მწერალი. ორწლიანი სკოლა ერთ წელიწადში დაასრულა.

ისევ მეხრეობას დაუბრუნდა მამის სურვილით. მერე მოჯამაგირედ გაუშვეს, მისივე თხოვნით, რათა წიგნებთან ახლოს ყოფილიყო - სკოლაში. შემდეგ დიმიტრი მაჩხანელის ძმის, ვასილ ნადირაშვილის ოჯახში დადგა მოჯამაგირედ, სადაც კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდათ... ბედმა გაუღიმა და მაჩხაანის კულტურის სახლში გამართულ აკაკის იუბილეზე ორი ლექსი წარმოსთქვა... ხალხს მოეწონა და შეაქეს... იმ დღიდან ლექსების წერა დაიწყო.

1909 წელს, სანდრო შანშიაშვილისა და იოსებ გრიშაშვილის დახმარებით, განახლებულ „ივერიაში“, სიკო ფაშალიშვილის პირველი ლექსი, „ივერია“ დაიბეჭდა. მაშინ 15 წლისა იყო პოეტი. 1910 წელს  გადმოსახლდა ტფილისში და გაზეთების დამტარებლად დაიწყო მუშაობა. ძალიან უჭირდა მატერიალურად, მაგრამ მაინც მოახერხა და  გაიარა საშუალო სასწავლებლის კურსი სკოლისგარეშე განათლების წესით. “ამ საქმეში დიდი დახმარება გამიწია აკაკი წერეთელმა, კიტა აბაშიძემ, ვახტანგ ორბელიანის ასულმა (მარიამ ორბელიანმა), ნინო ყიფიანმა და სხვებმა" - წერდა პოეტი. აკაკის ინიციატივით სკოლიგარეშე მუშაობის წესით მეცადინეობისას სიკო ფაშალიშვილს, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას, დაუნიშნეს სტიპენდია. უნდოდა სწავლის გაგრძელება. ქართულ პრესაში ბეჭდავდა ლექსებს, სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებებს, თარგმანებს.

1917 წელს გამოვიდა სიკო ფაშალიშვილის ლექსების პირველი კრებული „ჩანგი". 1918 წელს, ოცნება აუხდა და ჩააბარა ახალგახსნილი ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.

სიკო ფაშალიშვილმა დაწერა სცენარი კინოფილმისათვის „ქეთო და კოტე“, ასევე პიესები „ჩაჩანაკი კაკანათში“, „საიქიო“, „თავის სიზმარში მეგონა“ და სხვა. გამოსცა ლექსების რამდენიმე კრებული.

სიკო ფაშალიშვილს თარგმნილი აქვს გოეთეს, მიცკევიჩის, პუშკინის, შევჩენკოსა და სხვების ლექსები, აგრეთვე შექსპირის, ლოპე დე ვეგას, გრიბოედოვის პიესები.

სიკო ფაშალიშვილი გარდაიცვალა 1970 წლის 17 მარტს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ მის ლექსს „ჩემი გვარის მოსაგონად“. ლექსი ძალიან საინტერესოა, ჩანს პოეტის ნიჭი, განათლება და მითოსური აზროვნება. იმ დროს, 1922 წელს ამგვარი ლექსის გამოქვეყნება ძალიან სახიფათო იყო, რადგან პოეტი დამარცხებად მიიჩნევს ტაბახმელასა და კოჯრის ბრძოლების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემას... ავტორი ქართველთა უძველეს ფესვებზე გვესაუბრება... მისი აზრით, ყველა ქართული გვარი კეთილშობილურია: „გვარის ღერბებით არ ვამაყობ, თუმც ვარ ჯიშიან გადმოსახლებულ წინაპართა შთამომავალი!“. წარსულში დამარცხებებისაც არ ეშინია: „არაფერია, ბედმა იცის სამაგიერო, ვინ გადაჰყვება შუბლგაცვეთილ საუკუნეებს“. და რაც მთავარია, ის პროფეტული ოპტიმიზმით უცქერს სამშობლოსა და თავისი უძველესი გვარის მომავალს, როცა „სივრცეები აივსება ღმერთის ძახილით“.

ჩემი გვარის მოსაგონად

მე გადმოვყევი ევფრატიდან მოსულ ქარავანს
და მთვარის ტახტზე ვლოცულობდი არმაზ-გოლიათს. –
გამცვითა ჟამმა, ოქრომკედში დღეს აღარა ვარ
და პაპის ჯიღა მამელუკებს თან გაჰყოლიათ.
მე, როგორც რგოლი გაწყვეტილი ჯინჯილებისა,
გადმომისროლა საუკუნემ ხელით კეთილით,
დღეს სხვა ღმერთი მწამს, ვარ ჰერეთის დინჯი ნებისა
და პოეზიის მაღალ ცეცხლში ვარ ჩაკეტილი.
ჩემი სიჩუმის ოაზისში ვიწვი მითებით
და რითმებში ვთვლი გარდაცვლილი ღმერთის სახელებს,
ფიქრებში მძიმედ გროვდებიან დინამიტები
და გარიჟრაჟზე, როს მზე მიწვდის ანთებულ ხელებს -
სულში ნაღმების აფეთქება და ვარჯიშია;
ვცილდები წარსულს და მახარებს გზა მომავალის,
გვარის ღერბებით არ ვამაყობ, თუმც ვარ ჯიშიან
გადმოსახლებულ წინაპართა შთამომავალი!
ბევრჯერ ბრძოლაში დამკეპია აბჯრის ბალთები.
გადამიბუგავს მტრის ნახნავში სამკალ-სათიბი, -
მაგრამ კრწანისი, ტაბახმელა, კოჯრის კალთებიც
ხშირად მინახავს ალუბლისფერ სისხლის ქათიბით...
არაფერია, ბედმა იცის სამაგიერო,
ვინ გადაჰყვება შუბლგაცვეთილ საუკუნეებს;
დღეს მინდა მხოლოდ გრძნობის ცეცხლი გავაძლიერო:
ძვირფასი ლექსი სულს დიდებას კვლავ დაუბრუნებს.
და როცა ჟამი დასამხობად გადმოიხრება
და სივრცეები აივსება ღმერთის ძახილით,
მაშინ ჰანგებად ჩემს ძველ გვარში გადმოიყრება
მზის ჟინჟილები და ბეჭდები ჩემი სახელით.

1922 წელი