სტალინის ფოტოებიანი სასკოლო რვეულები რუსეთის მოსწავლეებისათვის

  21:45:30     02-04-2012

რუსეთის საზოგადოებრივი პალატა აღშფოთებულია. ცოტა ხნის წინ, პროექტის - „რუსეთის დიდებული სახეები“ - ფარგლებში, გაყიდვაში გამოვიდა სტალინის გამოსახულებიანი სასკოლო რვეულები.

„მე არ მინახავს ეს რვეულები, მაგრამ თუ ეს მართლია, ეს სიველურეა, რადგანაც როგორც არ უნდა აღვიქვათ მისი პიროვნება, არავის გაუუქმებია ფაქტი, რომ სტალინის დროს ადამიანების უდიდესი რაოდენობა დაიღუპა. თუ სკოლის მოსწავლის რვეულზე ამ ადამიანის სურათი აღმოჩნდება, ეს იგივე იქნება, რაც ჰიტლერის სვასტიკის გამოსახულება. თუ ასეთი სახით სურთ მასობრივ შემეცნებაში ძლიერი ხელის სახე აღადგინონ, მაშინ, ეს რაღაც ლოზუნგია და  მე ამას შევეწინააღდეგებოდი“ - განაცხდა გამოცემა „ლიტერიტურის“ რედაქტორმა და საზოგადოებრივი პალატის წევრმა სერგეი ვოლკოვმა.

ადრე სტალინის გამოსახულება სანკტ-პეტერბურგის საზოგადოებრივ ტრასნპორტზეც გამოჩნდა. ამის საფასური ვინმე ვიქტორ ლოგინოვმა გადაიხადა. ის წელსაც აპირებს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, იგივე გაიმეოროს ყოფილი სსრკ-ს დიდ ქალაქებში, მათ შორის, ტალინში, სადაც ქალაქის მერმა ლოგინოვის სურვილების აღსრულებაზე კატეგორიული უარი უკვე განაცხადა.

„სტალინის-ყდიანი“ რვეულები რეკლამა და პოპულარიზაციაა საბჭოთა დიქტატორისა, ასე მიაჩნია რუსეთში უმრავლესობას, ვინც მაღაზიების დახლებზე მოოქროვებულ ყდაში ჩასმული სტალინი იხილა.

რვეულები კომპლექტში იყიდება და სტალინის გარდა მათზე გამოსახულია იმპერატრიცა ეკატერინა მეორე, აკადემიკოსი კოროლიოვი, მთავარსარდალი კუტუზოვი და კომპოზიტორი რახმანინოვი. რვეულის ბოლოსწინა გვერდზე კი თითოეულის ცხოვრებაა აღწერილი: სტალინის ფოტოები მაქსიმ გორკისთან ერთად, გულაგის ფოტოები - პატიმრები და საგუშაგო კოშკები, სტალინური რეპრესიების შესახებ  მოთხრობილიცაა… თუმცა ყველა ამ უარყოფით მომენტს აგვირგვინებს ის, რომ სწორედ სტალინის დროს მიაღწია საბჭოთა არმიამ სიძლიერეს, რის შედეგადაც ჰიტლერის აგრესიის მოგერიება გახდა შესაძლებელი.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს ჩუმი პროპაგანდაა და რვეულების სავაჭრო ქსელიდან ამოღებას მოითხოვენ, თუმცა კომპანია „ალტი“ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. აქ მიაჩნიათ, რომ რუსი ბავშვები კარგად უნდა იცნობდნენ არა მარტო სტალინს, არამედ ლენინსაც. საგამომცემლო კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი რვეულების დაბეჭდვის იდეა მაშინ გაუჩნდა, რომ მასთან მისულმა სტაჟიორმა სურათზე გამოსახული ლენინი ვერ იცნო, რამაც ის ძალიან აღაშფოთა.

როგორც ანალიტიკური „ლავადა-ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევ გუდკოვი ამბობს, ბელადის რეაბილიტაციის მცდელობა ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდებისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო. ექსპერტების თქმით, რუსეთის მოსახლეობაში, ეს, „ზოგადად, დიქტატორის, მაგრამ ძლიერი და გამარჯვებული დიქტატორისადმი სიყვარულის გაღვივების“ მცდელობაა.